აზია

ჩინელი მოზარდები სწავლისა და გამოცდებისგან გამოწვეული სტრესის გამო, „რეალობისგან თავის დასაღწევად“ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იღებენ

ამაგდარი – 14 წლის ასაკში, *ქსიაომეიმ, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე გოგონამ, ჩინეთის სანაპირო პროვინციიდან, გადაწყვიტა ხველების წამლის გადაჭარბებული დოზა მიეღო. 

მას სურდა უფროს ბიჭზე შთაბეჭდილების მოეხდინა, რომელმაც უთხრა, რომ ეს მოდუნებაში დაეხმარებოდა. ტაბლეტები, როგორც წესი, მხოლოდ ექიმის რეცეპტით იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ მან მათი ონლაინ შეძენა მოახერხა.

თავიდან გოგონამ აღმოაჩინა, რომ ეს ტაბლეტები ოდნავ თავბრუსხვევას იწვევდა. თუმცა, მალევე მსუბუქ გაბრუებაზე დამოკიდებული გახდა, რაც მისთვის მოახლოებული გამოცდების სტრესისგან ხანმოკლე შესვენებას ჰგავდა. აღსანიშნავია, რომ დიდი დოზებით მიღებისას, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის ჰალუცინაციები და კოორდინაციის დარღვევა.

საბოლოოდ, მან სოციალურ ქსელის სასაუბრო ჯგუფებში რეკომენდებული სხვა მედიკამენტები სცადა. ზოგიერთი მათგანი ტკივილგამაყუჩებელი ან ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ზოგჯერ ხუთ ტაბლეტს იღებდა. ზოგჯერ კი 10-ზე მეტს სცდიდა, რათა სხვადასხვა პრეპარატის ეფექტი ეგრძნო.

ორი წლის განმავლობაში ის დიდი რაოდენობით იღებდა სხვადასხვა რეცეპტით გასაცემ წამლებს. არცერთი მათგანი არ იყო დანიშნული მისთვის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრისთვის. ის ყველაფერს ინტერნეტით ყიდულობდა.

„როდესაც სწავლისგან ძალიან დიდ ზეწოლას ვგრძნობდი, ან გამოცდებზე კარგ შედეგებს ვერ ვდებდი, ან თუნდაც მშობლებთან ჩხუბის დროს, ამ ნარკოტიკებს ვიღებდი“, – განუცხადა მან BBC-ს. „რეალობას გავურბოდი“.

BBC-მ მსგავსი ისტორიები ათობით ჩინელი მოზარდისგან მოისმინა სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმების სასაუბროებში. როგორც ჩანს, თითქმის ყველა მათგანი ერთი და იგივე რამისგან თავის დაღწევას ცდილობდა: ზეწოლისგან. ისინი ამას აკეთებდნენ „ფარმაცევტული ნარკოტიკების“ მეშვეობით.

ერთმა გოგონამ ნეიროპათიული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის დიდი დოზების მიღების შემდეგ ხმოვანი ჩანაწერი გააზიარა. მისი სიტყვები ბუნდოვანი და ძნელად გასაგები იყო: „ვგრძნობ, რომ ჩემი სხეული ჩემი არ არის. თავბრუ მეხვევა“.

„უბრალოდ დაიძინე“, – ისმის რჩევა. „ხვალ კარგად იქნები“.

ერთმა ბიჭმა შესთავაზა მამამისის ძველი რეცეპტის გამოყენება იმავე წამლის გასაყალბებლად.

ზოგიერთმა ურჩია: „თუ გსურთ ჰალუცინაციები, შეგიძლიათ უბრალოდ შეიძინოთ… ეს ჯერ არ არის კონტროლირებადი“, – ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი და გვთავაზობს პრეპარატს, რომელსაც პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანები კანკალის კონტროლისთვის იყენებენ. ჭარბი დოზით, მას შეუძლია გამოიწვიოს დაბნეულობა ან თუნდაც დელირიუმი. (რდაქციის შენიშვნა: დელირიუმი არის ტვინის ფუნქციის სერიოზული, უეცარი ცვლილება, რომელიც იწვევს ძლიერ დაბნეულობას, სიფხიზლის ცვლილებებს და არაორგანიზებულ აზროვნებას).

„რომელი საკვანძო სიტყვა უნდა გამოვიყენო ონლაინ პლატფორმებზე მის მოსაძებნად?“ – კითხულობს სხვა მომხმარებელი.

პრობლემის მასშტაბის შეფასება რთულია, რადგან ოფიციალური მონაცემები მწირია.

ჩინელი სტუდენტები დღის დიდ დროს ატარებენ სწავლაში, რაც ექსპერტების აზრით, მხოლოდ ზრდის მათ შფოთვას.

თუმცა, ეს იმდენად სერიოზულია, რომ მთავრობამ ორი წლის წინ ქვეყნის მასშტაბით დაიწყო რეპრესიები ხველის დამთრგუნველი საშუალების წინააღმდეგ, რომლის გამოყენებაც სიაომეიმ დაიწყო, კლასიფიცირებით, როგორც ფსიქოტროპული პრეპარატი, რომელიც მხოლოდ ექიმის რეცეპტით იქნებოდა ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. ამან ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეძენა გაცილებით გაართულა.

შემდეგ, 2026 წლის აპრილში, ხელისუფლებამ შენიშნა, რომ ახალგაზრდები სხვა პრეპარატზე გადავიდნენ და უფრო მკაცრი კონტროლი დააწესეს აფთიაქებში მისი დანიშვნისა და გაცემის წესებზე. მიუხედავად ამისა, BBC-ს ონლაინ სასაუბრო სივრცეში პრეპარატი მხოლოდ 10 ჩინურ იუანად (1.5 აშშ დოლარი; 1.09 ფუნტი) შესთავაზეს – 1 გრამის ღირებულება.

„არარეგულირებადი ნივთიერებების შეძენა მარტივია და მაშინაც კი, როდესაც ერთი ნარკოტიკი ხელისუფლების მიერ კონტროლდება, ახალგაზრდები სწრაფად პოულობენ ალტერნატივებს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროსთან არსებული დანაშაულის პრევენციის ინსტიტუტისთვის 2025 წელს დაწერილ ნაშრომში.

სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ახალგაზრდები ზეწოლისა და შფოთვის დასაძლევად რეცეპტით გაცემულ მედიკამენტებს მიმართავენ.

ამიტომ, ჩინეთში იაფფასიან რეცეპტურ მედიკამენტებზე მარტივი წვდომა, ალბათ, გასაკვირი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ მას მსოფლიოში ფარმაცევტული ინგრედიენტების აბსოლუტურ უმრავლესობას აწარმოებს.

როდესაც სიაომეის ხველის დამთრგუნველი საშუალების ყიდვა სურდა, მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით მიაწოდეს მედიკამენტის მთელი კოლოფი მის კართან, ამბობს ის. „თქვენ შეგეძლოთ უბრალოდ შეგეყვანათ თქვენი პირადობის ნომერი სავაჭრო პლატფორმებზე და პირდაპირ შეგეძინათ“.

პირადობის მოწმობაში, რომელიც ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერია, მისი ასაკია მითითებული, თუმცა ის ამბობს, რომ ნარკოტიკი მაინც მიჰყიდეს ყოველგვარი კითხვების გარეშე. ის ასევე იაფიც იყო – ხშირად 50 ტაბლეტი ერთ დოლარზე ნაკლები ღირდა.

ქაღალდზე ჩინეთი ნარკოტიკებთან ომს იგებს. 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით, 35 წლამდე ასაკის ახლად გამოვლენილი ნარკომომხმარებლების რაოდენობა მკვეთრად – 41%-ით შემცირდა.

თუმცა, ხელისუფლებას მოუწია იმის აღიარება, რომ რეცეპტით გაცემული მედიკამენტების ბოროტად გამოყენება ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება. ჩინეთის ეროვნული ნარკოტიკების კონტროლის კომისიის ბოლოდროინდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ის განსაკუთრებით არასრულწლოვანთა შორის იზრდება.

მოსწავლეები ყოველწლიური საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების წინ სტრესის მოსახსნელად იოგას ვარჯიშობენ

სიაომეი ამბობს, რომ მის ქიმიის ელიტარულ კლასში ბევრი მოსწავლე განიხილავდა რეცეპტით გასაცემი წამლების დოზის გადაჭარბებით მიღების გზებს, რათა „სრული წაგებულის“ შეგრძნებისგან გათავისუფლებულიყვნენ.

„უბრალოდ ძალიან რთულია გამოცდების ჩაბარება და ელიტარულ კლასებში დარჩენა. ჩვენს სკოლაში ელიტარული კლასები გამორიცხვის სისტემით ფუნქციონირებენ; თუ აკადემიური ქულები დაგიქვეითდებათ, კლასიდან გაგდებენ. როდესაც ვერ ახერხებთ გამოცდაის ჩაბარებას, თავს წარუმატებლად გრძნობთ და გჯერათ, რომ ცხოვრებაში არანაირი შანსი არ გაქვთ.“

ზეწოლის ნაწილი მშობლებისგან მოდის, რომლებიც შვილს მომავლის ერთადერთ იმედად მიიჩნევენ, ამბობს ცნობილი ჩინელი სოციოლოგი და მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, სიან ბიაო.

„ერთი შვილის პოლიტიკის“ გამო, რომელიც ათწლეულების შემდეგ 2016 წელს დასრულდა, ბევრ ოჯახს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს, რომელზეც ისინი ყველანაირ მოლოდინს ამყარებენ, დასძენს ბიაო.

„ჩინელი მოზარდებისგან განმასხვავებელი ფაქტორი მათი იზოლირებული გარემოა. ისინი სკოლაში სულ მცირე 9 ან 10 საათს ატარებენ. მათ ძალიან ცოტა შანსი აქვთ სოციალური ურთიერთობების განვითარების, ძალიან ცოტა შესაძლებლობა აქვთ, თავად ნახონ, როგორია სინამდვილეში ცხოვრება.“

ექსპერტების თქმით, ზეწოლას ზრდიან მშობლები, რომლებიც შვილს მომავლის ერთადერთ იმედად მიიჩნევენ.

უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ის ხედავს კავშირს რეცეპტით გაცემული წამლების ბოროტად გამოყენებასა და თვითდაზიანების ზრდას შორის. მაგალითად, BBC-მ შენიშნა, რომ ჩატის ბევრ ოთახში ახალგაზრდები ერთმანეთს მოუწოდებდნენ, „რაღაცის შესაგრძნობად“ თავი დაეჭრათ. (რედაქციის შენიშვნა: ჩატის ოთახი არის ვირტუალური სივრცე ინტერნეტში, სადაც რამდენიმე მომხმარებელს შეუძლია რეალურ დროში აკრეფილი შეტყობინებების გაგზავნა და წაკითხვა).

როდესაც უაღრესად კონკურენტული საშუალო სკოლის მისაღები გამოცდები ახლოვდებოდა, სიაომეიმ სხვა ნარკოტიკი სცადა, რათა შფოთვის ჩასახშობად გზები ეძებნა.

„მაგრამ ჩემი მეხსიერება სწრაფად გაუარესდა“, ამბობს ის. „მე არაფერი მახსოვდა მკაფიოდ და მუდმივი თავბურსხვევა მქონდა“.

პრეპარატი, როგორც წესი, ეპილეფსიური კრუნჩხვების კონტროლისთვის ინიშნება და ნეიროპათიული ტკივილგამაყუჩებლის სახით მოქმედებს. როდესაც სიაომეიმ ერთ-ერთ ჩატ ჯგუფში გვერდითი მოვლენები აუხსნა, მათ სხვა პრეპარატი შესთავაზეს, რომელიც ტკივილგამაყუჩებლად გამოიყენება. ის ამბობს, რომ ამან გარკვეული შვება მოუტანა, მაგრამ მალე უფრო მაღალი დოზები დასჭირდა.

მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარებამდე რამდენიმე თვით ადრე, ის ძალიან შორს წავიდა.

მან 50 ტაბლეტი მიიღო და პანიკაში ჩავარდა. „მეშინოდა, რომ რამე სერიოზული მომხდარიყო, მაგრამ არ მინდოდა კუჭის ამორეცხვა. ამიტომ მინდოდა დავლოდებოდი, სანამ მშობლებს ვეტყოდი“.

მაგრამ ის იმდენად ცუდად გახდა, რომ აღიარება მოუწია.

მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, მიეღოთ არსებული მდგომარეიობა და მოესმინათ მისთვის.

„ისინი ძირითადად გამოხატავდნენ, თუ რამდენად გულდასაწყვეტი იყო ჩემი ასეთ მდგომარეობაში დანახვა. არ მლანძღავდნენ და არ მაკრიტიკებდნენ. მათი მიდგომა მსუბუქი იყო.“

მისთვის ამან ყველაფერი შეცვალა.

„ბევრი ბავშვი დიდ ყურადღებას იღებს, მაგრამ ისეთი ყურადღება, როგორიც მათ სურთ, არის ის, რომ ჰკითხონ, როგორ გრძნობენ თავს. გრძნობენ თუ არა თავს მარტოსულად ან სტრესულად? ხშირად ჩინეთში მშობლები უგულებელყოფენ ამას და ამბობენ, რომ უბრალოდ უფრო ძლიერი უნდა იყო“, – ამბობს ბიაო.

„ჩინურ საზოგადოებაში ძალიან ხმამაღალი განგაში ისმის. ზრდასრულებმა უნდა გადახედონ, თუ როგორ უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი მოზარდის მიმართ. ოჯახთან ერთად ღია საუბარი – ეს, ალბათ, ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ნაწილია.“

ექსპერტების აზრით, სწორედ აქ დევს ნამდვილი ბრძოლის გასაღები. რეცეპტით გაცემული მედიკამენტების ონლაინ გაყიდვების ჩახშობის ნაცვლად, მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რაც შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისად იქცეს, ამბობენ ისინი.

2023 წელს, ჩინეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის „ლურჯი წიგნისთვის“ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თითქმის 95 მილიონი ადამიანი იტანჯებოდა დეპრესიით და მათგან 30%-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის იყო.

ჩინეთში კონკურენტული გამოცდები მოზარდების ცხოვრების რეგულარული ნაწილია.

ჩინეთის მთავრობამ აღიარა მოზარდებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის აუცილებლობა. ეს გეგმები მოიცავს კონსულტაციის ოთახებს ყველა სკოლაში, ფსიქიატრიულ სერვისებს ყველა ოლქის სულ მცირე ერთ საავადმყოფოში და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების რაოდენობის ზრდას. მიზანია 2030 წლისთვის ფსიქოლოგიური დახმარებისა და კრიზისული ჩარევის ეროვნული სისტემის შექმნა.

ჯერჯერობით ისინი საკმაოდ წარმატებულები არიან. სახელმწიფო საბჭოს მონაცემებით, დაწყებითი სკოლების 92%-ს და საშუალო სკოლების 95%-ს ამჟამად ჰყავს კონსულტანტი. ბევრმა მსხვილმა ქალაქმა, მათ შორის პეკინმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების სასწავლო გეგმაში ჩართვა დაიწყო.

თუმცა, ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზაციის მქონე სამედიცინო ფსიქიატრების დიდი დეფიციტი კვლავ არსებობს.

ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული 2020 წლის კვლევის თანახმად, ქვეყანაში მხოლოდ 500 კვალიფიციური ბავშვთა ფსიქიატრი იყო და მათი უმეტესობა ისეთ დიდ ქალაქებში მუშაობდა, როგორიცაა პეკინი და შანხაი.

ეს უდიდესი გამოწვევაა ქვეყნისთვის, რომელმაც სამი ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო სოციალური და ეკონომიკური ცვლილებები განიცადა.

ჩინეთი, რომელშიც სიაომეის მშობლები გაიზარდნენ, ძალიან განსხვავდება იმ მომავლისგან, რომელის წინაშეც ის დგას. მისი მშობლები კომუნისტური პარტიის მიერ დადგენილ სცენარს მიჰყვებოდნენ: იშრომე და დაჯილდოვდები. ახლა, მაშინაც კი, თუ ახალგაზრდები მაღალი ქულით ჩააბარებენ და უნივერსიტეტის ხარისხს მიიღებენ, ნათელი მომავალი გარანტირებული არ არის.

პანდემიის შედეგად გამოწვეული დამქანცველი შეზღუდვების შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკას აღდგენა უჭირს. ითვლება, რომ ყოველ მეხუთე ახალგაზრდას სამსახურის პოვნა უჭირს და ოჯახები ნაკლებს ხარჯავენ.

„ხალხი ზოგადად უფრო პესიმისტურად არის განწყობილი“, – აღიარებს ბიაო და დასძენს, რომ შფოთვა ზრდასრულებზეც ვრცელდება.

„ვფიქრობ, მშობლები დაბნეულები და შფოთიანები არიან, რადგან ისინი პრობლემას ხედავენ შვილებში, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავენ. თუ ჩემს შვილს პრობლემა აქვს, ეს სამყაროს დასასრულია. თუ ჩემი შვილი სკოლაში კარგად არ სწავლობს, ეს სამყაროს დასასრულია. თუ ჩემი შვილი არ მელაპარაკება, ეს სამყაროს დასასრულია. ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტების აზრით, მოზარდების მოსმენა და მათთან ღია საუბარი აუცილებელია.

საბედნიეროდ, სიაომეიმ და მისმა მშობლებმა მოახერხეს ამ ხიდის გადაკვეთის გზის პოვნა.

„წარსულში მშობლები ნამდვილად არ მიგებდნენ და საკმაოდ უხეშ რაღაცებს ​​მეუბნებოდნენ. ვგრძნობდი, რომ მხარდაჭერა არ მქონდა და სრულიად მარტო ვიყავი“, – ამბობს ის.

მაგრამ ეს შეიცვალა, როდესაც დოზის გადაჭარბების შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მისი მოსმენა და საუბარი დაიწყეს. „იმის გაცნობიერებით, რომ ჩემ გვერდით ვიღაც იდგა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი“, ამბობს ის. ამან მას მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარებაშიც კი შეუწყო ხელი, რომლისაც ამდენი ხნის განმავლობაში ეშინოდა.

„გამიმართლა, რომ მათი მხარდაჭერა მაქვს“, – დასძენს ის.

თუმცა, ყველა ვერ პოულობს ასეთ მხარდაჭერას და ლუ ჯინგჩანი იმედოვნებს, რომ სწორედ აქ შეძლებს დახმარებას.

22 წლის ახალგაზრდა წლების განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა. მას უჭირდა რეცეპტით გაცემული წამლების მიღებით გამოწვეული ეიფორიის დაძლევა და ოთხი წლის განმავლობაში ოთხჯერ მეტჯერ მიიღო დოზის გადაჭარბება.

„ნარკოტიკებმა სიგიჟის ზღვარზე მიმიყვანა. არსებობს რისკი, რომ დამოკიდებულების უფსკრულში ჩაიძირო და ჯანმრთელობა დაანგრიო“, – ამბობს ის.

ახლა მან რეცეპტით გაცემული ყველა წამლის მიღება შეწყვიტა და სოციალურ მედიაში სხვებს მოუწოდებს, რომ არ დაიწყონ მისი მოხამრება. მას ასევე აქვს რჩევა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ებრძვიან იმ ზეწოლას, რომელსაც ის ოდესღაც განიცდიდა.

„იმედი მაქვს, ცხოვრების წინაშე პირისპირ დადგებით და ამას საკუთარი თავის გაბრუების გარეშე შეძლებთ. თუ ჭარბ დოზას იღებთ, მინდა გიბიძგოთ გამბედაობისკენ, რომ შეწყვიტოთ ეს. მჯერა, რომ თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდება. მჯერა, რომ ყველანი ბედნიერებას იპოვით.“

სახელები შეცვლილია მათი ვინაობის დასაცავად