აზია

დიდი ხნის განმავლობაში, ინდურ სკოლებში კლასის მართვა ბავშვებზე ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას ნიშნავდა – ოთხნაწილიანი ფორმულა, რომელიც შესაძლოა თქვენი კლასის ეფექტურად მართვაში დაგეხმაროთ

ამაგდარი – დიდი ხნის განმავლობაში, ინდურ სკოლებში კლასის მართვა ბავშვებზე ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას ნიშნავდა. ამ გზით ისინი მორჩილებაში უნდა ჰყოლოდათ. იმ დროს, როდესაც მე მოსწავლე ვიყავი, წარმოუდგენელი იყო მასწავლებელი, რომელიც სკოლაში დადიოდა ან კლასში შედიოდა, ხელში საშიში „ჯოხის“ გარეშე ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მომხიბვლელ წითელ ვაშლებს იყენებდნენ, რათა მთელი მსოფლიოს მასწავლებლების სიმბოლიზება მოეხდინათ, საშიში, გრძელი ყვითელი ჯოხის გამოსახულება იმაზე მიანიშნებდა, თუ როგორ ვასწავლიდით ჩვენს შვილებს ინდურ სკოლებში. ყველა ბავშვი, ვინც იმ დროს მასწავლებელს ასახიერებდა, მათ ბაძავდა, სახლის გარშემო დადიოდა და სკამებს ურტყამდა, რომ ესწავლებინა. სიტყვა „დისციპლინა“ ინდურ კლასებში „დასჯას“ ნიშნავდა. ჩვენი შვილების მიმართ ეს უაზრო ფიზიკური და ემოციური ძალადობა ინდოეთის სკოლებში გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც 2009 წლის განათლების უფლების შესახებ კანონის მე-17 მუხლით აიკრძალა ფიზიკური დასჯა სათანადო გაფრთხილების ან შემზადების გარეშე.

აქ მოცემულია ოთხნაწილიანი ფორმულა, რომელიც შესაძლოა თქვენი კლასის ეფექტურად მართვაში დაგეხმაროთ.

სოჯო ვარუგეზე

10 წთ. საკითხავი

ჯოხის აკრძალვა

ჩემი გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი სრული განაკვეთის ინსტრუქციული მწვრთნელი, რატომღაც დაემთხვა ინდოეთში განათლების უფლების შესახებ კანონის მიღებას. როგორც მწვრთნელს, შემეძლო მთელ ინდოეთში მოგზაურობა, სკოლების მონახულება და მასწავლებლების დაკვირვება მათ საკლასო ოთახებში, რათა პირადად მენახა, როგორ რეაგირებდნენ მასწავლებლები ინდოეთში ჯოხების ამ უეცარ აკრძალვაზე. ისინი დაბნეულები და გაღიზიანებულები იყვნენ. ყველგან, სადაც არ უნდა წავსულიყავი, პროფესიული განვითარების სემინარების ან საკლასო დაკვირვების შემდეგ უკუკავშირის სესიების დროს, იმედგაცრუებული მასწავლებლები მეკითხებოდნენ: „ბავშვებს დისციპლინის გარეშე, როგორ ვასწავლით?“

მარკ ტვენმა ერთხელ თქვა: „სწავლება იგივეა, რაც ერთდროულად 35 საცობის წყალქვეშ დაჭერა“. ჩვენ ავკრძალეთ ინდოელი მასწავლებლებისთვის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მათ ხელთ ჰქონდათ – 30-დან 60-მდე ხმაურიანი ბავშვის მართვა კლასში ისე, რომ არ გვითქვამს, როგორ ემართათ კლასი. როდესაც ვაგრძელებდი ჩემს მოგზაურობას, როგორც ინსტრუქციული მწვრთნელი, გაკვეთილებზე დასწრებისას დავინახე, რომ ჩვენი მასწავლებლები ჯოხის აკრძალვაზე სამგვარად რეაგირებდნენ. ზოგიერთი მათგანი ტაქტიკურად უგულებელყოფდა პრობლემურ მოსწავლეებს, ფიქრობდნენ, რომ ეს ბავშვები ისე იქცეოდნენ, როგორც იქცეოდნენ, რათა ყურადღება გადაეტანათ გაკვეთილიდან.  ბევრი მათგანი იმუქრებოდა, რომ ამ ბავშვებს უფროს კოლეგასთან, მაგალითად დირექტორთან გაგზავნიდა. მათი უმეტესობა ყვიროდა, როცა მოსწავლეთა ქცევა აღიზიანებდათ. გამოწვევა რეალური იყო. მათ სწავლების დროის 95% უნდა დაეხარჯათ ამ მოძრავი საცობების სკამებზე დაჭერაში, რათა მათი ყურადღება მიექციათ.

75000 საუბარი კლასის მენეჯმენტზე!

დღესაც კი, როდესაც ინდოელ მასწავლებელთან ერთად ინსტრუქციული მწვრთნელის როლში ვზივარ, ჩვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის უკან, კლასის მართვის შესახებ გადაუჭრელი კითხვები იმალება. აქამდე, ინსტრუქციული მწვრთნელის რანგში, 75 000-ზე მეტ მასწავლებელს დავაკვირდი და უკუკავშირი მივეცი. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, თითოეულ მასწავლებელს მინიმუმ ერთ ორმოცწუთიან გაკვეთილზე დავსწრებივარ და უკუკავშირი მიმიცია, თუ როგორ გაეუმჯობესებინათ სწავლებისა და შეფასების პროცესების ხარისხი. დღემდე ღიად მეკითხება მათი უმეტესობა: „ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ რა ვუყოთ ჩემს კლასში მყოფ ურჩ და უინტერესო ბავშვებს? რა  ვქნათ მათთან?“

იმ დროს, როდესაც ინსტრუქციული მწვრთნელის კარიერა დავიწყე, ამაზე პირდაპირი პასუხი არ მქონდა. ვიცოდი, როგორ მემართა ჩემი კლასი ბავშვების იძულებისა და დასჯის გარეშე. არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა, რა უნდა გამეკეთებინა კლასის მართვასთან დაკავშირებით იმ მასწავლებლისთვის, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ. კლასის მართვაზე დისკუსია ყოველთვის კონტროლიდან გამოდიოდა და არასდროს ყოფილა გასაგები არც მასწავლებლისთვის და არც ჩემთვის. მასწავლებლებთან დაახლოებით 5 000 ასეთი საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე, კლასის მართვის გაშიფვრა და ინდოელი მასწავლებლებისთვის მარტივი ჩარჩოს შექმნა.

მასწავლებლისა და ინსტრუქციული მწვრთნელის რანგში, კლასის მართვის გასაგებად ორი რამ გავაკეთე. დავიწყე კლასის მართვის ყველა პრობლემის დოკუმენტირება, რომელიც საკლასო დაკვირვების დროს წარმოიშვა და აღვნიშნე, თუ როგორ რეაგირებდნენ ან არ რეაგირებდნენ მასწავლებლები მასზე. ასევე, განვიხილე კლასის მართვის შესახებ ყველა კვლევითი ნაშრომი, რომლის მიღებაც შემეძლო. როდესაც კლასის მართვის თეორიები შევადარე კლასის მართვის ჩვენს მიდგომებს, მივხვდი, რომ ამ სიგიჟეს თავისი მეთოდი აქვს. ამ კვლევის შედეგად კლასის მართვის ოთხნაწილიანი ფორმულა გაჩნდა. მოგვიანებით, ინსტრუქციული მწვრთნელის რანგში, უკუკავშირის სესიების დროს, ამ ოთხნაწილიანი ფორმულის მასწავლებლებისთვის გაზიარება დავიწყე. ისინი, ვინც ამ ოთხნაწილიან ფორმულას საკლასო ოთახებში იყენებდნენ, წარმატებით ახერხებდნენ მოსწავლეების დავალებების შესრულებაზე ორიენტირებას ისე, რომ ნაკლებად ყოფილიყვნენ მოწყვეტილი სასწავლო გარემოს. რას წარმოადგენს ეს ოთხნაწილიანი ფორმულა?

სანამ კლასის მართვის ოთხნაწილიან ფორმულას ჩავუღრმავდებით, მნიშვნელოვანია განვმარტოთ კლასის მართვის ორი ძირითადი პრინციპი. დიახ, ოთხნაწილიანი კლასის მართვის ფორმულა არ იმუშავებს, თუ ამ ორ პრინციპს ნათლად არ გაიგებთ. რა არის ეს ორი პრინციპი?

პრინციპი პირველი: ყველა ცუდი საქციელიდან რაღაც უნდა ვისწავლოთ

საკლასო მენეჯმენტი შეცდომაში შემყვანი ტერმინია. ბევრი ჩვენგანისთვის სიტყვა „მენეჯმენტი“ კონტროლს ნიშნავს. ინდოეთში ამ ნაზავს „დისციპლინის“ იდეაც დავამატეთ და უზრუნველვყავით, რომ საკლასო მენეჯმენტი კონტროლისა და დასჯის სახით გაგვეგო. მოსწავლეებს მორჩილებას ვაიძულებდით, ფიზიკურად ან ემოციურად ვსჯიდით, როცა მათ გაკონტროლებას ვერ ვახერხებდით. თუმცა, სამყარო სხვა მიმართულებით მიდიოდა და საკლასო მენეჯმენტის ხელახლა განსაზღვრას ცდილობდა. 2003 წელს კასეტამ და სოიერმა საკლასო მენეჯმენტი განმარტეს, როგორც „მოსწავლეებთან ურთიერთობების დამყარება და აკადემიურ უნარებთან ერთად სოციალური უნარების სწავლება“.  

დომინიკ სმიტმა დაწერა: „მოსწავლეები სწავლისა და ზრდის პროცესში ცუდად მოიქცევიან – მთავარია, როგორ ვრეაგირებთ მათ ცუდ ქცევაზე“.

ის კვლავ გვეხმარება იმის გაგებაში, რომ წახალისება ან თანმიმდევრულობა, შერცხვენა ან დამცირება, ასევე სასწავლო პროცესიდან გამოთიშვა – მოსწავლის სტატუსის დროებით შეჩერება – ან სკოლიდან გარიცხვა არ არის ეფექტური რეაგირება ცუდ ქცევაზე. სმიტი გვეუბნება, რომ როდესაც საქმე ეხება დავალების შესრულებისგან თავის შეკავებას ან უწესრიგო ქცევის შემცირებას, აუცილებელია მოსწავლეებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობები და მაღალი ხარისხის სასწავლო სამუშაოები. ის ასევე გვეუბნება, რომ ყველა ცუდი ქცევა უნდა განვიხილოთ, როგორც სწავლების და არა დასჯის შესაძლებლობა.

ყოველი ცუდი ქცევა რაღაცას გვასწავლის, თუმცა ამ სწავლების მომენტებთან მიახლოებისას ფუნდამენტური აზროვნების სამი ცვლილება უნდა განვახორციელოთ. 1957 წელს კარლ როჯერსმა ჩამოთვალა სამი პირობა, რომელთა შეცვლაც გადამწყვეტია ვინმეს სწავლების (მწვრთნელობის) დროს – თანაგრძნობა, თანხვედრა და უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება. როდესაც თანამგრძნობი ხართ, ქცევის საკითხთან გამკლავებისას თქვენი ორიენტირების ჩარჩო თქვენი მოსწავლეების აზრებისა და გრძნობების გაგებაა. როდესაც თანმხვედრი ხართ, თქვენ გულწრფელი ხართ და ეხმარებით თქვენს მოსწავლეებს თავი დაფასებულად იგრძნონ. როდესაც უპირობო პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენთ, თქვენ წყვეტთ თქვენი ცუდი მოსწავლის განსჯას. თანაგრძნობა, თანხვედრა და უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება უნდა წარმართავდეს თქვენს ყველა მცდელობას, ცუდი ქცევა სწავლების მომენტად აქციოთ.

მეორე პრინციპი: ყველა ცუდი საქციელი კომუნიკაციის ფორმაა

როდესაც ბავშვი თქვენს კლასში ცუდად იქცევა, შესაძლოა, ის ამას იმიტომ აკეთებდეს, რომ სურს გაჩვენოთ, რომ მოწყენილია, დაბნეულია ან სტრესშია. შესაძლოა, თქვენ სთხოვეთ მას მოსაწყენი, უმნიშვნელო და ტრივიალური დავალების შესრულება და მას სურს გითხრათ, რომ საშინლად მოწყენილია. ხშირად, მოსწავლეები ცუდად იქცევიან იმის გამო, რომ გაჩვენონ, რომ დაბნეულები არიან, რადგან ის, რასაც მათ ასწავლით, ან ეწინააღმდეგება იმას, რაც მათ უკვე იციან, ან არ აქვს კავშირი „რეალობის სავარაუდო მოდელთან, რაც მათ გონებაში უტრიალებთ“. ისინი ასევე ცუდად იქცევიან იმის გამო, რომ გაჩვენონ, რომ რაღაცის გამო სტრესში არიან და თქვენი დაუყოვნებლივი ყურადღება, დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ. ანეტ ბრომ ერთხელ თქვა: „გახსოვდეთ: კლასში ყველას აქვს ისტორია, რომელიც ცუდ საქციელამდე ან დაუმორჩილებლობამდე მიგვიყვანს. ათიდან ცხრა შემთხვევაში, ცუდი საქციელის უკან მდგომი ისტორია არ გაგაბრაზებთ. ეს გულნაკლულს დაგტოვებთ“.

ყველა ცუდი ქცევა კომუნიკაციის ფორმაა. უნივერსალური მიდგომა არ მუშაობს, როდესაც ქცევა რაღაცის გადმოცემის მცდელობაა. თქვენი წარმატება კლასის მართვაში პირდაპირპროპორციულია თქვენი უნარისა, მოუსმინოთ ქცევას და გაიგოთ, თუ რის გადმოცემას ცდილობს თქვენი მოსწავლე. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მოსწავლეებთან თქვენი ურთიერთობის ბუნება და სწავლების ხარისხი პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს უნარზე, მოუსმინოთ მოსწავლეთა ქცევას.

კლასის მართვის ოთხნაწილიანი ფორმულა

როდესაც კვლევის დროს კლასის მართვის შესახებ ლიტერატურას ვათვალიერებდი, მივხვდი, რომ არსებობდა ასობით კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგია, რომელთა გამოყენებაც მასწავლებლებს საკლასო ოთახების მართვისას სწავლის გასაუმჯობესებლად შეუძლიათ. რაც გვაკლდა, იყო ჩარჩო, რომელშიც შეგვეძლო ამ სტრატეგიების გამოყენება. კლასის მართვის მარტივი ჩარჩოს ძიებამ ტვინის კვლევამდე მიმიყვანა. როდესაც გესმით, თუ როგორ მოქმედებს და რეაგირებს ჩვენი ტვინი, როდესაც ჯგუფურად ვსწავლობთ ფორმალურ გაკვეთილს, აშკარა ხდება, რომ მასწავლებლებმა თავიანთი სტრატეგიები და მიდგომები უნდა გამოიყენონ მარტივი ოთხნაწილიანი ფორმულის ფარგლებში, რათა უზრუნველყონ, რომ მათი მოსწავლეები კარგად ასრულებენ დავალებას და არ არღვევენ პროცესს. რა ელემენტებს მოიცავს ეს ოთხნაწილიანი ფორმულა?

(ნიმუში + (სიცხადე + თანმიმდევრულობა)) x მოთმინება
= საკლასო ოთახში წესრიგის დარღვევისა და მოსწავლეთა დაუმორჩილებლობის 28%-ით შემცირება.

პირველი ელემენტი: ნიმუში

ადამიანის ტვინი კომპლექსური და რთული სტრუქტურაა და ის მუდმივად სიახლეს ეძებს, თუმცა უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და უკეთ რეაგირებს ნიმუშების ძიებაში. მასწავლებლებს ამ პარადოქსის დაძლევა სასწავლო სტრატეგიების ცვლილებით და კლასის მართვის ნიმუშების ერთობლიობის დაცვით შეუძლიათ.

ბავშვებს ბეზრდებათ, როდესაც გაკვეთილის განმავლობაში ერთსა და იმავე სასწავლო ან შეფასების სტრატეგიას ვიყენებთ. მათ ტვინს დრო და სივრცე სჭირდება, რომ იფიქროს და დაინტერესდეს, თქვენი სწავლების დროს. აგიხსნით, როგორ ვუმკლავდები ამ მოთხოვნილებას. სწავლის დროს ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხუთ გრძნობას (მხედველობას, გემოს, შეხებას, ყნოსვას და სმენას) და აზროვნებისა და საუბრის უნარს. ამას ვითვალისწინებ გაკვეთილების დაგეგმვისას. ვცდილობ, რომ ჩემი სასწავლო ან შეფასების თითოეული სტრატეგია ბავშვებს საშუალებას აძლევდეს გამოიყენონ თავიანთი გრძნობებიდან სულ მცირე ორი და მისცენ მათ ფიქრისა და საუბრის შესაძლებლობა. მაგალითად, თუ ჩემი პირველი სასწავლო აქტივობა შეხებასა და გემოს დაგემოვნებას მოიცავდა, ჩემი მეორე სასწავლო აქტივობა ხედვასა და სმენას ეხებოდა. ორივე აქტივობა ბავშვებს ფიქრისა და საუბრის შესაძლებლობას მისცემს. ამ გზით, ჩემმა მოსწავლეებმა არასდროს იციან, რა მოდის შემდეგ, როდესაც ვასწავლი და ჩემი გაკვეთილი ეხება მათი ტვინის სიახლეების ძიების ბუნებას.

ბავშვები იბნევიან, როდესაც მასწავლებლებს არ აქვთ შემუშავებული ნიმუში მათი ქცევის სამართავად. მოდით, მოგიყვანოთ მაგალითი. წარმოიდგინეთ, რომ გსურთ გაკვეთილის სამ სხვადასხვა ეტაპზე თქვენს კლასს მისცეთ რამდენიმე ინსტრუქცია მოცემული დავალების შესახებ.

პირველი დავალებისთვის, თქვენ ხმამაღლა ყვირით და სთხოვთ მათ ყურადღებას.

მეორე დავალებისთვის, თქვენ სამჯერ ძლიერად აკაკუნებთ მაგიდაზე წიგნით, რათა მათი ყურადღება მიიპყროთ.

მესამე დავალებისთვის, თქვენ ასწევთ ხელს, რათა მათი ყურადღება მიიპყროთ.

წარმოგიდგენიათ, რა დაბნეულობაში აყენებთ თქვენს მოსწავლეებს ამის შესრულებისას? თუ არ გსურთ, რომ თქვენი მოსწავლეები დააბნიოთ კლასის მართვის დროს, თქვენ უნდა დააწესოთ კლასის მართვის ნიმუშები (რუტინები).

მაგალითად, როდესაც რაღაც მაქვს სათქმელი ჩემს კლასთან, მე ყოველთვის ვწევ ხელს, სანამ რამეს ვიტყვი. მე არ ვლაპარაკობ, სანამ არ ვხედავ, რომ ყველა ჩემი მოსწავლე პასუხობს ჩემს აწეულ ხელზე ხელების აწევითვე და ჩემკენ შემოხედვით. ანალოგიურად, მე ვადგენ არავერბალურ ნიმუშებს სხვადასხვა სცენარისთვის. მაქვს ნიმუში, რომელსაც ჩემი მოსწავლეები მიჰყვებიან, როდესაც სურთ დამისვან კითხვა დავალების შესრულებისას. მე მაქვს ნიმუში, რომელსაც ისინი მიჰყვებიან დავალების შესრულების შემდეგ. კითხვის დასმისას მაქვს გარკვეული სქემა, რომელსაც ვიცავ. გესმით არა, როგორი სურათია? გადაწყვიტეთ, რა სქემებს მიჰყვებით თქვენ და თქვენი მოსწავლეები კლასში ისეთი რუტინული მოვლენების კომუნიკაციისა და გასაგებად, როგორიცაა მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობა, კითხვის დასმა ან მასზე პასუხის გაცემა, მოწყენილობის ან ყურადღების გაფანტვის გამოხატვა და ა.შ.

მეორე ელემენტი: სიცხადე

წარმატებული საკლასო მენეჯმენტი ცუდი ქცევის წინასწარ განსაზღვრასა და პრევენციას გულისხმობს. თქვენ უნდა გაარკვიოთ, რა იწვევს ცუდი ქცევის გამომწვევ მიზეზებს თქვენს საკლასო ოთახში და შეიმუშაოთ ნიმუშები და ძირითადი წესები მათ მოსაგვარებლად. ამ ნიმუშებისა და ძირითადი წესების წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აუხსნით მას თქვენს მოსწავლეებს. როდესაც ტვინს არ აქვს სიცხადე, ის იწყებს ვარაუდებზე დაყრდნობით მოქმედებას.

თქვენი საკლასო ოთახის ძირითადი წესები არ უნდა დარჩეს ლამაზად შექმნილ კედლის პოსტერებად, რომლებიც თქვენს საკლასო ოთახს იერსახესა და განწყობას სძენს. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძირითადი წესები და ჟესტები კლასის სამართავად, თუ თქვენს მოსწავლეებს ისინი არ ესმით. დაადგინეთ და განმარტეთ როგორც ქცევის, ასევე შესრულების სტანდარტები თქვენი საკლასო ოთახისთვის. გააკეთეთ ეს ადრიდანვე.

სიცხადე! სიცხადე! სიცხადე! რაც არ უნდა მომთხოვნად ჟღერდეს, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რაც გაკვეთილის დროს გეძლევათ, რათა თქვენს მოსწავლეებს აბსოლუტურად ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ თქვენს ქცევასა და მოლოდინებზე. მათ არ იციან, რას ელოდებით, თუ თავიდანვე არ ეტყვით.

მესამე ელემენტი: თანმიმდევრულობა

თანმიმდევრულობა სწავლების წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საკლასო ოთახში ქაოსი ჩვენი, როგორც მასწავლებლების, პრაქტიკაში შეუსაბამობის გარდაუვალი შედეგია. შეუსაბამობა ბავშვებს აბნევს. კენდის ალსტადი ამბობს: „არათანმიმდევრულ მასწავლებელს წარმატების ძალიან მცირე შანსი აქვს უბრალოდ იმიტომ, რომ მოსწავლეებმა არ იციან, რას ელიან მათგან – საკლასო ოთახში არასტაბილური ატმოსფეროა. მათ არ იციან, სად არის საზღვრები ერთი დღიდან მეორემდე. დაუცველობისა და უსამართლობის გრძნობა მათ უფრო მეტად აიძულებს, შემდეგ ჯერზე საზღვრები გადალახონ და თქვენთან იკამათონ“.

პროგნოზირებადობა მნიშვნელოვანია კლასის მართვისას. პრაქტიკაში თანმიმდევრულობა უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას. დაჯექით და დაგეგმეთ, თუ როგორ აჩვენებთ თანმიმდევრულობას საკლასო პროცედურებში, დისციპლინის მართვაში, სწავლების სტილსა და საშინაო დავალებებში. გახსოვდეთ, რომ თქვენი კლასისთვის დადგენილი წესები ყველამ უნდა დაიცვას.

კენდის ალსტადი განაგრძობს ახსნას: „გაკვეთილებზე დესტრუქციული ქცევის შესაჩერებლად ერთ-ერთი გზაა იყოთ უფრო თანმიმდევრული ყველაფერში, რასაც აკეთებთ სწავლების დღეს. ეს ნიშნავს, რომ თანმიმდევრულობის აუცილებელი ნაწილია წინასწარ იცოდეთ, რას იტყვით და გააკეთებთ თქვენი მოსწავლეების თხოვნებსა და ქმედებებზე საპასუხოდ. მნიშვნელოვანია წესებისა და სანქციების ერთობლიობა, რომელიც თქვენს მოსწავლეებს კარგად მოეხსენებათ. მათ უნდა იცოდნენ, რა ზუსტი შედეგი მოჰყვება მათ ქმედებებს ნებისმიერ დროს“.

 „მიჰყევით წახალისებას და თანმიმდევრულობას. თუ რამეს ამბობთ, მაშინ ეს იგულისხმეთ. იყავით ნათელი, პროაქტიული და თანმიმდევრული“, – ამბობს ლორი შეფილდი.

მეოთხე ელემენტი: მოთმინება

კარგი კლასის მართვა ბავშვების სწავლაში დახმარებას გულისხმობს. სწავლა დროს მოითხოვს. ამიტომ, მოთმინება მასწავლებლის პიროვნების ნაწილი უნდა იყოს. წიგნში „კლასის მართვა, რომელიც მუშაობს: კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგიები ყველა მასწავლებლისთვის“ რობერტ ჯ. მარზანო კლასის მართვაში მონაწილე ოთხ ფაქტორს ასახელებს, კერძოდ,

მასწავლებლის აზროვნება,

დისციპლინური ჩარევები,

მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობები,

საკლასო პროცედურები.

მისი თქმით, მასწავლებლის აზროვნების ბუნება კლასის მართვის წარმატების 40%-ს უწყობს ხელს.

დისციპლინური ჩარევების თანმიმდევრულობა და სამართლიანობა 32%-ს,

ხოლო მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობების ბუნება – 31%-ს.

საკლასო პროცედურების სიცხადე და თანმიმდევრულობა კლასის მართვის წარმატების 28%-ს განაპირობებს.

საინტერესოა, რომ მარზანო მოთმინებას ამ ოთხივე ფაქტორის გამაერთიანებელ ძაფად მიიჩნევს.

შესაძლოა, თქვენი ნიმუშები პირველივე ცდისას არ გამოდგეს. ისინი არ მუშაობს იმიტომ, რომ თქვენს მოსწავლეებს ისინი არ ესმით ან თქვენ მათ თანმიმდევრულად არ მიჰყვებით.

მოთმინებით ეცადეთ, მოსწავლეებთან ერთად განმარტოთ ნიმუში.

მოთმინებით ეცადეთ, მიაღწიოთ თანმიმდევრულობას ამ ნიმუშების პრაქტიკაში გამოყენებისას.

თუ მოთმინებას არ ავარჯიშებთ, ნიმუშების, სიცხადისა და თანმიმდევრულობის ვერანაირი რაოდენობა ვერ დაგეხმარებათ საკლასო ოთახის კარგად მართვაში.

სოჯო ვარუგეზე მუშაობს გამოყენებითი განათლების მკვლევრად და სასწავლო მწვრთნელად ნოლდენბირგეში. „ნოლდენბირგე“ არის არაკომერციული, გამოყენებითი განათლების კვლევისა და სასწავლო გადაწყვეტილებების კომპანია.