გამორჩეული სტატია

სად გამოხატავენ მასწავლებლებისადმი ყველაზე მეტ პატივისცემას? – 10 ქვეყანა, სადაც მასწავლებლებს ყველაზე მეტად სცემენ პატივს

ამაგდარი – საერთაშორისო კვლევის თანახმად, ბრიტანელი მასწავლებლები უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ, ვიდრე მათი კოლეგები აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში. ჩინეთში, მალაიზიასა და ტაივანში მასწავლებლები ყველაზე მაღალი სტატუსით სარგებლობენ, თუმცა ბრაზილიაში, ისრაელსა და იტალიაში ისინი „მასწავლებლის სტატუსის ინდექსის“ ბოლოში იმყოფებიან.

ეკონომიკური და სოციალური კვლევების ეროვნული ინსტიტუტისა და „ვარკის ფონდის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 35 ქვეყნის 35 000 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ბრიტანელ მასწავლებლებს საშუალოზე უკეთესი შედეგები ჰქონდათ, თუმცა არა ისეთი კარგი, როგორც ჩინეთში, სადაც გამოკითხულთა განსაცვიფრებელმა 81%-მა განაცხადა, რომ მათი აზრით, მოსწავლეები პატივს სცემენ მასწავლებლებს. საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 36%-ს შეადგენდა.

პატივისცემის კულტურა

კვლევის თანახმად, ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში რესპონდენტებმა „ზოგადად უფრო მაღალი პესიმიზმი“ გამოავლინეს იმასთან დაკავშირებით, სცემდნენ თუ არა მოსწავლეები პატივს მასწავლებლებს. აღმოჩნდა, რომ აზიაში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სამხრეთ კორეა და სინგაპური, „პატივისცემის კულტურა“ უფრო ძლიერია.

აზიის ქვეყნებში მოსწავლეები, როგორც წესი, საერთაშორისო ტესტებში მაღალ ქულებს იღებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნებში მასწავლებლებისადმი გამოვლენილი დამატებითი პატივისცემა ნიჭიერ პერსონალთან ერთად ყურადღებიან მოსწავლეებსაც იზიდავს.

გამოკითხვის ფარგლებში ასევე შეფასდა მასწავლებლების აღქმული სტატუსი რესპონდენტებისთვის იმის შეკითხვით, წაახალისებდნენ თუ არა საკუთარ შვილებს, რომ მასწავლებლის პროფესია აერჩიათ.

ჩინეთში, ინდოეთსა და განაში რესპონდენტების პასუხი ცალსახად დადებითი იყო, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი აქტიურად ურჩევდნენ შვილებს მასწავლებლობას. მათ შორის იყვნენ რუსეთი, ისრაელი და იაპონია, რაც ადასტურებს, რომ აზიის ქვეყნები სწავლებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით ერთგვაროვანი არ არიან.

საზოგადოებრივი დამოკიდებულების კვლევა ასევე მოიცავდა მასწავლებლების სამუშაო საათებსაც.

შესწავლილი ქვეყნების უმეტესობაში საზოგადოება არასაკმარისად აფასებდა მასწავლებლების სამუშაო საათებს – იქნებოდა ეს ახალი ზელანდია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო საათები ჰქონდა, თუ პანამა ან ეგვიპტე, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მცირე სამუშაო საათებია.

თუმცა კანადასა და ფინეთში, ორ ყველაზე მაღალი მიღწევების მქონე საგანმანათლებლო სისტემაში, ხალხს ეგონა, რომ მასწავლებლები სინამდვილეში უფრო მეტ საათს მუშაობდნენ.

გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებული ანაზღაურება მოდიდან გადავიდა

2018 წელს ჩატარებული კვლევა 2013 წელს განხორციელებული მსგავსი გამოკითხვის გაგრძელებაა და მან მასწავლებლების ანაზღაურების მოსწავლეთა შედეგებთან დაკავშირებისადმი დამოკიდებულების მნიშვნელოვანი ცვლილება გამოავლინა.

2013-დან 2018 წლამდე, ყველა ქვეყანაში, მასწავლებლების ანაზღაურების შედეგებთან დაკავშირების მხარდაჭერა შემცირდა.

დიდ ბრიტანეთში მასწავლებლის მიერ გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებული ანაზღაურების მხარდაჭერა 74%-დან 34%-მდე შემცირდა, ხოლო ფინეთში კიდევ უფრო დიდი ცვლილება დაფიქსირდა – 80%-დან 21%-მდე.

გამოკითხვა გამოქვეყნდა „ვარკის ფონდის“ მიერ, რომელიც მასწავლებლობის პოპულარიზაციის მიზნით გლობალური მასწავლებლის პრიზს გასცემს. დამფუძნებელმა სანი ვარკიმ განაცხადა: „ახლა უკვე ეჭვგარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლების პატივისცემა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მორალური მოვალეობაა – ის აუცილებელია ქვეყნის საგანმანათლებლო შედეგებისთვის“.

10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტ პატივს სცემენ მასწავლებლებს

  1. ჩინეთი
    2. მალაიზია
    3. ტაივანი
    4. რუსეთი
    5. ინდონეზია
    6. სამხრეთ კორეა
    7. თურქეთი
    8. ინდოეთი
    9. ახალი ზელანდია
    10. სინგაპური

შენიშვნა: აღნიშნული სტატია BBC-ზე 2018 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნდა.