აზია

იაპონიაში მასწავლებლები მოსწავლეებისთვის ერთგვარ „მესამე მშობლად“ ითვლებიან – რით განსხვავდება იაპონური სწავლების სტილი სხვა ქვეყნებისგან?

რამდენად ეფექტურია იაპონური სწავლების სტილი?

ამაგდარი – როდესაც იაპონური სწავლების სტილისა და ქვეყნის განათლების სისტემის ეფექტურობას განვიხილავთ, ხშირად იაპონელი მოსწავლეებისა და ზრდასრულების მიერ მათემატიკისა და წიგნიერების გლობალურ რეიტინგებში მიღწეულ მაღალ რეიტინგებს განვიხილავთ.   

იაპონიაში მოსახლეობის წიგნიერების მაჩვენებელი 99%-ია, რაც გაცილებით მაღალია გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც 88%-ია.

საერთაშორისო მოსწავლეთა შეფასების პროგრამის (PISA) გლობალური კვლევის მიხედვით, რომელიც ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და აკადემიურ მოსწრებაზეა ორიენტირებული, იაპონია მუდმივად მაღალ ადგილს იკავებს. ეს კვლევა აანალიზებს სკოლის ასაკის მოზარდებს და გამოიყენება, როგორც მეტრიკა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემის გავლენის შესაფასებლად.

2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, იაპონიამ მათემატიკაში მიღწეული შედეგებით 78 ქვეყნიდან მე-5 ადგილი დაიკავა, გაუსწრო კანადას, რომელმაც მე-9 ადგილი დაიკავა, გაერთიანებულ სამეფოს, რომელსაც მე-14 ადგილი ერგო და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც 34-ე ადგილზე გავიდა. მათემატიკის სწავლება იაპონიაში საკმაოდ განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, რადგან ის ერთდროულად რთულიცაა და ამავდროულად, სიამოვნების მომნიჭებელიც!

რაც შეეხება კითხვას, ამ მხრივ, იაპონელმა მოსწავლეებმა კიდევ უფრო მაღალი, მესამე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ სინგაპურმა და ირლანდიამ გადაასწრეს. მეცნიერებაში იაპონიამ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო სინგაპური კვლავ პირველზე გავიდა.

გლობალურ ტესტებში იაპონიის მოსწავლეთა თანმიმდევრული წარმატების გათვალისწინებით, ბევრმა ქვეყანამ გამოხატა ინტერესი იაპონიის საგანმანათლებლო სისტემისა და სწავლების მეთოდების მიმართ და ზოგიერთმა მათგანმა სცადა მათი საკუთარ ქვეყანაში დანერგვა.

რა არის იაპონური სწავლების სტილი?

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში ყველა სკოლისა და მასწავლებლისთვის არ არსებობს ერთიანი სწავლების მეთოდი, არსებობს მთელი რიგი საერთო მახასიათებლები იაპონელ მასწავლებლებს შორის – ასევე, განათლებისა და სკოლისადმი საერთო დამოკიდებულება.

სწორედ ამას გულისხმობს ბევრი ადამიანი, როდესაც „იაპონური სწავლების სტილზე“ საუბრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ კერძო და საჯარო სკოლებს შორის სასწავლო გეგმაში შესაძლოა გარკვეული განსხვავებები იყოს, იაპონიის განათლების სისტემა, როგორც ჩანს, ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის თანასწორობას, მათი სოციალური კლასისა თუ ადგილმდებარეობის მიუხედავად. იაპონიის პრეფექტურებისა და სკოლების უმეტესობა ერთსა და იმავე ძირითად სასწავლო გეგმას მისდევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას განათლების ერთნაირად მაღალ სტანდარტზე აქვს წვდომა.

ამასობაში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, განათლების პოლიტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს შტატებისა და სკოლების საბჭოების მიხედვითაც კი. ეს ნიშნავს, რომ განათლება არ არის სტანდარტიზებული მთელი ქვეყნის მასშტაბით და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შეიძლება ჰქონდეთ სკოლის სისტემის ძალიან განსხვავებული გამოცდილება.

„სწავლებას ძირითადად არანაირი საიდუმლო არ აქვს; მეთოდები და ტექნიკა, რომელსაც  მსოფლიოს მასწავლებლების უმეტესობა იყენებს, მსოფლიოს მასწავლებელთა უმეტესობისთვისაა ცნობილი.“ 

ამის მიუხედავად, Interac ALT-ების მიერ გამოყენებული მეთოდი  ეფუძნება „პასუხისმგებლობის თანდათანობითი გათავისუფლების“ მოდელს, რაც ნიშნავს, რომ ის  უფრო კონტროლირებადი საწყისიდან ნაკლებად კონტროლირებად საბოლოო მდგომარეობამდე გადადის.. 

როდესაც ეს კარგად კეთდება, მასწავლებლის საუბრის დრო (TTT) ოპტიმიზებულია და გაკვეთილის დასაწყისამდე გადაინაცვლებს, ხოლო მოსწავლის საუბრის დრო  (STT) დასასრულს უახლოვდება.“ – Interac-ის დაქირავებული გუნდი.

რა არის იაპონური სწავლების სტილის ძირითადი მახასიათებლები?

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში ყველა მოსწავლეს, როგორც წესი, აქვს წვდომა ერთსა და იმავე ძირითად განათლებასა და სასწავლო გეგმაზე, დამოკიდებულებასა და სტრატეგიებს, რომელსაც იაპონელი მასწავლებლები იყენებენ, ხშირად აქვთ გარკვეული მსგავსი მახასიათებლები. დაბლა გაეცანით ზოგიერთ მათგანს.

ფორმალობა. იაპონიაში მასწავლებლებისგან მაღალი სტანდარტების დაცვას მოელიან, როდესაც საქმე ეხება მათ ქცევას და ჩაცმულობასაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იაპონელი მასწავლებელი ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას მოსწავლეებთან, ისინი ასევე აწესებენ მკაფიო საზღვრებს იმაზე, თუ რა არის მისაღები ქცევა და რა – არა. მოსწავლეებს ესმით ეს საზღვრები და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყვნენ მეგობრულები ან მსუბუქ ფორმებში იცელქონ კიდეც, ისინი იშვიათად გამოხატავენ უპატივცემულობას მასწავლებლების მიმართ და მათი ქმედება ზედმეტობაში არ გადადის.

თანმიმდევრულობა. იაპონიაში მასწავლებლები მკაფიო პერსონალურ საზღვრებს აწესებენ მოსწავლეებთან და მათგან სკოლის წესებისა და პოლიტიკის სრულ დაცვას მოითხოვენ. სკოლის წესები ყოველგვარი პრეტენზიების გამოხატვის გარეშე აღსრულდება და მოსწავლეების მხრიდან იაპონელ მასწავლებლებზე ტკბილი სიტყვებით ან ბოდიშებით გავლენის მოხდენა იშვიათად, თუ საერთოდ არის შესაძლებელი. იაპონიის სკოლები აფასებენ მოსწავლეებს შორის თანასწორობასა და წესრიგს, ამიტომ იაპონელი მასწავლებლები, როგორც წესი, მოსწავლეებისადმი უსამართლო მიკერძოებას არ გამოხატავენ, არ ჰყავთ ასე ვთქვათ, თავიანთი ფავორიტი მოსწავლეები და რა თქმა უნდა, არ არის მიღებული მათდამი ცუდად მოქცევა.

შრომისმოყვარეობა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში მასწავლებლები შეიძლება საკმაოდ მკაცრებად აღიქმებოდნენ, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ისინი თავიანთი მოსწავლეებისგან იმავე მაღალ სტანდარტებს მოითხოვენ, რასაც თავად ინარჩუნებენ. იაპონელი მასწავლებლები ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ მათმა კლასმა გამოცდებში კარგ შედეგებს მიაღწიოს და მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობების წყალობით, რასაც მასწავლებლები ხშირად ინარჩუნებენ, ისინი გულწრფელად ზრუნავენ მათ შემდგომ წარმატებაზე.

იაპონელი მასწავლებლები მკაცრები არიან?

უცხოელებს შორის არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ იაპონელი მასწავლებლები ძალიან მკაცრები არიან – თუმცა, ჩვენ არ დავეთანხმებოდით ამას.

ბევრ მოსწავლეს მასწავლებლებთან მეგობრული და მხარდამჭერი ურთიერთობა აქვს და ცუდი საქციელი იაპონიის უმეტეს სკოლაში იშვიათია. იაპონიაში მასწავლებლებს, როგორც წესი, არ სჭირდებათ ხმის აწევა ან მოსწავლეების მიმართ მკაცრი დამოკიდებულება. იაპონიაში მასწავლებლები მოსწავლეებისთვის ერთგვარ „მესამე მშობლად“ ითვლებიან.

თუმცა სიმართლეა, რომ იაპონურ სკოლებს, როგორც წესი, მკაცრი წესები აქვთ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მასწავლებლების ჩართვა ხდება. ბევრი უცხოელი მასწავლებელი გაკვირვებულია, როდესაც იგებს, რომ იაპონიის სკოლების უმეტესობა მოსწავლეებს თმის შეღებვის, ყურების გახვრეტის ან თუნდაც ბუნებრივი მაკიაჟის ტარების უფლებას არ აძლევს . კერძოდ, იაპონურ სკოლებში მკაცრად უნდა იყოს დაცული უნიფორმების პოლიტიკა.

ასევე სიმართლეა, რომ იაპონიაში მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე ზრდიან უფროსების, განსაკუთრებით კი მასწავლებლებისადმი პატივისცემით. იაპონელი მოსწავლეები ნაკლებად არიან მიდრეკილნი გაკვეთილებზე საუბრის ან ხმაურისადმი, ასევე მასწავლებლების მიმართ ყვირილისადმი – თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იშვიათ შემთხვევებში მაინც ხდება!

მიუხედავად იმისა, რომ იაპონელი მოსწავლეები დისციპლინირებულები და ზრდილობიანები არიან, წესების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებლები არ ერიდებიან დასჯას, რაც შესაძლოა იყოს იმის მიზეზი, თუ რატომ აქვთ მათ რეპუტაცია იმისა, რომ მკაცრები არიან.

პასუხისმგებლობის მნიშვნელობა იაპონიის სკოლებში

იაპონური სკოლები, ისევე როგორც იაპონიაში არსებული მრავალი ინსტიტუტი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და თანამოქალაქეების – ან სკოლის გარემოცვაში, თანაკლასელების – პატივისცემას. სკოლებში ამის წახალისების ერთ-ერთი გზაა მოსწავლეებისთვის საკლასო მოვალეობის, ანუ ტობან კაცუდოს რეგულარული დანიშვნა.

კლასის თითოეული მოსწავლე სემესტრის განმავლობაში რიგრიგობით ასრულებს დავალებებს სკოლისა და თანაკლასელების სასარგებლოდ.

საკლასო მოვალეობა შეიძლება მოიცავდეს კლასის დალაგებას, სადილის მირთმევას ან ნაგვის გატანას. მიიჩნევა, რომ სკოლის გარემოში დადებითი წვლილის შეტანით, მოსწავლეები შეიმეცნებენ მოვალეობის ფასეულობასა და საკუთარი თემის მიმართ სიამაყის ღირებულებებს. ბევრი უცხოელი მასწავლებელი აღნიშნავს, თუ რამდენად სუფთა და მოვლილია იაპონური სკოლები ტობან კაცუდოს და მოსწავლეთა შეგნებისა და კეთილსინდისიერების წყალობით.

იაპონიაში მოსწავლეები სკოლის შემდგომი მოვალეობების შესრულების გარდა, გამორჩეულები არიან იმით, რომ გულმოდგინედ სწავლობენ, სკოლის საათების მიღმაც კი.

ბევრი მათგანი საღამოობით და შაბათ-კვირას ჯუკუში, ანუ ჯგუფურ სწავლებაზეც კი დადის. ეს კერძო, სკოლის შემდგომი კლასები მოსწავლეებს დამატებით გაკვეთილებს სთავაზობს და ხშირად სპეციალიზებულია საშუალო სკოლისა და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის მომზადებაში. იაპონიაში მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე აცნობიერებენ, რომ მათ აქტიური როლი უნდა შეასრულონ განათლების მიღებაში და აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ აკადემიურ მომავალზე.

რატომ ანიჭებენ იაპონელები განათლებას ამხელა მნიშვნელობას?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა სკოლის შემდგომი პროგრამებითა და რეპეტიტორობით სწავლებას სთავაზობს მსურველებს, ეს, როგორც წესი, ნორმა არ არის დასავლეთის ქვეყნებში, მაგალითად აშშ-ში, და იაპონიაში სკოლაში დასწრების მაჩვენებელი საშუალოდ გაცილებით მაღალია.

ზოგიერთი უცხოელისთვის, ის აქცენტი, რომელსაც ბევრი იაპონელი მშობელი შვილის განათლებაზე ამახვილებს, შეიძლება ზედმეტად თავგამოდებულად მოეჩვენოს და შედეგად, მოსწავლეები წარმატების მისაღწევად დიდ ზეწოლას განიცდიან. თუმცა, არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის იაპონიაში განათლება ასე მაღალი შეფასების საგანი:

სოციალური მობილურობა

მთელ მსოფლიოში კარგი განათლება განიხილება, როგორც უკეთესი ცხოვრების გარანტი, რომელიც დასაქმების უფრო მეტ შესაძლებლობებს და სოციალურ კლასში წინსვლის შესაძლებლობას იძლევა. ამ მხრივ, იაპონიაც არ არის გამონაკლისი და მოსწავლეებმა ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ საუკეთესო სკოლებში მოსახვედრად.

ზოგიერთი სკოლა იყენებს მოსწავლეთა რანჟირების სისტემებს, სადაც ტესტების შედეგები გამოქვეყნდება საინფორმაციო დაფებზე (თუმცა ხშირად ანონიმურია, სახელების ნაცვლად რიცხვებია წარმოდგენილი, რათა თავიდან იქნას აცილებული უხერხულობა) და მოსწავლეებს შეუძლიათ ზუსტად ნახონ, მოსწრების თვალსაზრისით, თუ რა ადგილზე არიან ისინი თანატოლებთან შედარებით. ეს სოციალურ-საგანმანათლებლო სისტემის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც ცნობილია როგორც ჰენსაჩი, სადაც მოსწავლეთა საზოგადოება ფასდება და ორგანიზებულია იერარქიულად, სადაც მხოლოდ მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეებს აქვთ შანსი მოხვდნენ იაპონიის საუკეთესო სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ელიტურ ჰენსაჩის უმაღლეს სკოლაში სწავლა მომავალი წარმატების ძლიერი პროგნოზირებადი ფაქტორია, სწორედ ამიტომ არის ეს ადგილები ასე მოთხოვნადი და იაპონიაში მოსწავლეებს კონკურენტუნარიანობისკენ უბიძგებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა კრიტიკის საგანი გახდა, ბევრი იაპონელი მშობელი მას მოტივაციის ინსტრუმენტად მიიჩნევს. მშობლები ამ სისტემის წყალობით, საშუალებას აძლევენ თავიანთ შვილებს ზუსტად დაინახვონ, თუ რამდენად დიდი ძალისხმევა უწევთ კლასში მაღალი ქულების მისაღწევად. თანატოლებზე უკეთესი შედეგებით, მოსწავლეებს უფრო ნათელი წარმოდგენა აქვთ კონკურენციის შესახებ, როდესაც ისინი წამყვან საშუალო სკოლაში ან უნივერსიტეტში ადგილის მოპვებას ცდილობენ.

ეკონომიკური ფაქტორები

იაპონიის განათლების სისტემა და სტუდენტების შრომისმოყვარეობა მთელ მსოფლიოში აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური ლანდშაფტის გამო, სამუშაო ადგილებისთვის მკაცრი კონკურენციაა. ამიტომ, სტუდენტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლებას, რათა მომავალში  იაპონიის კონკურენტულ შრომის ბაზარზე წარმატებას მიაღწიონ.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში უმუშევრობის დონე დაბალია და ის მხოლოდ 3%-ია, კომპანიები მუშახელის დეფიციტს აფიქსირებენ კვალიფიციური სამუშაო ადგილების დაქირავებისას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინჟინერია და IT სექტორი.

რადგან შრომის ამ ბაზრებზე მოთხოვნა მაღალია და ხშირად საჭიროა უნივერსიტეტის დიპლომის მქონე განათლებული აპლიკანტები, იაპონელი მოზარდები ხვდებიან, რომ მაღალანაზღაურებადი და მაღალი კონკურენციის პოზიციებზე წარმატების მისაღწევად, მათ ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩადონ ინვესტიცია განათლებაში.

ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა

იაპონია, ისევე როგორც აზიის მრავალი ქვეყანა, კოლექტივისტური საზოგადოებაა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახურ კავშირებს და ბავშვის პასუხისმგებლობას მშობლების წინაშე.

კარგი ნიშნების მიღებით მშობლებისთვის სიამოვნების მიღწევის სურვილის გარდა, არსებობს მოლოდინი, რომ ბავშვები, ზრდასრული ასაკის მიღწევის შემდეგ, სიბერეშიც იზრუნებენ მშობლებზე, რაც იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად მათ კარგი განათლება უნდა მიიღონ.

იაპონიაში ზრდასრულები კარიერას არა მხოლოდ შვილების რჩენის მიზნით გეგმავენ, არამედ იმისთვისაც, რომ მომავალში პენსიონერი მშობლების მოვლა და მხარდაჭერა შეძლონ. განათლება ოჯახის ყველა თაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირველი ნაბიჯია, ამიტომ ბავშვები ხშირად გრძნობენ მოვალეობას, გააკეთონ ყველაფერი, რაც კი შეუძლიათ.