ამაგდარი – იაპონიის სასკოლო სისტემას სწავლებისადმი ყველაზე ჰოლისტური (ერთიანი) მიდგომა აქვს, რაც კი ოდესმე გინახავთ. აკადემიური განათლების ცენტრის მთავარი ფუნქციების შესრულების გარდა, მსოფლიოს სხვა ნებისმიერი სისტემისგან განსხვავებით, ბავშვებს ცხოვრებისეულ უნარებსა და დისციპლინას ასწავლიან.
იაპონიაში ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან მასწავლებლებისა და უფროსებისადმი პატივისცემას
იაპონიის განათლების სისტემა ძალიან დისციპლინირებული და ორგანიზებულია. სასწავლო წელი სამ სემესტრად იყოფა, ამიტომ მოსწავლეებს სულ 6 კვირა აქვთ არდადეგებისთვის და ამ პერიოდშიც უწევთ სწავლა.
თითქმის ყველა სკოლა მოითხოვს მოსწავლეებისგან ფორმის ტარებას, რაც იშვიათობაა მსოფლიოს სხვა ნაწილებში.
გაკვეთილების ფორმალური მისალმების დაწყებით და ფორმის ტარებით, ბავშვები სკოლაში შესვლის მომენტიდანვე გონებრივად ემზადებიან სასწავლო დღისთვის.
სკოლებში მოწოდებული სადილი არა ჰოთ-დოგები ან კარტოფილის ჩიფსების პაკეტი, არამედ ჯანდაცვის ექსპერტების მიერ შემუშავებული კვებითი ღირებულების მქონე კერძებია.
იაპონური საგანამანათლებლო სისტემის სხვა სისტემებისგან განმასხვავებელი მთავარი ასპექტი ეთიკასა და მორალზე ხაზგასმაა. მათი სისტემა მოიცავს დაწყებითი სკოლის 6 წელს, საშუალო სკოლის შემდეგ 3 წელს, საშუალოზე მაღალი სკოლის ასევე 3 წელს და უნივერსიტეტის 4-წლიან სწავლებას.
2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, წიგნიერების 99.9%-იანი მაჩვენებლით, იაპონიას განათლების ერთ-ერთი წამყვანი სისტემა აქვს. მათემატიკის, ენის და ამჟამად STEAM-ის, კოდირებისა და რობოტიკის საგნებში განათლების მიღება ადრეული ასაკიდან, 6 წლიდან იწყება და 16 წლამდე გრძელდება, რაც იაპონიაში სავალდებულო განათლების ასაკობრივი ზღვარია.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონურ სისტემას აკრიტიკებენ ზედმეტად ერთგვაროვნებისათვის, რაც ბავშვებს დამოუკიდებლად აზროვნების ნაკლებ შესაძლებლობას აძლევს, ფაქტია, რომ ის მუშაობს და საკმაოდ კარგადაც. ეს აისახება წიგნიერების მაჩვენებლებში და საერთაშორისო სტანდარტიზებულ ტესტებსა და გამოკითხვებში მაღალი რეიტინგით. გარდა ამისა, 2019 წლის მონაცემებით, იაპონიაში უმუშევრობის მაჩვენებელი 2.29%-ია, მაშინ როცა აშშ-ში 3.79% და რუსეთში 4.43%. ეს ყველაფერი მათი ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო სისტემის დამსახურებაა. სხვა ქვეყნების სასკოლო სისტემების გასაუმჯობესებლად შეგვიძლია იაპონური სასკოლო სისტემით ვიხელმძღვანელოთ.
იაპონიის ამ საგანმანათლებლო სისტემამ ქვეყანას სტაბილური მთავრობის, ასევე ფართოდ განათლებული მოსახლეობის ჩამოყალიბებაში და საერთაშორისო კონკურენტულ ეკონომიკურ ბაზარზე წარმატების მიღწევაში შეუწყო ხელი. აქედანაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ამ სტატიაში ჩვენ შევკრიბეთ იაპონური განათლების სისტემის რამდენიმე ასპექტი, რომელიც სასურველია ჩვენი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში გამოვიყენოთ, რათა შევძლოთ ჩვენს ქვეყნებში განათლების ხარისხისა და წიგნიერების დონის გაუმჯობესება.
რა არის განსაკუთრებული იაპონურ სასკოლო სისტემაში?
იაპონიის განათლების სისტემა ძალიან დისციპლინირებული და ორგანიზებულია. სასწავლო წელი სამ სემესტრად იყოფა, ამიტომ მოსწავლეებს სულ 6 კვირა აქვთ არდადეგებისთვის და ამ პერიოდშიც უწევთ სწავლა. ჩვეულებრივი სასწავლო დღე 6 საათს გრძელდება, სკოლის შემდგომი აქტივობებითა და საშინაო დავალებით გაცილებით მეტი რამაა შესასრულებელი.
ეს სისტემა კარგად მუშაობს. იაპონელი მოსწავლეების მსოფლიო რეიტინგში, სტანდარტიზებული ტესტების ქულებში, მეორე ადგილზე გადიან მათემატიკაში, ხოლო პირველ ადგილზე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და კითხვაში. ასეთი კარგი შედეგის მიზეზი ყველასთვის დამახასიათებელი მკაცრი დისციპლინა და რუტინა, ასევე მოსწავლეებისთვის დაკისრებული უზარმაზარი პასუხისმგებლობებია.
ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან მასწავლებლებისა და უფროსებისადმი პატივისცემას. იაპონურ სკოლაში შესასწავლი საგნები მოიცავს ტრადიციულ საზოგადოებრივ მეცნიერებებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, მათემატიკას, საოჯახო ეკონომიკას, ხოლო ახალი საგნებია STEAM-ი, კოდირება და რობოტიკა.
იაპონური განათლების სისტემის განსაკუთრებული მახასიათებელია ფოკუსირება ბავშვების ყოვლისმომცველ ზრდასა და განვითარებაზე და არა მხოლოდ აკადემიურობაზე. საშინაო (სახლის) ეკონომიკა ასწავლის ისეთ საბაზისო ცხოვრებისეულ უნარებს, როგორიცაა საჭმლის მომზადება, კერვა და სახლის დაზიანებული ნაწილების შეკეთება.
საინტერესო ფაქტები იაპონიის სასკოლო სისტემის შესახებ
იაპონური განათლების სისტემა საკმაოდ განსხვავდება დასავლური სასკოლო სისტემებისგან. მაგალითად, თითქმის ყველა სკოლა მოითხოვს მოსწავლეებისგან ფორმის ტარებას, რაც იშვიათობაა მსოფლიოს სხვა ნაწილებში. იაპონური სკოლის სხვა საინტერესო თავისებურებებია:
1. ორი წყვილი ფეხსაცმელი
ფორმაში გამოწყობილ მოსწავლეებს ორი წყვილი ფეხსაცმელი უნდა ჰქონდეთ, ერთი გარეთ გასასვლელად, მეორე კი – შენობაში შესასვლელად. გარედან შემოსული ტალახი და ჭუჭყი სკოლის სივრცეში ვერ აღწევს. შესასვლელთან ცალკე გამოსაცვლელი ადგილია, სადაც ბავშვები გარეთ გასასვლელ ფეხსაცმელს ტოვებენ (დავამატებდი, სპეციალურ ყუთებში მოწესრიგებულად) და შენობაში შესასვლელს იცვამენ.
ეს თითქმის უჩვეულოა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მაგრამ იაპონელებისთვის ძალიან ჩვეულებრივი რამ არის. თუ ამ პრაქტიკას უფრო დეტალურად ჩაუღრმავდებით, აღმოაჩენთ, რომ ეს წესი ჰიგიენურია და ბავშვებში სისუფთავის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
2. სადილის ხარისხი
- სკოლებში მოწოდებული სადილი არა ჰოთ-დოგები ან კარტოფილის ჩიფსების პაკეტი, არამედ ჯანდაცვის ექსპერტების მიერ შემუშავებული კვებითი ღირებულების მქონე კერძებია. წყლის ან გაზიანი სასმელების ნაცვლად, ბავშვებს საკვებთან ერთად რძეს აძლევენ. სკოლის ეს სადილი სტანდარტიზებულიადა ყველა ძირითადი საკვები ჯგუფის პორციას მოიცავს. რაციონში შედის ბოსტნეული, ხორცი, ბოჭკოვანი საკვები და ბავშვები მთელი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე საჭმელს მიირთმევენ.
-
3. საშუალოზე მაღალი სკოლა სავალდებულო განათლების ბოლო წელია
იაპონელი ბავშვები კანონით მხოლოდ 16 წლამდე არიან ვალდებულნი სკოლაში ისწავლონ. ამის შემდეგ, სწავლის გაგრძელება არჩევითია, თუმცა მოსწავლეთა 96% სწავლის გაგრძელებას და სკოლის დიპლომის მიღებას ირჩევს. ეს იმიტომ ხდება, რომ განათლების ღირებულებას ძალიან ადრეული ასაკიდანვე უსვამენ ხაზს და ამიტომ ბავშვები მოტივირებულნი არიან ისწავლონ, მაშინაც კი, როდესაც კანონით ეს არ არის გათვალისწინებული.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ იაპონური სასკოლო სისტემისგან
გარდა იმისა, რომ იაპონიას სხვა საგანმანათლებლო სისტემებთან შედარებით ყველაზე ხანგრძლივი სასწავლო დღეები აქვს, ის უზრუნველყოფს, რომ სკოლებისთვის გამოყოფილი რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად იქნას გამოყენებული. დაქირავებული მასწავლებლები თავდადებულები და გამორჩეულად პატივცემულები არიან, პლუს კარგი ანაზღაურება აქვთ; ეს მათი მაღალი სტატუსის ნიშანია საზოგადოებაში. იაპონური სასკოლო სისტემების სხვა ასპექტებიც, რისგანაც ჩვენ ყველამ შეგვიძლია ვისწავლოთ, მოიცავს შემდეგს:
- მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახების შეცვლა აკრძალულია.
- სასწავლო გეგმისა და სკოლის სადილის ერთგვაროვნება.
- პასუხისმგებლობა ბავშვებში.
- მასწავლებლის დეტალური ვალდებულებები.
- სკოლის შემდგომი დამატებითი პროგრამები მოსწავლეებისთვის.
- გაკვეთილის დაწყებისა და დასრულების, ასევე მასწავლებლის მისალმების კონკრეტული თანმიმდევრობა.
- შემოქმედებითობის გასაუმჯობესებლად უნიკალური მეთოდები.
- განსაკუთრებული ყურადღება პიროვნების ჩამოყალიბებაზე.
- მჭიდრო კავშირი კულტურასა და ისტორიასთან.
- პროფესიულ განათლებისადმი მნიშვნელობის მინიჭება.
ახლა კი დეტალურად განვიხილავთ თითოეულ ამ ასპექტს:
1.სტუდენტები ერთსა და იმავე საკლასო ოთახში რჩებიან
დასავლურ სკოლებში მოსწავლეები სხვადასხვა საგნის მიხედვით იცვლიან კლასებს. უმეტესწილად, არცერთი მოსწავლე ერთსა და იმავე ოთახში ორ ცალკეულ საგნობრივ გაკვეთილს არ ესწრება. იაპონურ სისტემაში კი პირიქით ხდება; მოსწავლეების ნაცვლად, მასწავლებლები არიან ისინი, ვინც მთელი დღის განმავლობაში საკლასო ოთახებს შორის მოძრაობენ. მოსწავლეებს მთელი წლის განმავლობაში ერთი კლასი აქვთ გამოყოფილი, სადაც ყველა გაკვეთილს გადიან, გარდა ფიზიკური სწავლების, კომპიუტერის, საბუნებისმეტყველო ან STEAM განათლების გაკვეთილებისა, რომლებიც ლაბორატორიას ან ღია ცის ქვეშ მუშაობას მოითხოვს.
ეს მიდგომა მოსწავლეებისთვის სასარგებლოა იმით, რომ მათ არ უწევთ ნივთების სწრაფად შეგროვება და სკოლაში სირბილი შემდეგ გაკვეთილზე მისასვლელად. ეს ხელს უწყობს დერეფნებში გადატვირთულობის მართვას. 30 მოსწავლის ნაცვლად, რომლებიც სხვა კლასში გადადიან, მხოლოდ ერთ მასწავლებელს უწევს გადაადგილება! ეს მოსწავლეების დროსა და ენერგიას ზოგავს.
საკლასო ოთახების თემაზე საუბრისას, აღსანიშნავია იაპონური ენის გაკვეთილის ორგანიზება და დეკორი. კედლებზე გაკრული პლაკატები და ავეჯი განათლების მიზნების შესაბამისი გამოხატულებაა, რაც ტრადიციული საგნების სწავლებასა და თვითდისციპლინის, სისუფთავის, წესრიგის, ხასიათისა და კარგი ზნეობრივი ქცევის სწავლებას გულისხმობს.
2. ერთგვაროვნება
საკვებიდან დაწყებული სასწავლო გეგმითა და ფორმებით დამთავრებული, ყველაფერი ერთიანი წესების მიხედვით ხდება, რათა ყველა სკოლაში ერთგვაროვნება შენარჩუნდეს. ფორმის ტარება სავალდებულოა უფროსკლასელებისთვის ყველა კერძო და საჯარო სკოლაში. ამ მიდგომის უპირატესობა ის არის, რომ უგულებელყოფილია ნებისმიერი სოციალური ბარიერი, რომელსაც ბავშვები შეიძლება წააწყდნენ ძვირადღირებული ბრენდირებული ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოყენებისას.
სკოლის საათებში სადილის პორცია მთელი წლის განმავლობაში ერთნაირია და მზადდება თავად სკოლის ან სკოლის სადილებზე სპეციალიზებული სპეციალური სადილის ცენტრების მიერ. ასევე, თითოეული მოსწავლისთვის მიწოდებული პორციები ერთნაირია.
ყველაფერში ერთგვაროვნება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ერთი საზოგადოების განცდას ქმნის. ის აყალიბებს დისციპლინას. ჩაცმულობასა და კვების ჩვევებში მსგავსება იაპონური კულტურის თანდაყოლილი მახასიათებელია.
იაპონური სკოლების წარმატების მიზეზი ის არის, რომ დირექტორები, მასწავლებლები, კანონმდებლები და მშობლები თანხმდებიან ერთსა და იმავე მიზნებზე, არსებობს ერთგვაროვნება იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მიღწევა სურთ და ისინი ერთად მუშაობენ, რათა მოსწავლეებს ყველა რესურსი მიაწოდონ. განათლების თანმიმდევრული სისტემის მნიშვნელობის აღიარებამ იაპონიას საშუალება მისცა, უზარმაზარი პროგრესისთვის მიეღწია სკოლებში და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სისტემებშიც.
3. პასუხისმგებლობა
იაპონური სასკოლო სისტემის აღმაფრთოვანებელი ნაწილია მათი მიდგომა პასუხისმგებლობის სწავლებისადმი ძალიან ადრეული ასაკიდანვე. 10 წლის ასაკის მოსწავლეებს სკოლაში შესასრულებელი საოჯახო დავალებები ეძლევათ. ეს სასწავლო გეგმის ნაწილია და დაკისრებული მოვალეობების მიღება ან უარყოფა არჩევითი არ არის.
პასუხისმგებლობის სწავლების მიზნით, დაკისრებული ამოცანები მოიცავს სხვა მოსწავლეებისთვის სადილის მირთმევას, კლასების დალაგებას და სკოლის შემდეგ სახლში დამოუკიდებლად წასვლას. ბავშვები პასუხისმგებელნი არიან გაკვეთილზე დროულად გამოცხადებაზე. დაგვიანება მიუღებელია და იშვიათად ხდება. News Lens-სა და სოციალური კვლევების ვებგვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაევალოს პასუხისმგებლობა პატარა ბავშვებს იაპონური წესით.
როდესაც ბავშვებს სკოლაში შესასრულებელი დავალებები ეძლევათ, ისინი ამ ადგილისადმი კუთვნილების გრძნობას განიცდიან. სივრცის მოვლა მათ უფრო მეტად აინტერესებთ და მოტივაციას უქმნის, რომ ის სუფთა იყოს.
ბავშვები მეტს სწავლობენ და აკეთებენ, როდესაც იციან, რას ელიან მათგან. ამ პატარა დავალებების მიცემით ბავშვები აცნობიერებენ, რომ მათგან საზოგადოებაზე ზრუნვას ისე მოელიან, თითქოს ეს მათი სახლი იყოს. პასუხისმგებლობა ასევე მაღალ მოლოდინებს აწესებს ბავშვებისგან, თავის მხრივ, ისინი უფრო მეტს ელიან საკუთარი თავისგან და ცდილობენ მეტის მიღწევას. ყველა ბავშვისთვის პასუხისმგებლობის ერთი და იგივე დონის მინიჭებით, სისტემა აჩვენებს მათ, რომ ყველა ბავშვს აქვს ერთნაირი პოტენციალი, იყოს შესანიშნავი. არცერთი ბავშვი არ არის შეფასებული როგორც დაბალი დონის. ეს საშუალებას აძლევს ბავშვებს თავისუფლად გამოიკვლიონ თავიანთი პოტენციალი.
4. მასწავლებლის მოვალეობები
იაპონიის სასკოლო სისტემაში მასწავლებლებს ბევრი მოვალეობა აქვთ შესასრულებელი. ბავშვების საკლასო დავალებებით დაწყებული, სკოლის შემდგომი ტრენინგებით დამთავრებული. მასწავლებლები მთელი კვირის განმავლობაში ძალიან დაკავებულები არიან. სამასწავლებლო ოთახები მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი, სადაც ისინი გაკვეთილის გეგმებს ამზადებენ და გაკვეთილებს შორის შესვენებისას იმყოფებიან.
ნებისმიერ მოსწავლეს, რომელმაც რაიმე მიზეზით გააცდინა გაკვეთილი ან ჩამორჩება კლასში მყოფ სხვა მოსწავლეებს, შეუძლია კერძო გაკვეთილები გაიაროს მასწავლებლების კაბინეტებში. მასწავლებლების ასეთი მზრუნველობისა და დამატებითი ძალისხმევის შემწეობით, მოსწავლე იშვიათად რჩება კლასში და დროულად ამთავრებს სწავლას იმ თანაკლასელებთან ერთად, ვისთან ერთადაც ჩაირიცხა.
მასწავლებელი ისე უნდა მოიქცეს, რომ ასახავდეს იმ ღირებულებებს, რომელთა ბავშვებისთვის დანერგვასაც სკოლა ცდილობს. მასწავლებლის დისციპლინა და პატიოსნება აისახება მოსწავლეთა ქცევაში. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი ტრადიციულ საგნებში ატარებს გაკვეთილებს, სხვადასხვა სიტუაციის მიმართ მისი დამოკიდებულება ბავშვებს მორალურ განათლებას აძლევს, ამიტომ მასწავლებლებს მოეთხოვებათ გაითვალისწინონ, თუ როგორ მოქმედებენ ისინი არაცნობიერად მოსწავლეებზე.
იმის ნაცვლად, რომ მასწავლებლებმა ბავშვებს არაერთხელ უამბონ სიკეთისა და სიცრუის, კარგისა თუ ცუდის შესახებ, ისინი ამას თავიანთი ქცევით აჩვენებენ და ეს საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვებმა გააცნობიერონ სოციალურად მისაღები ქცევის წესები.
5. დამატებითი სასწავლო გეგმა და სკოლის შემდგომი პროგრამები
ბავშვებში შემოქმედებითი უნარების სტიმულირებისა და საზოგადოებისადმი მსახურების გრძნობის გასაძლიერებლად, მათ მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე და საზოგადოებრივ აქტივობებში. ფესტივალები, გამოფენები, სიმღერები, საზეიმო ღონისძიებები ძალიან გავრცელებულია და სკოლის მოსწავლეების სპექტაკლებში მონაწილეობა იაპონიაში ნორმაა.
კლასგარეშე აქტივობები ასევე მოიცავს სპორტს და სკოლის შემდგომ მოსამზადებელ გაკვეთილებს. სკოლის შემდგომი პროგრამები ძირითადად უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაა, რომელთაც სურთ საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, სკოლა ყოველთვის ნათლად ასახელებს განათლების მთავარ მიზანს, რაც ბავშვებში შემეცნებისა და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებაა. სკოლები ნათლად აცხადებენ, რომ ისინი არ არიან სპორტული ცენტრები ან მუსიკალური დაწესებულებები, ამიტომ მთავარი მიზანი არ არის ბავშვების ფიზიკურ აქტივობებში ან ინსტრუმენტებზე დაკვრაში დახელოვნება. ამისათვის ბავშვებს აქვთ არჩევანი – 16 წლის ასაკში სავალდებულო განათლების დასრულების შემდეგ პროფესიულ სასწავლებლებში წავიდნენ.
6. გაკვეთილის დაწყება და დასრულება კონკრეტული თანმიმდევრობით
სწავლისადმი დამოკიდებულების დასამკვიდრებლად, გაკვეთილები იწყება და მთავრდება რიტუალით, სადაც მოსწავლეები ესალმებიან მასწავლებელს და პატივისცემის ნიშნად თავს ხრიან, შემდეგ კი სთხოვენ მასწავლებელს, ასწავლოს მათ. ეს სიტყვებია: კირიცუ (ადგომა); რეი (თაყვანი ეცით) და ჩაკუსეკი (დაჯექით). გაკვეთილის დასრულების შემდეგ ისინი დგებიან მასწავლებლის სწავლებაში ჩადებული შრომისა და ენერგიისადმი პატივისცემის ნიშნად. გაკვეთილის ბოლოს, მასწავლებელი მადლობას უხდის მოსწავლეებს.
ამ მიდგომის სარგებელი და მიზეზი, რის გამოც მსოფლიოს მისი ადაპტირება სჭირდება, შემდეგია: მოსწავლეები არა მხოლოდ უფრო ენერგიულები არიან გაკვეთილისთვის, არამედ ყურადღების გაფანტვის გარეშე არიან კონცენტრირებული სწავლაზე, რადგან ეს არაცნობიერი შეხსენებაა იმისა, რომ სწავლის დრო დაიწყო.
ფორმალური განათლების სისტემა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უმაღლესი ხასიათის ჩამოყალიბებას, ღრმად ფესვგადგმულ ღირებულებებსა და კარგ ქცევას. ბავშვები ამ ღირებულებებს სახლში ან საბავშვო ბაღის კედლებში სწავლობენ, თუმცა სავალდებულო განათლების წლების განმავლობაში სისტემა ბავშვებს მოტივაციას აძლევს, დაიცვან დისციპლინა და კულტურული ღირებულებები და გამოხატონ სხვების მიმართ პატივისცემა.
7. „უსახელო საღებავების“ კონცეფცია
ბავშვებში შემოქმედებითობისა და ღია აზროვნების გასაუმჯობესებლად იაპონელები იყენებენ სისტემას, რომელსაც უსახელო საღებავები ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მან 2012 წელს Kokuyo Design Award მოიპოვა. საღებავის მილებზე ძირითადი ფერების ლაქებია და ორი ფერის შუაში პლუს ნიშანია, რაც მილში საბოლოო საღებავის ფერს ასახავს. ლაქების ზომები განსხვავებულია და ბავშვს შეუძლია წარმოიდგინოს საღებავის ფერი იმის მიხედვით, თუ რას მიიღებს ლაქების გარკვეულ ნაწილებად შერევით.
უსახელო საღებავების კონცეფცია სკოლის მოსწავლეებს თავისუფლებას აძლევს, სცადონ და ექსპერიმენტები ჩაატარონ საკუთარი გზის საპოვნელად. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური სისტემა გარკვეულწილად ხისტია, მათ შეიმუშავეს სისტემა, სადაც ბავშვებს თავისუფლებას აძლევენ, იყვნენ არა მხოლოდ ისინი, ვინც სინამდვილეში არიან, არამედ, ამავდროულად, წარმოუდგენლად დისციპლინირებულები და უფრო დიდი საზოგადოების ნაწილი.
8. მანერები ცოდნაზე წინ
იაპონიის სასკოლო სისტემა ადრეული ასაკიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვების ქცევასა და მანერებს. ბავშვების აღზრდაში მთელი საზოგადოებაა ჩართული, სკოლა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მორალის ჩამოყალიბებაში. ბავშვებისთვის არსებობს ცალკე სასწავლო გეგმა, სადაც ისინი ცხოვრებისეულ უნარებს სწავლობენ.
ამ სასწავლო გეგმის ფარგლებში ისინი სწავლობენ სხვების, მათ შორის ცხოველებისა და მცენარეების მიმართ სიკეთისა და პატივისცემის გამოვლენას. ისინი სწავლობენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა თვითკონტროლი და თანაგრძნობა.
მორალზე აქცენტი იმაში გამოიხატება, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოცდები არ არსებობს; მათ მხოლოდ კეთილი და მზრუნველი ადამიანებისა და საზოგადოების ღირებული წევრების საფუძვლების შესწავლა მოეთხოვებათ.
როგორც კი ბავშვი საბავშვო ბაღში მოხვდება, მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი ყველაფერში, რასაც ბავშვი სწავლობს. შეიძლება ითქვას, რომ იაპონიამ იპოვა საუკეთესო გზა, რათა მშობლობა ფორმალურ განათლებასთან ინტეგრირდეს. როდესაც ბავშვები ათ წლამდე ასაკის არიან, ისინი ტრადიციულ საგნებს სწავლობენ, მაგრამ ყოველგვარი ტესტების გარეშე, მთავარი აქცენტი კი მორალის შესწავლასა და პიროვნების განვითარებაზეა გაკეთებული. მშობლების ჩართულობა ბავშვების განათლებაში უმცროს კლასებამდე რჩება. მშობლები ინფორმირებულნი არიან სკოლაში მიმდინარე ყველა მოვლენის შესახებ, ამ გზით განათლების მიღების პროცესი სახლშიც გრძელდება, რადგან სახლი არის ადგილი, სადაც ბავშვები ჩვევებსა და ქცევით ნიმუშებს სწავლობენ.
9. კალიგრაფია (შოდო) და პოეზია (ჰაიკუ)
კალიგრაფიისა და პოეზიის შესწავლა ზოგჯერ შედის რეგულარულ საკლასო სასწავლო გეგმაში, ზოგჯერ კი სკოლის შემდგომი პროგრამების ნაწილია. ბავშვებისთვის ამ უნარების სწავლების მიზანია მათი დაკავშირება ქვეყნის კულტურასა და მემკვიდრეობასთან. კულტურულად სტიმულირებად აქტივობებში მოსწავლეების ადრეულ ასაკში ჩართვით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ წინაპრებთან დაკავშირებაში. ამ გზით ბავშვები განიცდიან კავშირის გრძნობას ქვეყანასთან და იზრდებიან ისე, რომ უყვარდეთ და ემსახურონ თავიანთ ერს.
მსოფლიოში არც ისე ბევრი საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემა აქცევს დიდ ყურადღებას კულტურულ აქტივობებს და ბავშვებისთვის ისტორიის სიღრმისეულ პრაქტიკულ გაკვეთილებზე ორიენტირებულობას. თუმცა, იაპონელები მიიჩნევენ, რომ მათი შვილები უკეთეს შედეგებს მიაღწევენ, როდესაც გაიგებენ ერის ისტორიას და ყველაფერ იმას, რაც წინაპრებმა შეძლეს. ეს ავითარებს კუთვნილების გრძნობას და მოსწავლეები უკეთ არიან აღჭურვილნი, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა და მისი რწმენა.
ბავშვებისთვის კალიგრაფიისა და პოეზიის, უფრო ზუსტად კი შოდოსა და ჰაიკუს სწავლების კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ დავეხმაროთ მათ უფროსების გამოცდილებიდან გაკვეთილების სწავლაში. ამ გზით მათ შეუძლიათ გააგრძელონ ერის ზრდა და განვითარება იქიდან, სადაც წინა თაობამ შეწყვიტა, იმავე შეცდომების გამეორების გარეშე, რაც ხალხმა წარსულში დაუშვა.
ეს ფორმალური განათლების ის ასპექტია, რომელიც ყველამ უნდა დავნერგოთ ჩვენს სასკოლო სისტემებში, რადგან იაპონიამ გვაჩვენა, რომ ეს ერთ-ერთი გზაა, რომ მივაღწიოთ მნიშვნელოვან ზრდას, როგორც ერმა და დავტოვოთ ჩვენი კვალი მსოფლიოში.
10. პროფესიული სასწავლებლების პოპულარობა
ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ავიღოთ იაპონური სასკოლო სისტემიდან, არის პროფესიული სკოლის განათლების მიღება. მაშინ როცა მსოფლიო შეპყრობილია უმაღლესი განათლების მიღებითა და უნივერსიტეტის დიპლომით, პროფესიული სასწავლებლები შესანიშნავი ვარიანტია იმ სტუდენტების უმეტესობისთვის, რომლებსაც არ სურთ უნივერსიტეტში სიარული, თეორიის შესწავლა და გამოცდების ჩაბარება კიდევ 4 წლის განმავლობაში.
ისეთი ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების შესწავლა, როგორიცაა დურგლობა ან სოფლის მეურნეობა, ისეთივე სასარგებლოა ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორც უნივერსიტეტის დიპლომი. იაპონიაში სტუდენტები საშუალო სკოლის ან საშუალო სკოლის შემდეგი საფეხურის დასრულების შემდეგ პროფესიულ სასწავლებლებში ირიცხებიან. იაპონიაში ასეთ განათლებას გაცილებით ნაკლები ტაბუ ადევს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. და ეს არის ის, რისი სწავლაც და მსოფლიოს სხვა სისტემებში გამოყენებაც შეგვიძლია.
დასკვნა
იაპონელებმა შეიმუშავეს განათლების არაჩვეულებრივი სისტემა, რომელიც კარგად მუშაობს მათი მოსწავლეებისთვის. ყურადღების გამფანტველი ფაქტორების მინიმიზაცია და ბავშვებში დისციპლინის დანერგვა ზოგავს არაპროდუქტიულ აქტივობებში დახარჯულ დიდ დროს. გაკვეთილების ფორმალური მისალმების დაწყებით და ფორმის ტარებით, ბავშვები სკოლაში შესვლის მომენტიდანვე გონებრივად ემზადებიან სასწავლო დღისთვის.
ამ სისტემის წარმატების გათვალისწინებით, მსოფლიოს შეუძლია და უნდა მიიღოს რამდენიმე მარტივი გზა, რაც იაპონიის სასკოლო სისტემას ასეთ საუცხოოს ხდის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოაღნიშნული რჩევები თქვენი განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად, რათა თქვენს ქვეყანაში ან სკოლაში მოსწავლეებმა ისეთივე კარგი განათლება მიიღონ, როგორც იაპონელმა ბავშვებმა.
ეს რჩევები ადვილად შესასრულებელია სკოლების უმეტესობისთვის, რადგან ისინი არ საჭიროებენ მთელ მსოფლიოში განათლებისადმი მიდგომის რადიკალურ ცვლილებას. გაუზიარეთ ეს ინფორმაციული სტატია თქვენს კოლეგებს და განათლების პოლიტიკის შემქმნელებს, რათა რეალური ცვლილებები შეიტანოთ და გააუმჯობესოთ თქვენი მოსწავლეების განათლების ხარისხი.




