ამაგდარი – მსოფლიოში საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემის სტატუსის მოსაპოვებლად, ფინეთს არ გაუტარებია რაიმე რადიკალური რეფორმა, რომლის გათვალისწინებაც ჩვენ, დანარჩენებს, არ შეგვიძლია. მათ მცირე, მიღწევადი ცვლილებები განახორციელეს საგანმანათლებლო სისტემის გასაუმჯობესებლად და მის დღევანდელ დონემდე მისასვლელად. ფინეთი Universita 21-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა.
მთელ მსოფლიოში საგანმანათლებლო სისტემები ვერ ახერხებენ მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნებისკენ სტიმულირებას. პენის შტატის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, შედეგზე ორიენტირებული მენტალიტეტის გამო, მოსწავლეები უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან ტესტების ქულებზე, ვიდრე გაკვეთილის გაგებაზე. შემოქმედებითობა მოიცავს სამეცნიერო მსჯელობას და პრობლემების გადაჭრის უნარებს, რაც მიიღწევა მოსწავლეებისთვის თავისუფლების მიცემით, ისწავლონ ისე, როგორც თავად სურთ, და არა ყველასთვის სტანდარტიზებული გაკვეთილებით.
კენ რობინსონი თავის Ted Talk-ში ამტკიცებს, რომ დროა, განათლების სისტემა რეფორმირდეს ისეთი სასწავლო გეგმის შესამუშავებლად, რომელიც წაახალისებს შემოქმედებითობას და არა ამჟამინდელ ერთიან ფორმას, რომელიც ყველასთვის სწავლებას იყენებს. STEM განათლება შესანიშნავი საშუალებაა მოსწავლეებში შემოქმედებითობის ხელშესაწყობად. (STEM ნიშნავს – მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას, საგანმანათლებლო მიდგომას, რომელიც აერთიანებს ამ ოთხ ურთიერთდაკავშირებულ სფეროს)
აშშ-ის განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და პრობლემები
- მოსწავლეები დღის დიდ ნაწილს გაკვეთილებსა და სკოლის შემდგომ აქტივობებში ატარებენ.
- გადატვირთული მასწავლებლები და გადატვირთული სკოლები.
- სკოლაში მრავალფეროვნების ნაკლებობა.
- განათლების საბჭოს უუნარობა, შეცვალოს სასწავლო გეგმა ცვლილებების შესაბამისად.
- საბავშვო ბაღიდან კოლეჯამდე გასავლელი გზა, რომლის საშუალებაც საშუალო ამერიკელს აღარ აქვს.
ფინეთს განათლებისადმი ძალიან ჰოლისტური მიდგომა (ჰოლისტური განათლება არის მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია ინდივიდის განვითარების ყველა ასპექტზე და არა მხოლოდ მის აკადემიურ ან ინტელექტუალურ განვითარებაზე) აქვს; ის ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას საკლასო განათლებაზე და უფრო მეტად ახალგაზრდების მიერ მენტალურ განვითარებასა და უნარების შეძენაზეა ორიენტირებული. ფინეთში განათლების რეფორმები ეფექტურია ყველასთვის, სკოლის დონიდან უნივერსიტეტებამდე.
რა შეიძლება ისწავლონ მასწავლებლებმა ფინეთის განათლების სისტემიდან?
ფინეთის განათლების სისტემის ყველაზე მთავრი წესი ყველაფერზე თანასწორობაა. სტანდარტიზებული ტესტები მათი საზომი არ არის, პირიქით, ისინი აფასებენ მოსწავლეთა ემოციურ და კოგნიტურ ზრდას. აქ მოცემულია ფინეთის მიერ გამოყენებული 10 მიდგომა, რომელთაგანაც მთელი მსოფლიოს მასწავლებლებს შეუძლიათ ისწავლონ.
უფრო მცირე ზომის საკლასო ოთახები შემოქმედებითი სწავლების უზრუნველსაყოფად
ფინეთში უფრო პატარა საკლასო ოთახებია, სადაც მასწავლებელს 15-20 მოსწავლესთან უწევს გაკვეთილის ჩატარება. ამ გზით მასწავლებელს შეუძლია გაიგოს ყველა მოსწავლის სხვადასხვა ქცევითი მახასიათებელი და ასწავლოს ისე, რომ მთელი კლასის განვითარებას შეუწყოს ხელი. ფინეთში მასწავლებლები ნაკლებ დროს ატარებენ საკლასო ოთახში და მეტ დროს პატარა ბავშვებთან თამაშში. მათემატიკის ისეთი ძირითადი ცნებებიც კი, როგორიცაა ერთეულები, ათეულები, ასეულები, თავსატეხებისა და ხელნაკეთი ქაღალდების გამოყენებით ისწავლება, რათა მოსწავლეებმა კონცეფცია გაიგონ, ვიდრე ტესტები ჩააბარონ კარგად.
ფინელ მასწავლებელს, ალექსი გუსტაფსონს, პირველკლასელები ეზოში გაჰყავს და მათემატიკას ნამდვილი ჯოხებისა და ფოთლების გამოყენებით ასწავლის. ის მათ ისეთ დავალებებს აძლევს, როგორიცაა „50 ქვის შეგროვება“ და „ქვების 10-კაციან ჯგუფში დადება“. ბავშვები უკეთ სწავლობენ, როდესაც მათ თავისუფლად ყოფნის უფლება აქვთ. გონებრივი მათემატიკა და კოდირების აქტივობები შესანიშნავი ინსტრუმენტებია იმისათვის, რომ შემოქმედებითი მასწავლებლები იყოთ. განათლება მაინცდამაინც საკლასო ოთახში არ მიიღწევა. ფინეთის საგანმანათლებლო სისტემას არ სჯერა გადაღლილი მოსწავლეების, სწორედ ამიტომ იწყება სავალდებულო სწავლა 7 წლიდან, ნაცვლად 3 წლისა, როგორც ეს მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
მეტი პერსონალური ყურადღება
ინდივიდუალური მხარდაჭერა და ხელმძღვანელობა ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი პრინციპებია. ყველა მოსწავლე ერთი და იგივე სწავლების მეთოდებით არ სწავლობს. განსაკუთრებით ის მოსწავლეები, რომელთა მშობლიური ენა ფინური არ არის, მასწავლებლებისგან დამატებით პერსონალურ ყურადღებას იღებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ გაკვეთილზე ჩამორჩენილები არ არიან.
მიშელ ჟორდონი მამამისისა და ქოუჩებისგან პერსონალურ ყურადღებას და მენტორობას იღებდა, რის გამოც ის თავისი წარმატების დიდ ნაწილს მათ მიაწერს.
აშშ-ში სკოლებში ასევე არიან სხვადასხვა იმიგრანტი მოსწავლეები, რომლებსაც ენის შესასწავლად და სკოლაში წარმატების მისაღწევად სპეციალური დახმარება სჭირდებათ, თუმცა ასეთი მოსწავლეები ხშირად ვერ ახერხებენ სწავლას ენობრივი ბარიერის ან სწავლის უნარის დარღვევის გამო.
პროფესიული სკოლა კოლეჯის [უნივერსიტეტის] წინააღმდეგ
ფინეთი ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის საბაზისო ცხოვრებისეული უნარების სწავლებაზე, რაც მათ ეხმარება კარგი შემოსავლის მიღებაში და საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანაში. ტრადიციული K-12 სკოლის ნაცვლად, ფინეთში ყველა ბავშვისთვის მხოლოდ ცხრა სავალდებულო სასწავლო წელია, რის შემდეგაც, 16 წლის ასაკიდან მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ უმაღლესი განათლება ან, უფრო ხშირად, პროფესიული სასწავლებლები იმ უნარების შესასწავლად, რომლებიც უფრო მეტად მოზარდის გონების ზოგად განვითარებაზეა ორიენტირებული, ვიდრე ხარისხის მიღებაზე. რობოტიკასა და კოდირების უნარებს ასევე შეუძლია მდგრადი კარიერის შექმნა.
სტეფანი კლარკმა, ცნობილმა მხატვარმა, მოდის სამყაროში სახელი გაითქვა ქარგვის ოსტატობის შესწავლით. ამჟამად ის უნივერსიტეტის საშუალო კურსდამთავრებულზე მეტს გამოიმუშავებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროფესიული განათლების მიღება ისეთივე ღირებულია, როგორც უმაღლესი განათლების.
მოდუნების ატმოსფერო
ფინეთის სკოლებში მცირე რაოდენობის კლასები და ხანგრძლივი შესვენებებია. მოსწავლეებს შეუძლიათ ადგნენ მოდუნებისთვის ან გარეთ გავიდნენ დასასვენებლად. სკოლა სასწავლო საათების განმავლობაში მოსწავლეებს ხარისხიან და ნოყიერ საკვებს სთავაზობს. ეს მოსწავლეებს არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სოციალურ და გონებრივ ზრდაში ეხმარება.
ბავშვებისთვის სოციალიზაციისთვის თავისუფლად ურთიერთობის უფლების მიცემა, ყოველგვარი სასწავლო გეგმის გარეშე, მათ საშუალებას აძლევს, ისწავლონ ცხოვრებისეული უნარები, რომლებიც უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი ფორმალური განათლება. ეს თავისუფალი დრო ასევე მასწავლებლებს დასვენების საშუალებას აძლევს, რათა ისინი სახლში გადატვირთულები და დაღლილები არ დაბრუნდნენ. ეს სისტემა საუკეთესოდ მუშაობს სკოლის ადრეული წლებისთვის. STEM განათლება (STEM ნიშნავს – მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას, საგანმანათლებლო მიდგომას, რომელიც აერთიანებს ამ ოთხ ურთიერთდაკავშირებულ სფეროს) შემოქმედებითი აქტივობების მეშვეობით ასევე ხელს უწყობს მოდუნებულ ატმოსფეროს.
იმუშავეთ სუსტ მოსწავლეებთან
ფინეთში განათლების მიზანია, სკოლები ისეთ ადგილად აქციოს, სადაც ყველა ყაიდის მოსწავლე თანაბრად სასურველი და დაფასებული იქნება. სკოლა არის ადგილი, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი დისკრიმინაციისგან და ფინელი პედაგოგები სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომის გამოყენებით აძლიერებენ სუსტი მოსწავლეების (ეკონომიურად ან კოგნიტურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების) მხარდაჭერას. ისინი მუშაობენ სუსტი მოსწავლეების ფიზიკურ უნარებსა და გონებრივ განვითარებაზე, რათა გაიგონ პრობლემის ძირითადი მიზეზი.
მასწავლებლები თანმიმდევრულად ასწავლიან მოსწავლეებს, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ შეიძინეს წარმატებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. რადგან არ არსებობს ტესტები, რომლებიც განსაზღვრავს მოსწავლის შეფასებას, სუსტ მოსწავლეს შეუძლია ისწავლოს და მიაღწიოს წარმატებას ცხოვრებისეულ უნარებში და შექმნას კარგი ცხოვრება სკოლის დამთავრების შემდეგ.
ლიპინ რაჯი, პარლამენტის წევრი, ეკონომიკურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი იყო, რომელსაც მხოლოდ 40%-იანი მხედველობა ჰქონდა. მან საშუალო სკოლის დამთავრება და ოცნების სამსახურის შოვნა მენტორების მუდმივი წახალისების წყალობით შეძლო.
სავალდებულო ტესტები არ არის
ფინეთი მოსწავლეებს ტესტებით არ აფასებს. სავალდებულო ტესტები არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ერთ საბოლოო გამოცდას, რომელიც საშუალო სკოლის დამთავრების დროს ტარდება. მოსწავლეებს ქულები არ ენიჭებათ და არც მათ შორის შედარება ხდება. მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, სტანდარტიზებული ტესტი მეექვსე კლასში ჩააბარონ და არა მანამდე.
ფინეთმა გააცნობიერა, რომ მოსწავლეები ტესტში კარგი ქულების მისაღებად ყველაფერს გააკეთებენ, ამიტომ ისინი ყურადღებას სწავლასა და კონცეპტუალიზაციაზე ამახვილებენ და ტესტებში მოსწავლეებს არ აფასებენ. ამის ნაცვლად, ფინეთში მასწავლებლები მოსწავლეებს ინდივიდუალურად აფასებენ, მათ მიერ შექმნილი სისტემების გამოყენებით. რობოტიკა, კოდირება და გონებრივი მათემატიკის აქტივობები მოსწავლეების შესაფასებლად ბევრ ტესტს არ საჭიროებს; შემოქმედებითი აქტივობების ჩატარება შეიძლება საკმარისი იყოს.
განათლების ეს სისტემა იმდენად კარგად მუშაობს, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია.
კარგად განსაზღვრული მიზნები
ფინელები სწავლას უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე ტესტის სირთულეებს. „ჩვენ ბავშვებს ვამზადებთ იმისთვის, რომ ისწავლონ და არა იმისთვის, თუ როგორ ჩააბარონ ტესტი “, – თქვა პასი სალბერგმა, ფინეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პედაგოგმა.
ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის მიზანი ნათელია: ახალგაზრდობის საერთო, სრულფასოვანი განვითარება. მთავრობა მშობლებს 17 წლამდე სკოლაში მყოფი თითოეული ბავშვისთვის თვეში დაახლოებით 150 ევროს უხდის. ამ გზით პედაგოგები უზრუნველყოფენ, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს მშიერი და მოსწავლეთა ყველა ძირითადი მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს სკოლაში და სახლში. სიღარიბე, შიმშილი და უსახლკარობა არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოსწავლეები ვერ ახერხებენ სწავლაზე კონცენტრირებას გაკვეთილებზე ყოფნის დროს და საბოლოოდ ტოვებენ სკოლას.
ყველა პედაგოგი სწავლას უფრო მეტად ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე ზედმეტად ინტენსიურ დატვირთვას; თუმცა, აშშ-ის საგანმანათლებლო სისტემა უფრო მეტად ტესტებსა და ქულებზეა ორიენტირებული.
მოსწავლეებს შორის თანასწორობა
ფინეთში ყველა სკოლა ერთი და იგივე პრინციპით მუშაობს, რომელიც მოსწავლეებისთვის საუკეთესო გარემო პირობების შექმნას გულისხმობს. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, სკოლა ქვეყნის მდიდარ ნაწილშია თუ იმიგრანტების უბანში, მოსწავლეებს ერთნაირი სწავლება აქვთ, რათა ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში თანასწორობა და სტანდარტი შენარჩუნდეს.
პედაგოგები ერთი წყაროდან მოდიან; ყველამ უნივერსიტეტში ჩააბარა, რათა მაგისტრის ხარისხი მიეღო და პედაგოგი გამხდარიყო. ამგვარად, ფინეთში ყველა მასწავლებელი მაღალკვალიფიციური პედაგოგია, რათა ახალგაზრდების მიერ მიღებული განათლების დონე თანასწორი იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მასწავლებლებისთვის მაგისტრის ხარისხი არ არის სავალდებულო, პედაგოგებს შეუძლიათ აიღონ ვალდებულება, იყვნენ მაქსიმალურად კვალიფიციურები მოსწავლეების სასარგებლოდ.
გააკეთე რაც საჭიროა
სკოლის ფსიქოლოგი ფინეთში პედაგოგიური გუნდის ნაწილია და თანამშრომლობს საშინაო მასწავლებელთან, რათა დაეხმაროს სხვადასხვა ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეებს. სკოლების მმართველი და დამფინანსებელი სამთავრობო უწყებები პედაგოგები არიან და არა პოლიტიკოსები ან ბიზნესმენები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფინეთი მზადაა ყველაფერი გააკეთოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად. ფინელები მოსწავლეთა ინტერესებს ასახელებენ მთავარ პრიორიტეტად და არა პოლიტიკას.
ყველას შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ასპექტიდან და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა განათლება პრიორიტეტად იქცეს. ლუჰივუორი ფინეთში მოღვაწე პედაგოგია, რომელმაც 13 წლის მოზარდი ერთი წლით თავის მფარველობის ქვეშ აიყვანა და ყველაფერი გააკეთა მისი სწავლის დონის გასაუმჯობესებლად, რათა მოსწავლეს სახელმძღვანელოები გაეგო. წლების შემდეგ მოსწავლე დაბრუნდა, რათა თავის საოცარი მასწავლებლისთვის ეთქვა, თუ რამდენად დაეხმარა ეს მას.
მასწავლებლები კოლეგებთან კონსულტაციებს მართავენ
ფინეთში მასწავლებლებს მუდმივად არ აფასებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად ატარებენ გაკვეთილებს, პირიქით, მათ ენდობიან, რომ სამუშაო კარგად შეასრულონ, ყოველგვარი ზედმეტი შეზღუდვების გარეშე. ეს საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, საჭიროების შემთხვევაში, გააერთიანონ კლასები, რათა მოსწავლეებმა სწავლების სხვადასხვა მეთოდი შეიმეცნონ.
აშშ-ში მასწავლებლებს შეუძლიათ ეს თავის სკოლებში თავისუფლად თანამშრომლობით გამოიყენონ. არ არსებობს მიზეზი, რომ ამას პოლიტიკამ შეუშალოს ხელი, მიეცით მოსწავლეებს საშუალება, ერთი დღით შეიცვალონ კლასები, თუ სხვა მასწავლებელი უკეთ აუხსნის გაკვეთილს. ჰკითხეთ კოლეგებს მოსწავლეთა სწავლების ისეთი მიდგომის შესახებ, რომლის მიღწევაც თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ. სთხოვეთ სხვებსაც, რომ დროდადრო ჩაერიონ. მასწავლებლები არიან გუნდის ნაწილი, რომელთაც ერთმანეთი უნდა წაახალისონ, რათა მოსწავლეებისთვის უფრო მეტი გააკეთონ.
საბოლოო განაჩენი
საბოლოო ჯამში, ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან ისინი მოსწავლეებს ნამდვილად პრიორიტეტს ანიჭებენ. ტესტების ქულების ფოკუსირებაზე უარი, მოსწავლეებისთვის უფასო სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფა, სუსტ სტუდენტებზე ინდივიდუალურად ორიენტირებული ყურადღება და კვალიფიციური განათლება – ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც ფინეთი მსოფლიოში განათლების სისტემებს შორის პირველ ადგილზეა.
თუ გსურთ, რომ თქვენმა მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებაში და არა მხოლოდ სკოლაში, მაშინ ფინეთის საგანმანათლებლო სისტემაზე დაფიქრება ღირს. დანერგეთ ძირითადი პრინციპები თქვენს საკლასო ოთახებში და ნახეთ, რა განსხვავებას იწვევს ეს მოსწავლეთა ცხოვრებაში. ჩართეთ თქვენი კოლეგები და სხვა პედაგოგები თქვენს ძალისხმევაში, რათა მეტი მოსწავლისთვის სასარგებლო იყოს სასწავლო პროცესი.



