ამაგდარი – ოქსფორდის უნივერსიტეტის ევოლუციურმა ფსიქოლოგმა რობინ იან მაკდონალდ დანბარმა აღმოაჩინა, რომ მეგობრებთან ერთად სასმელის ზომიერად მიღება ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უწყობს ხელს. მისი კვლევა აჩვენებს, რომ სასმელის გაზიარება ტვინის ენდორფინების სისტემას სოციალური კავშირების დასამყარებლად ააქტიურებს და ახლო მეგობრებთან შეხვედრა და მათთან მოკრძალებულად დალევა ადამიანებს დეპრესიისა და მარტოობისგან იცავს.
(რედაქციის შენიშვნა: რობინ იან მაკდონალდ დანბარი, დაბადებული 1947 წელს, ბრიტანელი ბიოლოგიური ანთროპოლოგი, ევოლუციური ფსიქოლოგი და პრიმატების ქცევის სპეციალისტია. დანბარი ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სოციალური და ევოლუციური ნეირომეცნიერების კვლევითი ჯგუფის ემერიტუსია).
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ 2017 წლის 6 იანვარს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება შესაძლოა, კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან იყოს დაკავშირებული, რაც განპირობებულია ადგილობრივ პაბში მეგობრებთან ერთად სასმელის დალევასთან დაკავშირებული სოციალური ურთიერთქმედების გაუმჯობესებით.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევების უმეტესობა ალკოჰოლის მოხმარების ჯანმრთელობის რისკებზე აფრთხილებს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს, შესაძლოა თუ არა სასმელის მიღება სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესებაში თამაშობდეს როლს, ადამიანის სოციალურ აქტივობებთან მისი ხანგრძლივი კავშირის გათვალისწინებით.
სამი ცალკეული კვლევის – პაბის კლიენტების კითხვარზე დაფუძნებული კვლევის, პაბებში სასაუბრო ქცევის დაკვირვებისა და „ნამდვილი ლუდის კამპანიის“ (CAMRA) მიერ ჩატარებული ეროვნული გამოკითხვის – მონაცემების გაერთიანებით, მკვლევრებმა შეისწავლეს, გავლენას ახდენდა თუ არა ალკოჰოლის მოხმარების სიხშირე ან ადგილის ტიპი ადამიანების სოციალურ გამოცდილებასა და კეთილდღეობაზე.
მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ „ადგილობრივ“ რესტორნებსა თუ პაბებს, თავს უფრო სოციალურად ჩართულად და კმაყოფილად გრძნობენ და უფრო მეტად ენდობიან თავიანთი თემის სხვა წევრებს. მკვლევრები ასევე დააკვირდნენ, რომ მათ, ვისაც ადგილობრივი პაბი არ ჰქონდათ, მნიშვნელოვნად მცირე სოციალური ქსელები გააჩნდათ და თავს ნაკლებად ჩართულად გრძნობდნენ და ნაკლებად ენდობოდნენ ადგილობრივ თემებს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ისინი, ვინც ადგილობრივ პაბებში სვამდნენ, უფრო მცირე ჯგუფებში ურთიერთობდნენ, რაც მთელი ჯგუფის საუბარს უწყობდა ხელს, მაშინ როცა ისინი, ვინც ქალაქის ცენტრის ბარებში სვამდნენ, გაცილებით უფრო დიდ ჯგუფებში იყვნენ თავმოყრილნი და ჯგუფურ საუბრებში გაცილებით ნაკლებად მონაწილეობდნენ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განყოფილების პროფესორმა რობინ დანბარმა განაცხადა: „ამ კვლევამ აჩვენა, რომ ადგილობრივ პაბში სიარული პირდაპირ ახდენს გავლენას ადამიანების სოციალური ქსელის ზომაზე და იმაზე, თუ რამდენად არიან ისინი ჩართულნი ადგილობრივ საზოგადოებაში, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი ცხოვრებით“.
„ჩვენი სოციალური კავშირები ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებების წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვან ბუფერს გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ პაბები ტრადიციულად საზოგადოებრივი სოციალიზაციის ადგილის როლს ასრულებენ, ალკოჰოლის როლი, როგორც ჩანს, ენდორფინის სისტემის გააქტიურებაშია, რაც სოციალურ კავშირებს უწყობს ხელს. სხვა კომპლექსური შეკავშირების სისტემების მსგავსად, როგორიცაა ცეკვა, სიმღერა და ისტორიების მოყოლა, ის ხშირად გამოიყენება დიდი სოციალური საზოგადოებების მიერ, როგორც შეკავშირებასთან დაკავშირებული რიტუალი“.
კოლინ ვალენტინმა, CAMRA-ს (the Campaign for Real Ale – ნამდვილი ლუდის კამპანია) ეროვნულმა თავმჯდომარემ, განაცხადა: „პირად კეთილდღეობასა და ბედნიერებას უდიდესი გავლენა აქვს არა მხოლოდ ინდივიდუალურ ცხოვრებაზე, არამედ მთლიანად თემებზე. CAMRA-ს წევრებისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ პაბები ასეთ გადამწყვეტ როლს თამაშობენ ადამიანის კეთილდღეობაში, თუმცა შესანიშნავი ამბავია იმის მოსმენა, რომ ეს სიბრძნე ახლა კვლევითაც დადასტურდა“.
„პაბები უნიკალურ როლს ასრულებენ სოციალური გარემოს შექმნაში, სადაც მეგობრებთან ერთად სასმელის დაგემოვნება პასუხისმგებლიან, ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საზოგადოებრივ გარემოში შეიძლება. სწორედ ამიტომ, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია იმისათვის, რომ ყველას ჰქონდეს „ადგილობრივი“ პაბი ან რესტორანი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მახლობლად – პირველი ნაბიჯი, რისთვისაც უნდა გავაძლიეროთ პაბების დაგეგმარების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში ყოველ კვირას 21 პაბის დახურვა.“
საგანმანათლებლო პორტალი ამაგდარი გთავაზობთ სრული ნაშრომის, „ალკოჰოლის (მოკრძალებული) მოხმარების პრაქტიკული სარგებელი“, ქართულად თარგმანის შემოკლებულ ვარიანტს, რომელიც 2016 წლის 28 დეკემბერს გამოქვეყნდა ჟურნალში „ადაპტური ადამიანის ქცევა და ფიზიოლოგია“.
ალკოჰოლის (მოკრძალებული) მოხმარების პრაქტიკული სარგებელი
ავტორები: რობინ იან მაკდონალდ დანბარი, ჟაკ ლონეი, რაფაელ ვლოდარსკი, კოულ რობერტსონი, ეილუნედ პირსი, ჯეიმს კარნი და დაპადრაიგ მაკკარონი
ალკოჰოლის მოხმარებას ხანგრძლივი და ფართოდ გავრცელებული ისტორია აქვს. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შესახებ ჩატარებული მნიშვნელოვანი კვლევის მიუხედავად, არავის არასდროს დაუსვამს კითხვა, თუ რატომ შეიძლება ის უნივერსალურად გავრცელებულიყო, თუმცა ტრადიციული შეხედულება ვარაუდობს, რომ მისი ერთადერთი სარგებელი ჰედონისტურია. ამის საპირისპიროდ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ალკოჰოლის მოხმარება გავრცელდა იმიტომ, რომ მას აქვს სოციალური სარგებელი, რომელიც ეხება როგორც ჯანმრთელობას, ასევე სოციალურ კავშირებს. კვლევის ავტორებმა ეროვნული კვლევის მონაცემები უფრო დეტალური ქცევითი და დაკვირვებითი კვლევების მონაცემებთან გააერთიანეს, რათა ეჩვენებინათ, რომ სოციალურ მსმელებს ჰყავთ მეტი მეგობარი, რომელთაც შეუძლიათ დაეყრდნონ ემოციური და სხვა სახის მხარდაჭერის მისაღებად. ისინი თავს უფრო ჩართულად გრძნობენ და უფრო ენდობიან ადგილობრივ საზოგადოებას. ცნობილია, რომ ალკოჰოლი ააქტიურებს ენდორფინის სისტემას და ალკოჰოლის სოციალურ მოხმარებას შეიძლება ჰქონდეს იგივე ეფექტი, რაც მრავალ სხვა სოციალურ აქტივობას, როგორიცაა სიცილი, სიმღერა და ცეკვა, რომელსაც ვიყენებთ სოციალური კავშირების მომსახურებისა და განმტკიცების საშუალებად.
შესავალი
ალკოჰოლის მოხმარებას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, ფერმენტირებული სასმელების მოხმარების არქეოლოგიური მტკიცებულებები კი სულ მცირე 7000 წლით თარიღდება. (რედაქციის შენიშვნა: კვლევის ჩატარების დროს ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ საქართველოს 8000 წლის სოფელში არქეოლოგებმა მსოფლიოში ღვინის წარმოების ყველაზე ძველი ფაქტები აღმოაჩინეს. ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში 2017 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ კვლევაში, არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც თბილისიდან სამხრეთით სულ რაღაც 32 კილომეტრის სავალ მანძილზე, გადაჭრილ გორასა და ახლომდებარე სოფელში ცხოვრობდნენ (დღევანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტი), მსოფლიოს ყველაზე ადრეულ პერიოდში იყვნენ მეღვინეები – აწარმოებდნენ დიდი ოდენობით ღვინოს ჩვ.წ.-მდე 6 000 წელს, იმ დროს, როცა პრეისტორიული ადამიანები ჯერ კიდევ დამოკიდებული იყვნენ ქვისა და ძვლის იარაღებზე.)
მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლის მოხმარების გავრცელების მიზეზები იშვიათად არის გამოკვლეული, არსებობს არაპირდაპირი ვარაუდი, რომ მისი ჰედონური – სიამოვნების მიმნიჭებელი (ფიზიოლოგიური ჯილდო) და ანქსიოლიზური (შფოთვის ან სტრესის შემცირება) თვისებები ალკოჰოლური სასმელების უნივერსალური გამოყენების მთავარი მიზეზებია. თუმცა, ალკოჰოლი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალურ კონტექსტებში, რადგან ამცირებს ჩვენს სოციალურ შეზღუდვებს და ამავე დროს წარმოადგენს ენდორფინის სისტემის ძლიერ გამომწვევ მიზეზს.
ალკოჰოლსა და ენდორფინის გამოყოფას შორის კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ ენდორფინების სისტემა ადამიანებსა და არაადამიან პრიმატებში სოციალური კავშირის ცენტრშია. ენდორფინების აქტივაცია არა მხოლოდ უფრო მოდუნებულად გვაგრძნობინებს თავს (ოპიატების ბუნებრივი თვისება), არამედ, როგორც ჩანს, იმუნურ სისტემასაც „არეგულირებს“. ალკოჰოლს ასევე შეიძლება ჰქონდეს არაპირდაპირი სარგებელი ფიზიკურ მდგომარეობაზე ნეირონული ქსელის ზომის/შემადგენლობის ჯანმრთელობასა და გადარჩენაზე დადებითი გავლენის გზით, რაც ფართოდ არის დადასტურებული როგორც ადამიანებში, ასევე პრიმატებში.
შესაძლოა, იმიტომ, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულებას სერიოზული სამედიცინო და სოციალური შედეგები მოჰყვება, ალკოჰოლის მოხმარებაზე ჩატარებული კვლევების უმეტესობა ჭარბი მოხმარების შედეგებზეა ორიენტირებული. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ ალკოჰოლი კვლავ გამოიყენება, განსაკუთრებით სოციალურ კონტექსტში, ბადებს კითხვას, თუ რატომ დაიწყეს ადამიანებმა მისი მოხმარება და კვლავ განაგრძობენ მის ასე ფართოდ გამოყენებას. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ორი პოტენციური სოციალური სარგებელი. ერთი ის არის, რომ ალკოჰოლის მოხმარება აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას და, პირდაპირ თუ ირიბად, ხელს უწყობს მჭიდრო პირადი კავშირების დამყარებას, რომლებიც სოციალურ ქსელებს უდევს საფუძვლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ფუნქციონირებს ისევე, როგორც მრავალი სხვა ქცევითი მექანიზმი (მათ შორის სიცილი, სიმღერა, ცეკვა და ისტორიების მოყოლა), რომლებიც გამოიყენება ენდორფინის სისტემის გასააქტიურებლად, რათა ხელი შეუწყოს ფართომასშტაბიან სოციალურ კავშირებს. კიდევ ერთი შესაძლებლობა ის არის, რომ ალკოჰოლი გარკვეულწილად მოქმედებს ჩვენს სოციალურ ან კოგნიტურ უნარებზე ისე, რომ საშუალებას გვაძლევს უფრო ეფექტურად ვიფუნქციონიროთ სოციალურ სიტუაციებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევამ არ აჩვენა ასეთი ეფექტები, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ალკოჰოლის მოხმარებასა და შემეცნების სულ მცირე ზოგიერთ ფორმას შორის არსებობს ინვერსიული U-ს ფორმის კავშირი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ალკოჰოლის მოხმარების დაბალ-საშუალო დონეს შეიძლება ჰქონდეს სასარგებლო გავლენა შემეცნებაზე და ეს შეიძლება მოიცავდეს სოციალურ შემეცნებას. მაგალითად, რადგან ალკოჰოლის მოხმარება გვაიძულებს, უფრო მეტად მივიღოთ რისკები (და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები, შესაძლოა, მან უფრო მეტად გაგვიჩინოს სურვილი, რომ გავრისკოთ და ვცადოთ ბედი პოტენციურ მეგობართან ურთიერთობის დასამყარებლად.
ამ საკითხის შესასწავლად, ჩვენ ვაერთიანებთ ფართომასშტაბიანი ეროვნული კვლევის მონაცემებს პაბებსა და ბარებში შეგროვებულ მონაცემებთან. რადგან ჩვენი ძირითადი ინტერესი ალკოჰოლის მოხმარების სოციალური ასპექტებია, ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას იმ პირებს შორის განსხვავებებზე, რომლებსაც აქვთ რეგულარული სმის ადგილი („ადგილობრივი“), უფრო შემთხვევით მსმელებზე, რომლებსაც არ აქვთ ასეთი რეგულარული სმის ადგილები და არამომხმარებლებზე. იმის გამო, რომ ისინი ძალიან განსხვავებულ სოციალურ გამოცდილებას გვთავაზობენ, ჩვენ ასევე განვასხვავებთ პატარა „საზოგადოებრივი“ სტილის პაბებსა და ქალაქის ცენტრის ბარებს. სულ მცირე, დიდ ბრიტანეთში, საზოგადოებრივი პაბი, როგორც წესი, ახლოს მდებარეობს იმ ადგილებთან, სადაც მისი კლიენტურა ცხოვრობს ან მუშაობს, ისე, რომ რეგულარული მომხმარებლები საკმარისი სიხშირით სტუმრობენ მას პერსონალისა და კლიენტურის პირადად გასაცნობად; ამ პაბებს, როგორც წესი, აქვთ მკაფიოდ გამოხატული სოციალური ატმოსფერო, უფრო პატარა, უფრო მშვიდი გარემოთი; როგორც წესი, უფრო მეტად ლუდზე არიან ორიენტირებულნი, ვიდრე ღვინოზე და ზოგადად აქვთ ერთ სულ მოსახლეზე დაბალი მოხმარება. ამის საპირისპიროდ, ქალაქის ცენტრის ბარები, როგორც წესი, უფრო დიდია, ჰყავთ გაცილებით ფართო კლიენტურა, უფრო ჰეტეროგენული მოსახლეობიდან და ხშირად არ აქვთ „ადგილობრივი“ საზოგადოებრივი ატმოსფერო; მათი ბიზნეს გეგმები, როგორც წესი, ფოკუსირებულია ალკოჰოლის გაყიდვების მაქსიმიზაციაზე. რადგან საუბარი მეგობრობის დამყარებისა და შენარჩუნების მთავარი საშუალებაა, ჩვენ ასევე ჩავატარეთ ამ ადგილებში საუბრის დინამიკის შესწავლა.
მეთოდოლოგია
ჩვენ ვაერთიანებთ მონაცემებს სამი ცალკეული კვლევიდან: სტრუქტურირებული ეროვნული გამოკითხვა, რამდენიმე პაბში კლიენტების კითხვარზე დაფუძნებული კვლევა და პაბებში სასაუბრო ქცევის დაკვირვებითი კვლევა.
გამოკითხვის ნიმუში
ონლაინ გამოკითხვა CAMRA-მ (the Campaign for Real Ale – ნამდვილი ლუდის კამპანია) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სააგენტო YouGov-ს დაუკვეთა. გამოკითხვა ჩატარდა ერთი კვირის განმავლობაში 2015 წლის ნოემბერში გაერთიანებული სამეფოს ეროვნული შემთხვევითი სტრატიფიცირებული ნიმუშის გამოყენებით 2254 ზრდასრულ (18+ ასაკი), გეოგრაფიული რეგიონის, სქესის და ასაკის წარმომადგენელს შორის. დემოგრაფიული ინფორმაციის გარდა, გამოკითხვაში ასევე იკითხებოდა, თუ რამდენად ხშირად სტუმრობდნენ რესპონდენტები პაბს, სად სვამდნენ და ურთიერთობდნენ, და იყო თუ არა მათი თავშეყრის ადგილი „ადგილობრივი“ პაბი. შემდეგ რესპონდენტებს ჰკითხეს, თუ რამდენად სოციალურად იყვნენ დაკავშირებულნი ადგილობრივ თემთან, სხვისი საკუთარ თავში ჩართვის“ [IOS] შეფასების შკალის გამოყენებით (1–7 ვიზუალური ანალოგიური შკალა, სადაც 1 მიუთითებს დაბალ კავშირზე, ხოლო 7 მაღალ კავშირზე), რამდენად ენდობოდნენ ადამიანებს ზოგადად (0–10 შკალა) და რამდენ ადამიანს მოიაზრებდნენ იმ წრეში, რომელთათვისაც შეეძლოთ დახმარებისთვის მიმართვა, თუ ეს დასჭირდებოდათ. გამოკითხვა ასევე მოიცავდა რესპონდენტების ამჟამინდელი კეთილდღეობის განცდის გაზომვებს დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის გამოკითხვებიდან დაბლა მოცემული შემდეგი კითხვების გამოყენებით, რომლებიც შეფასდა 0-დან („საერთოდ არა“) 10-მდე („ძალიან“) შკალით.
- საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი დღევანდელი ცხოვრებით?
- საერთო ჯამში, რამდენად ბედნიერად გრძნობდით თავს გუშინ?
- საერთო ჯამში, რამდენად გქონდათ შფოთვა გუშინ?
- საერთო ჯამში, რამდენად ღირებულად მიგაჩნიათ ის, რასაც ცხოვრებაში აკეთებთ?
მდებარეობაზე დაფუძნებული კვლევები
პაბებში ქცევის უშუალოდ შესასწავლად, ჩვენ ჩავატარეთ ორი ცალკეული კვლევა პაბებში. პირველი ფოკუსირებული იყო სოციალურ ქცევასა და შემეცნებაზე. ექვს პაბში გამოვყავით 95 ზრდასრული (31 ქალი; საშუალო ასაკი 34.1 ± 11.7 წელი, დიაპაზონი 18–63; ყველა მათგანი ინგლისურენოვანი იყო). ოთხი იყო სათემო პაბი, ხოლო ორი – დიდი ქალაქის ცენტრის ბარი. მონაწილეებს შესთავაზეს მოკლე დავალებების შესრულება პორტატული მოწყობილობებით. მათ ანაზღაურება მიიღეს 5 ფუნტი სტერლინგი გაწეული დროის სანაცვლოდ. დავალებების შესრულების შემდეგ, მათ ჩაუტარდათ ალკოტესტი ალკოჰოლის მოხმარების დასადგენად. ზუსტი მონაცემების მისაღებად, მათ სთხოვეს, რომ კითხვარის დავალებების შესრულებისას არ დაელიათ ალკოჰოლი. შერჩეულ პირთა მხოლოდ 13%-ს აღემატებოდა სისხლში ალკოჰოლის შემცველობის დაშვებული ლიმიტი დიდი ბრიტანეთში ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის და მხოლოდ სამს (3.1%) ჰქონდა ალკოჰოლის ის დონე, რომელიც ორჯერ აღემატებოდა ნასვამ მდგომარეობაში მართვის ლიმიტს.
კითხვარის პირველი ნაწილი ეხებოდა მათ ალკოჰოლის მოხმარების ჩვევებს: რამდენად ხშირად სტუმრობდნენ პაბებს, ყოველკვირეულად რა რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარდნენ, რას სვამდნენ ჩვეულებრივ, დადიოდნენ თუ არა „ადგილობრივ“ პაბში და მოიხმარდნენ თუ არა ალკოჰოლს პაბში მისვლამდე. შემდეგ, მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ, თუ რამდენად კარგად გრძნობდნენ თავს ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირებულად. აღინიშნა იმ სოციალური ჯგუფის ზომა, რომელშიც ისინი იყვნენ. და ბოლოს, მათ მიეცათ ორ სურათზე დაფუძნებული დავალება, რომლებიც შექმნილი იყო უცხო ადამიანების სოციალური შეფასების შესაფასებლად.
პირველ დავალებაში მონაწილეებს აჩვენეს ჩიკაგოს სახეების მონაცემთა ბაზიდან სტანდარტიზებული სახეების 20 ფოტო (10 მამაკაცის და 10 ქალის) და სთხოვეს, შეეფასებინათ ისინი სანდოობის, მისაწვდომობისა და მიმზიდველობის მიხედვით 7-ქულიანი ლიკერტის შკალით (1 = „საერთოდ არა“, 7 = „უკიდურესად“). სახეები შემთხვევით შეირჩა მონაცემთა ბაზიდან, რადგან ჩვენ გვაინტერესებდა არა რეალური მიმზიდველობა, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამდნენ ინდივიდები სახეებს. ეს დავალება აფასებდა ადამიანების მიდრეკილებას, გაეკეთებინათ უცხო ადამიანების სოციალურად რელევანტური შეფასებები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ სურვილზე ურთიერთობის დაწყების მიზნით, ამგვარად აჩვენებდა იმას, ახდენდა თუ არა გავლენას ალკოჰოლი სხვებისადმი მათ სოციალურ შეფასებებზე.
მონაწილეებს ასევე წარედგინათ სოციალური შემეცნების დადასტურებული საზომი („აზრის თვალებში წაკითხვის“ დავალება, RMET) სუბიექტები ხედავდნენ ფოტოების სერიას, რომლებიც აჩვენებდნენ მხოლოდ სახეების თვალის არეს და ოთხი სიტყვის არჩევანს, რომლებიც აღწერდა სხვადასხვა ემოციას. მათ სთხოვეს აერჩიათ, რომელი სიტყვა აღწერდა საუკეთესოდ ფოტოზე ასახულ ემოციას. ეს დავალება ზომავს სხვა ადამიანების სახეებიდან ემოციების ამოცნობის უნარს – უნარს, რომელიც საფუძვლად უდევს ემპათიას (საკუთარი თავის სხვის ადგილას წარმოჩენას) და შესაბამისად, ფიქრების წაკითხვას (ან მენტალიზაციას) – სხვისი აზრების გაგების უნარს (ძირითადი სოციალური უნარი). მენტალიზაცია ადამიანის სოციალურობის ცენტრალური ნაწილის ძირითადი პროცესია. (შენიშვნა: მენტალიზაცია არის ფსიქოლოგიური უნარი, გავიგოთ ფსიქიკური მდგომარეობები, როგორიცაა აზრები, გრძნობები, სურვილები და განზრახვები, რომლებიც განაპირობებენ როგორც ჩვენი, ასევე სხვა ადამიანების ქცევას).
ვინაიდან საუბარი სოციალურობის ცენტრშია, ჩვენ ჩავატარეთ მეორე დაკვირვებითი კვლევა, რომელიც ფოკუსირებული იყო სასაუბრო ქცევაზე შვიდ სხვადასხვა პაბში (ხუთი დიდი ქალაქის ცენტრში მდებარე ბარი და ორი ადგილობრივი საზოგადოებრივი პაბი). Animal Behaviour Pro აპლიკაცია გამოყენებული იქნა iPhone-ებსა და iPad-ებზე 65 ფოკუსური ინდივიდის სასაუბრო ქცევის ჩასაწერად – თითოეული 20 წუთის განმავლობაში (სულ ნიმუშის დრო 21.6 საათი). სუბიექტებს არ მიახლოებიან და მათ არ იცოდნენ, რომ აკვირდებოდნენ. შემთხვევით შეირჩა სუბიექტი აშკარად ურთიერთქმედების მქონე ჯგუფიდან, ჩაიწერა მათი სქესი, ასევე იმ პირთა სქესი, ვისთან ერთადაც ისხდნენ იმ დროს. შემდეგი 20 წუთის განმავლობაში მკვლევარი იწერდა, თუ ვის ესაუბრებოდა ან უსმენდა ფოკუსური ინდივიდი, ასევე, მიდიოდა თუ არა ვინმე ჯგუფიდან. მკვლევრებმა თვალის კონტაქტი და საუბარი გამოიყენეს კრიტერიუმებად იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ჩართული მათ ფოკუსურ პიროვნებასთან. დამკვირვებელი ასევე აღნიშნავდა, როდის არ აქცევდნენ ინდივიდები ყურადღებას საუბარს (რაც განისაზღვრა ისეთი ქცევებით, როგორიცაა საუბრის გარეშე ყოფნა, ჩუმად ჯდომა, ოთახში სხვაგან ყურება, ბარში მომსახურების მოლოდინი ან ტელეფონზე საუბარი). თითოეული საკვლევი პერიოდის ბოლოს, მკვლევარი შემთხვევითობის პრინციპით ირჩევდა ახალ ფოკუსურ ინდივიდს სხვა ჯგუფიდან. ყოველი ადგილიდან თითოეულში, მკვლევრებმა წარმოადგინეს 6 ნიმუში, (რაც მონაცემთა შეგროვების ორ საათს წარმოადგენს), ან იმდენი, რამდენიც იყო ცალკეული ჯგუფები პაბში. ერთი და იგივე სასაუბრო ჯგუფიდან ორი ადამიანი არასდროს ყოფილა შერჩეული. საკვლევი ჯგუფის მონაწილეებად სულ 283 ადამიანი (135 მამაკაცი), მათ შორის 65 ფოკუსური ინდივიდი, ჩაიწერა.
შედეგები
გამოკითხვის მონაცემები
2 254 რესპონდენტიდან 708-მ განაცხადა, რომ არ სვამდა ან იშვიათად სვამდა, 946-მა თქვა, რომ რეგულარულად სვამდა ალკოჰოლს, მაგრამ არ ჰქონდათ „ადგილობრივი“ პაბი, რომელსაც რეგულარულად ესტუმრებოდნენ, ხოლო 447-მა თქვა, რომ ჰქონდათ „ადგილობრივი“ პაბი (153 რესპონდენტმა არ უპასუხა კითხვას). ამ სამი ჯგუფის ფუნქციის მიხედვით, მთავარ კითხვებზე პასუხები გვიხსნის, რომ სამივე კატეგორიას შორის პირადი ბედნიერების, ცხოვრებისეული ღირებულებების აღქმისა და ცხოვრებით კმაყოფილების განსხვავებები მნიშვნელოვანი იყო. ალკოჰოლის არამომხმარებლებსა და მსმელებს შორის განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ რეგულარულად მსმელები მხოლოდ უმნიშვნელოდ განსხვავდებოდნენ მათგან, ვისაც „ადგილობრივი“ პაბი ჰქონდა. ამის საპირისპიროდ, პირადი შფოთვის შეფასებული დონის კატეგორიებს შორის განსხვავებები მნიშვნელოვანი არ იყო.
ეს მონაცემები ერთად აღებული მიუთითებს, რომ ალკოჰოლის დალევას პირდაპირი სარგებელი მოაქვს, განსაკუთრებით მოდუნებულ სოციალურ გარემოში. ეს ეფექტები აშკარად დაკავშირებულია კომპლექსურ უკუკავშირის პროცესში და ანალიზიდან ირკვევა, რომ გარკვეული ტიპის ადამიანები (ისინი, ვინც თავს უფრო კმაყოფილად გრძნობენ თავიანთი ცხოვრებით) უფრო მეტად სტუმრობენ პაბებს და სარგებლობენ ამ ეფექტებით.
პაბში ქცევითი მონაცემები
სხვადასხვა ადგილას შერჩეულ სუბიექტებს შორის სისხლში ალკოჰოლის დონე მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა: 2 × 2 × 2 ANOVA-ს მიხედვით, მომხმარებლის ტიპი („რეგულარული“ vs შემთხვევითი მომხმარებლები: ანუ სვამენ თუ არა „ადგილობრივ“ ბარში ან არა), ადგილი (საზოგადოებრივი პაბი vs ქალაქის ცენტრის ბარი) და სქესი, როგორც ფაქტორები, მნიშვნელოვანი არ იყო (საერთო მოდელი F 3,90 = 1.96, p = 0.126). მხოლოდ სქესი იყო ოდნავ ახლოს მნიშვნელოვანთან, სადაც ქალები საშუალოდ მამაკაცებზე ნაკლებს მოიხმარდნენ ( F 1,90 = 3.39, p = 0.069).
ისინი, ვინც განაცხადეს, რომ „ადგილობრივ“ („რეგულარული“) ან საზოგადოებრივ პაბებში იმყოფებოდნენ, გაცილებით მცირე სოციალურ ჯგუფებში შედიოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ქალაქის ცენტრის ბარებში შემთხვევით სტუმრობდნენ. გაითვალისწინეთ, რომ როგორც ადგილობრივ, ასევე საზოგადოებრივ პაბებში დამსწრე პირები სასაუბრო ზომის ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი (როგორც წესი, მაქსიმუმ 4 ადამიანი ), მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მომხმარებლები და ქალაქის ცენტრის ბარებში მყოფი პირები, როგორც წესი, ისეთ ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი, რომლებიც საუბრებისთვის დადგენილ ნორმატიულ ზღვარს აღემატებოდა.
საუბრის დინამიკა
ყველა ობიექტზე საუბრების საშუალო ზომა იყო 3.44 ± 1.33 სტანდარტული გადახრა. ეს კვლავ მჭიდრო კავშირშია საუბრების ჯგუფის ზომის წინა ნიმუშებთან. მიუხედავად იმისა, რომ საუბრების ჯგუფის საშუალო ზომა ქალაქის ცენტრის ბარებში უფრო დიდი იყო, ვიდრე საზოგადოებრივ პაბებში განსხვავება მნიშვნელოვანი არ იყო. თუმცა, ქალაქის ცენტრის ბარებში საუბრებს მნიშვნელოვნად უფრო დიდი დიაპაზონი ჰქონდა, ვიდრე საზოგადოებრივ პაბებში.
სოციალური ჯგუფის ზომას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მის დინამიკაზე. ადგილმდებარეობის მიუხედავად, ჯგუფის ზომის ზრდასთან ერთად საუბრები უფრო ფრაგმენტული ხდებოდა, საუბრის უწყვეტი მონაკვეთები უფრო მოკლე ხდებოდა და ჯგუფის ზომის ზრდასთან ერთად უფრო მეტი ადამიანი წყვეტდა საუბარს. საუბრის განუწყვეტელი ჯაჭვები ასევე მნიშვნელოვნად მოკლე იყო ჯგუფში იმ პირთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც ყურადღებას არ აქცევდნენ მოსაუბრეს.
ვარიაციის ორმხრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ იმ ადამიანების წილი, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი (ანუ არ აქცევდნენ ყურადღებას) საუბარში, რომლის ნაწილიც ფიზიკურად იყვნენ, მნიშვნელოვნად მაღალი იყო ქალაქის ცენტრის ბარებში, ვიდრე საზოგადოებრივ პაბებში. სინამდვილეში, ქალაქის ცენტრის ბარებში მყოფი ადამიანები მნიშვნელოვნად მეტ დროს ატარებდნენ საუბარში მონაწილეობის გარეშე. პატარა საზოგადოებრივ პაბში არცერთ ფოკუს ჯგუფში არავინ ამოწმებდა ტელეფონს, მაგრამ დიდი ქალაქის ცენტრის ბარებში ადამიანები ხშირად აკეთებდნენ ამას. საერთო ჯამში, ტელეფონებთან გატარებული დრო მნიშვნელოვნად დადებით კორელაციაში იყო უსაუბროდ გატარებულ მთლიან დროსთან. შესაბამისად, საუბრები საზოგადოებრივ პაბებში გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ქალაქის ცენტრის ბარებში. ამ უკანასკნელი ტიპის ადგილებში ადამიანები უფრო ხშირად წყვეტდნენ საუბარს, თუმცა სხვაობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო.
საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი ტიპის პაბებში საუბრები უფრო ხანგრძლივი, ფოკუსირებული და ნაკლებად ფრაგმენტული იყო, ვიდრე ქალაქის ცენტრის ბარებში.
დისკუსია
ამ კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, არსებობდა თუ არა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ალკოჰოლის მოხმარებას სოციალური სარგებელი მოაქვს უბრალო ჰედონისტური „კაიფის“ ან ანქსიოლიზური ეფექტის გარდა. იმის გამო, რომ ალკოჰოლი იწვევს ენდორფინის რეაქციას, ჩვენ გამოვთქვით ჰიპოთეზა, რომ მან შეიძლება გაზარდოს სოციალური კავშირის ხარისხი (სოციალური სიახლოვის გრძნობა) და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად ბედნიერები და სოციალურად ჩართულები ხდებიან ადამიანები. ამის ევოლუციური მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი სოციალური კავშირები გვაძლევს ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებების წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვან ბუფერს. ჩვენ ვიკითხეთ, გავლენას ახდენდა თუ არა ალკოჰოლის სოციალური მოხმარების სიხშირე (ინდექსირებული პაბებში სმის სიხშირით) ან ადგილის ტიპი („ადგილობრივი“ პაბები ბარების წინააღმდეგ) ადამიანების სოციალურ გამოცდილებასა და მათ კეთილდღეობაზე.
გამოკითხვის მონაცემები მიუთითებს, რომ რესპონდენტები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ „ადგილობრივ“ პაბებს, უფრო სოციალურად ჩართულები არიან, თავს უფრო კმაყოფილად გრძნობენ ცხოვრებით და უფრო მეტად ენდობიან თავიანთი საზოგადოების სხვა წევრებს. ჩვენი სოციალური საზომების ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში, ისინი, ვინც „არარეგულარულად“ სვამენ, უფრო სოციალურად ჩართულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ სვამდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს დამოუკიდებელი ეფექტები, რაც განპირობებულია მსმელობითა და სასმელის დასალევად რეგულარული ადგილის ქონით. საერთო ჯამში, ახლო მეგობრების რაოდენობა, რომლებიც ადამიანებს ჰყავთ – ისინი, ვისზეც შეიძლება იმედის დამყარება კრიზისის დროს (ხშირად ცნობილია, როგორც „საყრდენი ძალა“ – „დამხმარე კლიკა“), იგივე მასშტაბისაა, რაც წინა კვლევებში აღმოჩნდა (ამჟამინდელი კვლევა: 6–7; წინა კვლევები: 4–6). (შენიშვნა: „დამხმარე კლიკა“ არის უფრო დიდ სოციალურ ქსელში შემავალი მცირე, მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ეყრდნობიან ემოციური მხარდაჭერის, პრაქტიკული დახმარებისა და რჩევების მისაღებად რთულ პერიოდში).
თუმცა, მათ, ვისაც არ ჰქონდა „ადგილობრივი“ პაბი, მნიშვნელოვნად მცირე სოციალური კავშირები გააჩნდათ და თავს ნაკლებად ჩართულად გრძნობდნენ და ნაკლებად ენდობოდნენ იმ თემებს, რომლის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენდნენ. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ორივე, ცხოვრებით კმაყოფილების გრძნობა და პაბში სტუმრობის სიხშირე დამოუკიდებლად მოქმედებს ბედნიერებასთან და სხვების მიმართ ნდობასთან დაკავშირებულ ცვლადების ერთობლიობაზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს საზოგადოებასთან ჩართულობასა და პირადი ქსელის ზომაზე.
პაბებში ქცევითი კვლევის შედეგებმა დაადასტურა ეროვნული კვლევის შედეგები: საზოგადოებრივ პაბებში (ანუ „ადგილობრივებში“) მსმელი ადამიანები თავს მნიშვნელოვნად უფრო ჩართულად გრძნობდნენ ადგილობრივ საზოგადოებასთან, ვიდრე ქალაქის ცენტრის ბარებში მსმელები. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ „ადგილობრივებში“ მყოფი ადამიანები უფრო მეტად იყვნენ „საუბრის“ ზომის ჯგუფებში, მაშინ როცა ქალაქის ცენტრის ბარებში მსმელები ისეთ ჯგუფებში იყვნენ, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ არა მხოლოდ ბუნებრივი სასაუბრო ჯგუფის ზომას, არამედ „დამხმარე კლიკის“ ტიპურ ზომასაც. სოციალურ გარემოში ამ განსხვავებას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს სოციალური კავშირების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე. ქალაქის ცენტრის დიდ ადგილებში ადამიანები გაცილებით ნაკლებად იყვნენ ჩართულნი ერთმანეთთან, სწრაფად გადადიოდნენ ერთი მოკლე საუბრიდან მეორეზე. შედეგად, მათ ნაკლები დრო აქვთ თავიანთი სოციალური თანამოაზრეების გასაცნობად ან მათთან ურთიერთობების დასამყარებლად. ჩვენ ამას ვხსნით, როგორც იმ ფაქტის ახსნის ნაწილს, რომ ისინი, ვინც რეგულარულად არ დადის „ადგილობრივ“ პაბში, თავს ნაკლებად ჩართულად გრძნობენ საზოგადოებასთან, ნაკლებად კმაყოფილები არიან ცხოვრებით და აქვთ მცირე დამხმარე ქსელები. ამას შეიძლება უფრო ფართო შედეგები მოჰყვეს, რადგან დამხმარე ქსელების („კლიკების“) ზომა იზრდება, რაც გაფართოებული სოციალური ქსელის (ან აქტიური ქსელის) ზომას პროგნოზირებს.
ყოველთვის შესაძლებელია, რომ ქცევაში ეს განსხვავებები პიროვნული განსხვავებებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, ექსტრავერტებს უფრო ფართო სოციალური ქსელები აქვთ, ვიდრე ინტროვერტებს, თუმცა მათი ურთიერთობების საშუალო ხარისხი, როგორც წესი, უფრო სუსტია. ჩვენ არ ჩავრთეთ პიროვნების საზომები, რადგან არ გვინდოდა ჩვენი მონაწილეების გადატვირთვა და, შესაბამისად, აქ ამ შესაძლებლობის შეფასება არ შეგვიძლია. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონკრეტული პიროვნების განზომილებებსა და ჩვენს დამოკიდებულ საზომებს (ბედნიერება, სოციალური ჩართულობა) შორის ნებისმიერი ურთიერთობა, სავარაუდოდ, სოციალური სმის როლით არის განპირობებული, ან სულ მცირე, რომ ეს ორი ეფექტი დამოუკიდებელი და ადიტიურია. თუმცა, ეს ჯერ კიდევ შესამოწმებელია.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება აძლიერებს შემეცნების ზოგიერთ ასპექტს, მათ შორის მეხსიერებას, გონებრივ არითმეტიკას და ინჰიბირებას, ჭარბ მოხმარებას გარდაუვლად აქვს მავნე ზეგავლენა. ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ რაიმე გავლენა ადამიანების შეფასებაზე უცნობი ადამიანების მიახლოების, სანდოობის ან მიმზიდველობის შესახებ სახის ნიშან-თვისებების საფუძველზე, სულ მცირე, ალკოჰოლის მოხმარების მოკრძალებულ დიაპაზონში, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ. ალკოჰოლის ზემოქმედების ლაბორატორიული კვლევების უმეტესობას შორის, სადაც სუბიექტებს ხელოვნურ გარემოში ალკოჰოლის დიდი დოზების მიღება (ზოგიერთ შემთხვევაში, ინტრავენური ინექციით) უწევთ, მნიშვნელოვანი განსხვავებაა ჩვენს რეალურ დაკვირვებით კვლევას შორის, რომელიც ძირითადად ზომიერ სოციალურ სმას მოიცავს. ალკოჰოლის სოციალური მოხმარების სოციალურ შემეცნებაზე რაიმე გავლენის არარსებობა და ცხოვრებით კმაყოფილებისა და სოციალური ჩართულობის უფრო ზოგადი ასპექტების შესახებ დადებითი დასკვნები პაბის გარემოს გარეთ მიუთითებს, რომ ალკოჰოლის როლი უფრო მეტად დაკავშირებულია არსებული ურთიერთობების შენარჩუნებასთან, ვიდრე უცნობებთან ახლის დაწყებასთან.
ვინაიდან ენდორფინის სისტემა ცენტრალურ როლს ასრულებს პრიმატებში (მათ შორის ადამიანებში) სოციალური კავშირების ჩამოყალიბებაში და, როგორც ჩანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ორგანიზმის ენდოგენური და ეგზოგენური დაავადებების საფრთხეებისადმი წინააღმდეგობის უნარზე, ყველაფერი, რაც ააქტიურებს ენდორფინის სისტემას, სავარაუდოდ, მისი აღმოჩენის შემდეგ იქნა გამოყენებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას სერიოზული შედეგები არ მოჰყვება ჯანმრთელობისთვის.
ენდორფინის სისტემის ამაღლებით გამოწვეული პირდაპირი ჯანმრთელობის სარგებლის გარდა, ალკოჰოლის სოციალური მოხმარების მთავარი სარგებელი შეიძლება იყოს ის, რომ ის მოქმედებს ისევე, როგორც ენდორფინის მასტიმულირებელი მრავალი სხვა აქტივობა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ სოციალური და საზოგადოებრივი კავშირისთვის (განსაკუთრებით სიცილი, სიმღერა, ცეკვა და ისტორიების მოყოლაც კი). ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალკოჰოლის მოხმარება ფორმალური ბიოლოგიური გაგებით ადაპტაციაა, არამედ იმის აღმოჩენა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება მექანიზმის (ენდორფინის სისტემის) გასააქტიურებლად, რომელიც სოციალური კავშირის ადაპტაციაა. მართლაც, არქეოლოგებს შორის ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ მარცვლეულის მოყვანა თავდაპირველად ლუდის მოსახარშად დაწყებულა და არა საკვების მისაღებად. ჩვენი ვარაუდით, სოციალური კავშირის დამყარების სხვა აქტივობების მსგავსად, ალკოჰოლის მოხმარება, მისი აღმოჩენის შემდეგ, ჩვენი (მაიმუნებისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნების, პრიმატების სტანდარტებით) დიდი სოციალური თემების კავშირის დამყარებასთან დაკავშირებული აქტივობებისა და რიტუალების კომპლექსური ნაკრების ნაწილად იქცა.
გაფრთხილება: ზომიერი სმის დროს ქალებისთვის დღეში ერთ ჭიქამდე და მამაკაცებისთვის ორ ჭიქამდე ალკოჰოლის მიღებაა გათვალისწინებული.
ლუდი: 350 მლ ჩვეულებრივი ლუდი (როგორც წესი, დაახლოებით 5% ალკოჰოლის შემცველობა).
ღვინო : 175 მლ სუფრის ღვინო (როგორც წესი, დაახლოებით 12% ალკოჰოლის შემცველობა).
სპირტიანი სასმელები: 42 მლ 40% ალკოჰოლის შემცველობის სპირტიანი სასმელები (მაგალითად, არაყი, ვისკი ან რომი).
ეს პოტენციური სარგებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდივიდუალური გენეტიკის, ასაკისა და ჯანმრთელობის ისტორიის მიხედვით. ჯანდაცვის ორგანიზაციები გვირჩევენ, არ დავიწყოთ ალკოჰოლის მიღება მხოლოდ ჯანმრთელობის სარგებლის მიზნით.
ამის მიუხედავად, თუკი, ისტორიულად, ჯანდაცვის ორგანიზაციები ალკოჰოლის ზომიერ მოხმარებას განსაზღვრავდნენ, როგორც ქალებისთვის დღეში 1 ჭიქას ან ნაკლებს და მამაკაცებისთვის დღეში 2 ჭიქას ან ნაკლებს, გლობალური ჯანდაცვის რეკომენდაციები ფუნდამენტურად შეიცვალა და ისეთი მსხვილი სააგენტოები, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ახლა ხაზს უსვამენ, რომ ალკოჰოლის მოხმარების არც ერთი რაოდენობა არ არის სრულიად უსაფრთხო თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ჯანმრთელობის დაცვის სახელმძღვანელო პრინციპები
ამერიკის შეერთებული შტატები: დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლავ ტრადიციულ 1-დან 2-მდე დღიური სასმელის ზღვრულ ნორმას იყენებს, რათა განასხვავოს ზომიერი ქცევა მაღალი რისკის მქონე ქცევისგან, როგორიცაა ჭარბი ან ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება.
საერთაშორისო სტანდარტები: სხვა ქვეყნებმა გაცილებით მკაცრი შეზღუდვები დააწესეს. მაგალითად, კანადის დაბალი რისკის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეკომენდაციით, გრძელვადიანი ჯანმრთელობის რისკების მინიმიზაციის მიზნით, რეკომენდებულია კვირაში მაქსიმუმ ორი სტანდარტული ჭიქის ალკოჰოლის მიღება.
„ზომიერი“ სმის რისკები: ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება ზომიერი დოზითაც კი დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ ქრონიკულ დაავადებებთან. ის ცნობილია, როგორც პირველი ჯგუფის კანცეროგენი, რომელიც ზრდის კიბოს მრავალი სახეობის, მათ შორის სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. გარდა ამისა, ყოველდღიურმა მოხმარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, ძილის დარღვევა და ღვიძლის დატვირთვა.
ვინ უნდა მოერიდოს საერთოდ ალკოჰოლს?
ზომიერების შემთხვევაშიც კი, ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი:
ორსულად მყოფი პირები.
ალკოჰოლის მოხმარების კანონიერ ასაკზე ნაკლები, 21 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი.
ადამიანები, რომლებიც იღებენ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, რომლებიც ურთიერთქმედებენ ალკოჰოლთან.
პირები, რომლებსაც აქვთ სპეციფიკური სამედიცინო მდგომარეობა, როგორიცაა ღვიძლის დაავადება.