ამაგდარი – ევროპის რამდენიმე ქვეყანა ყველა ბავშვს, მათი ოჯახის შემოსავლის მიუხედავად, უფასო სასკოლო კვებას სთავაზობს. შვედეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანდათანობით შემოიღო უფასო სასკოლო კვება დაწყებითი სკოლის ასაკის ყველა ბავშვისთვის, რაც ოჯახიდან წამოღებული შეფუთული სადილის უმეტესობაში საკვების ხარისხთან დაკავშირებით დიდი შეშფოთების ერთგვარი საპასუხო ნაბიჯი იყო.
პროფესორი პეტერ ლუნდბორგი ერთ-ერთია იმ სამი მკვლევარიდან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შეისწავლეს ამ პოლიტიკის გრძელვადიანი სარგებელი შვედეთში და დაადგინეს, რომ როგორც ბავშვებმა, ასევე ფართო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღეს. გთავაზობთ პროფესორ ლუნდბორგთან ინტერვიუს.
რატომ შემოიღო შვედეთმა უნივერსალური უფასო კვება დაწყებითი სკოლებისთვის?
შვედეთმა დაწყებითი სკოლისთვის უფასო კვების საყოველთაო სისტემის (UPFSM) შემოღება 1946 წელს დაიწყო, რადგან იმ დროს პოლიტიკის შემქმნელები უკიდურესად შეშფოთებულნი იყვნენ, რომ სახლიდან ბავშვების მიერ მოტანილი საკვები ძალიან ცოტა კვებით ღირებულებას შეიცავდა. შეშფოთება მოიცავდა როგორც სკოლაში სწავლის სირთულეებს, ასევე მოქალაქეების ფიზიკურ სისუსტეს, რომლებიც არეულობის დროს ქვეყნის დასაცავად ძალიან სუსტები იყვნენ. მთავრობამ 300-გვერდიანი ანგარიშის მომზადება შეუკვეთა ბავშვების სადილის პარკების შიგთავსის გასაანალიზებლად, რათა განეხილათ ის, რაც მათი აზრით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოლიტიკა ბავშვების შიმშილს არ ეხებოდა. პრაქტიკულად ყველას ჰქონდა საკვებზე წვდომა, რადგან შვედეთი იმ დროს მსოფლიოს ხუთ უმდიდრეს ქვეყანას შორის იყო. საკითხი მკაცრად ამ საკვების კვებით შემცველობას ეხებოდა. მოსწავლეთა დაახლოებით ორ მესამედს სახლიდან მოტანილი სადილი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ რძისა და ყველის სენდვიჩებისგან შედგებოდა. მთავრობამ ჩათვალა, რომ საჭირო იყო ჩარევა და ამ პრობლემის მოგვარება.
შეგიძლიათ ახსნათ, როგორ მოახერხა შვედეთმა უნივერსალიზმის დანერგვა?
1946 წელს პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ თუ მუნიციპალიტეტს სკოლებში სადილის შეთავაზება სურდა, მთავრობა გამოყოფდა სუბსიდიებს მთელი ხარჯების დასაფარად, არა მხოლოდ საკვებისთვის, არამედ სამზარეულოების მშენებლობისა და პერსონალის დაქირავებისთვისაც. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტებს გარკვეული მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინათ. სკოლის კვების მენიუები მკაცრად უნდა დაეცვათ, რადგან ის ბავშვებისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიწოდებისთვის იყო შექმნილი. დაფინანსების მისაღებად, შესაბამისობის დამადასტურებელი ქვითრები იყო საჭირო.
თანდათანობით, სულ უფრო მეტი მუნიციპალიტეტი მიმართავდა ამ დაფინანსების მისაღებად და ყველა დაწყებითი კლასის მოსწავლეს სასკოლო სადილს სთავაზობდა. მომდევნო წლებში სახელმწიფომ შეამცირა სუბსიდიები, სანამ 60-იანი წლების ბოლოს მათ სრულად გააუქმებდა, როდესაც ყველა მუნიციპალიტეტმა უკვე დანერგა დაწყებითი სკოლისთვის უფასო კვების უნივერსალური სისტემა (UPFSM). არ არსებობდა კანონი, რომელიც მუნიციპალიტეტებს სასკოლო კვების ყველასთვის გაგრძელებას ავალდებულებდა, მაგრამ პროგრამის აშკარა წარმატების წყალობით, ეს პროცესი გაგრძელდა.
სადღეისოდ, კანონით, ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებულია, დაწყებითი სკოლების ბავშვებს სასკოლო კვება უნივერსალურად მიაწოდოს. მათ აღარ მოეთხოვებათ მკაცრი სასკოლო კვების მენიუს დაცვა, თუმცა სკოლებისგან მოსალოდნელია, რომ დაიცვან სკანდინავიური კვების რეკომენდაციები.
რამ განაპირობა თქვენი ინტერესი დაწყებითი სკოლისთვის უფასო კვების უნივერსალური სისტემის – UPFSM-ის გრძელვადიანი სარგებლის შესწავლის მიმართ?
პროფესორი დენ-ოლოფ რუთი და მე ძველი კოლეგები და მეგობრები ვართ. ორივე ეკონომისტები ვართ, რომლებიც შრომის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში კვლევებს ვატარებთ და ყოველთვის გვაინტერესებდა პოლიტიკის გრძელვადიანი გავლენის შეფასება. შვედეთში UPFSM განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. შვედეთში ამის უნიკალური შესაძლებლობა გვქონდა, რადგან ცოტა ქვეყანას აქვს კარგად გააზრებული სასკოლო სადილის სისტემა, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება.
როგორ ჩაიარა თქვენმა კვლევამ?
ჩვენ სწრაფად მივხვდით, რომ ამის ანალიზი ადვილი არ იქნებოდა. UPFSM შვედეთში 1946 წლიდან 1969 წლამდე გავრცელდა, მაგრამ არავინ იცოდა, ზუსტად როდის შევიდა ეს პოლიტიკა თითოეულ მუნიციპალიტეტში. ამიტომ, ჩვენ ვითანამშრომლეთ ჩემს ერთ-ერთ დოქტორანტთან – დოქტორ იესპერ ალექს-პეტერსენთან – რომელმაც რამდენიმე თვე სტოკჰოლმის გარეთ ეროვნულ არქივში გაატარა იმ ქვითრების მოსაძებნად, რომლებსაც მუნიციპალიტეტები მთავრობას გადასცემდნენ სახელმწიფო სუბსიდიების მისაღებად.
შემდეგ ჩვენ შევძელით გვენახა, თუ როდის დანერგა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა UPFSM და ეს ინფორმაცია დავუკავშირეთ ეროვნული რეესტრის მონაცემებს, რომელიც გვეუბნებოდა, თუ სად ცხოვრობდა თითოეული მოსწავლე. არსებითად, ჩვენ ვიცოდით, ვის ჰქონდა წვდომა სკოლის სასადილოებზე ნებისმიერ დროს და ვის არა. ეს იყო ჩვენი საწყისი წერტილი.
შვედეთში ყველას აქვს პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი. მკვლევრებს, ეთიკური თანხმობის შემთხვევაში, შეუძლიათ შვედეთის სტატისტიკის სამსახურს მოსთხოვონ ამ პირადობის მოწმობების დაკავშირება ჯანდაცვის, განათლებისა და საგადასახადო ჩანაწერებთან. ამან საშუალება მოგვცა, გაგვეანალიზებინა სკოლაში კვების მიმღები ბავშვების გრძელვადიანი შედეგები, შეგვედარებინა ისინი, ვისაც უფასო კვებაზე წვდომა ცხრა წელი ჰქონდათ, იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ნაკლებიპერიოდი ან საერთოდ არ მიუწვდებოდათ ამაზე ხელი.
რა აღმოაჩინეთ?
ყველაზე ადრეული შედეგი, რაც დავინახეთ, ის იყო, რომ სკოლის სადილის პროგრამით მოსარგებლე მოსწავლეები მნიშვნელოვნად მაღლები გახდნენ, რაც ასახავდა საკვები ნივთიერებების მიღებისა და საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. პროგრამაში მონაწილეობის ცხრა წლის შემდეგ, ბიჭები და გოგონები, შესაბამისად, დაახლოებით 0.8 და 0.6 სანტიმეტრით გაიზარდნენ. ბიჭებს ასევე უფრო მეტად ჰქონდათ თითქმის იდეალური ჯანმრთელობა 18 წლის ასაკში, როდესაც ისინი სამხედრო სამსახურში გაწვევის ჯანმრთელობის შემოწმებას გადიოდნენ. თუმცა, ჩვენ აღმოვაჩინეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის მცირე ცვლილება გრძელვადიან პერსპექტივაში – როდესაც ისინი 50 და 60 წელს აღწევდნენ – რაც შეიძლება მრავალი ფაქტორით აიხსნას.
ჩვენ დავინახეთ, რომ რაც უფრო დიდხანს იღებდნენ მოსწავლეები სასკოლო სადილს, მით უფრო მეტი შანსი ჰქონდათ, რომ სკოლაში დარჩენილიყვნენ ან უნივერსიტეტში წასულიყვნენ. ისინი, ვინც დაწყებითი სკოლის განმავლობაში მიირთმევდნენ სადილს, დამატებით 0.28 წლით აგრძელებდნენ სწავლას. კარგი იქნებოდა, ტესტის შედეგებზე ამ ფაქტის გავლენის დანახვა შეგვეძლო, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მონაცემები არსად იყო ხელმისაწვდომი.
უღარიბესი ოჯახების ბავშვები, რომლებიც დაწყებით კლასებში სწავლის განმავლობაში სკოლაში სადილობდნენ, საბოლოოდ, სიცოცხლის განმავლობაში 6%-ით მეტს გამოიმუშავებდნენ. ეს საკმაოდ ბევრია, თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების თანასწორობისკენ მიმართულ სხვადასხვა სოციალურ პოლიტიკას. თუმცა, ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ დადებითი ეფექტები ყველაზე შეძლებული ოჯახების ბავშვებისთვის.
თქვენს კვლევაში აღნიშნულია, რომ თავდაპირველად UPFSM-ის მიმართ გარკვეული წინააღმდეგობა იყო. შეგიძლიათ ამაზე ისაუბროთ?
ჩვენ გავეცანით, თუ რატომ შემოიღო ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა UPFSM პოლიტიკა ადრეულ ეტაპზე, ზოგს კი გარკვეული დრო დასჭირდა. აღმოვაჩინეთ, რომ თავდაპირველად დიდი წინააღმდეგობა იყო, განსაკუთრებით შვედეთის სამხრეთ ნაწილში, სადაც ითვლებოდა, რომ ბავშვების კვება სახელმწიფოს საქმე არ იყო და ამაზე მშობლებს თავად უნდა ეზრუნათ. ამიტომ, უფასო კვების პროგრამის დანერგვა უფრო მეტად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო, სადაც უღარიბესი ოჯახებისთვის უკვე არსებობდა სასკოლო კვების რამდენიმე სქემა. გარკვეულ მომენტში, სამხრეთ რეგიონებმაც კი შეიცვალეს აზრი, რადგან მათ დაიწყეს მოსმენა სავარაუდო სარგებლის შესახებ – რომ ბავშვები უფრო მშვიდები და ყურადღებიანები ხდებოდნენ გაკვეთილზე და ა.შ. დღეს, საყოველთაო სასკოლო სადილის პოლიტიკას მხარს უჭერს მთელი პოლიტიკური სპექტრი. ახლა მიმდინარეობს საუბარი საყოველთაო საუზმის შემოღებაზე, თუმცა, ზოგიერთი უარყოფითი მოსაზრება კვლავ გაჩნდა.
თქვენი კვლევის თანახმად, თქვენი დასკვნები „დღევანდელი დასავლეთის ქვეყნებისთვის აქტუალურია“. როგორ?
შვედეთმა UPFSM პოლიტიკა მრავალი წლის წინ შემოიღო არასწორი კვების პრობლემის მოსაგვარებლად და ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და დღეს ჩვენ ვხედავთ იმავე შეშფოთებას დასავლურ სამყაროში. არსებობს გარკვეული განსხვავებები, რომელთაგან მთავარი ის არის, რომ მაშინ სიმსუქნის მაღალი მაჩვენებელი არ გვქონდა. თუმცა ეს არ ცვლის ფუნდამენტურ იდეას, რომ სკოლები არის ადგილები, სადაც შეგიძლიათ უზრუნველყოთ, რომ ბავშვებმა მიიღონ ჯანსაღი და ნოყიერი საკვები.
დღეს ინგლისში ბევრი ბავშვი სკოლაში მშიერი მიდის. არის თუ არა უნივერსალიზმის უფრო მძლავრად მხარდაჭერა საჭირო სწორედ ამის გამო?
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ შვედეთში ყველა ბავშვისთვის სკოლაში საკვების უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი დადებითი გრძელვადიანი შედეგები ჰქონდა, განსაკუთრებით ღარიბებში. აქედან გამომდინარეობს, რომ უნივერსალიზმი კიდევ უფრო დიდ სარგებელს მოიტანს ქვეყანაში, სადაც უფრო მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვია. და მას შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს მთლიანად საზოგადოებას, სხვა სოციალურ პოლიტიკასთან შედარებით, რომელთა წარმოდგენაც შეგიძლიათ. გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ ამ პოლიტიკის არარსებობა ძალიან ძვირი ჯდება.