განათლება მსოფლიო

უკან წიგნებისკენ – შვედეთი სკოლებში წიგნებს, რვეულებს, ფანქრებსა და ხელით წერას აბრუნებს

ამაგდარი –  ქვეყანა, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში ტექნოლოგიებზე ერთ-ერთ ყველაზე  ორიენტირებული განათლების სისტემა ჰქონდა, ახლა დიდ ინვესტიციას დებს ბეჭდურ სახელმძღვანელოებში და ამავდროულად ამცირებს ტაბლეტებისა და ციფრული მოწყობილობების გამოყენებას, განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებისთვის.

შვედეთი სრულად არ ამბობს უარს ტექნოლოგიებზე, თუმცა ციფრული ხელსაწყოები წამყვანი როლიდან მხოლოდ დამხმარე, მეორეხარისხოვან ინსტრუმენტებად იქნება გამოყენებული. ამ ნაბიჯით ქვეყანა სამაგალითო გახდა სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვისაც (მაგალითად, დანიისა და ფინეთისთვის), რომლებიც ახლა ანალოგიურ რეფორმებს ატარებენ.

შვედეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ცვლილება უკავშირდება მზარდ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ეკრანებზე ჭარბმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კითხვის უნარის დაქვეითებას და საბაზისო უნარების შესუსტებას. მთავრობა ასევე გეგმავს ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ციფრული სწავლების გაუქმებას.

ხელით წერის სამეცნიერო ასპექტები შესაძლოა ამ გადაწყვეტილების ახსნაში დაგვეხმაროს

როდესაც ბავშვები ხელით წერენ, ისინი ააქტიურებენ ტვინის იმ უბნების ფართო ქსელს, რომლებიც მონაწილეობენ მოძრაობაში, მხედველობაში, მეხსიერებაში, ყურადღებასა და ენაში. ბეჭდვისგან განსხვავებით, ხელით წერა, ასოების ფორმების ამოცნობისა და სიტყვების აგების პარალელურად,  მოითხოვს ტვინისგან ნატიფი მოძრაობების ფრთხილად კოორდინაციას. კვლევების თანახმად, ამ ამ უფრო ღრმა დამუშავებას შეუძლია გააუმჯობესოს ასოების ამოცნობა, მართლწერა, კითხვის განვითარება და გრძელვადიანი მეხსიერება.

დაბეჭდილი წიგნებიდან წაკითხვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს უფრო ღრმა გაგებასაც. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები ხშირად უკეთ იმახსოვრებენ ინფორმაციას ქაღალდიდან, ვიდრე ეკრანებიდან, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ფიზიკური გვერდები სივრცით მინიშნებებს იძლევა, რაც ტვინს ინფორმაციის ორგანიზებაში ეხმარება. ციფრულმა კითხვამ, განსაკუთრებით შეტყობინებებთან ან ჰიპერბმულებთან კომბინაციის შემთხვევაში, ასევე შეიძლება გაზარდოს ყურადღების გაფანტულობა და შეამციროს ყურადღების კონცენტრაცია.

ეს არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგიებს განათლებაში ადგილი არ აქვთ. პლანშეტები და კომპიუტერები კვლავ ღირებული არიან კვლევის, თანამშრომლობის, ხელმისაწვდომობისა და ინტერაქტიული სწავლებისთვის. განათლების მრავალი ექსპერტი ამტკიცებს, რომ მიზანი უნდა იყოს ბალანსი – ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებასთან ერთად, ხელით წერა, დაბეჭდილი წიგნების კითხვა და მასწავლებლის, როგორც ხელმძღვანელის როლი მყარ საფუძვლებს უნდა ქმნიდეს ძირითადი უნარების გასავითარებლად.

შვედეთის გადაწყვეტილება ასახავს უფრო ფართო დებატებს, რომელიც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში, რადგან სკოლები ცდილობენ განსაზღვრონ, რამდენად არის ეკრანთან გატარებული დრო ეფექტური და როდის შეიძლება მუშაობდეს უკეთესად ტრადიციული სწავლების მეთოდები.

როგორ ფიქრობთ, ბავშვები ყველაზე უკეთ წიგნებითა და ხელით წერით სწავლობენ თუ პლანშეტებითა და ლეპტოპებით?

დაბლა იხილეთ ამ თემაზე BBC-ის მიერ მომზადებული სტატიის ქართული თარგმანი.

უკან წიგნებისკენ – შვედეთის სკოლები ციფრულ სწავლებას ამცირებენ

შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს საკლასო ოთახებში წიგნების, რვეულებისა და ფანქრების ხელახლა შეტანას, რაც წიგნიერების დონის კლების შეჩერებას ისახავს მიზნად.

თუმცა, ანალოგური ინსტრუმენტების გაორმაგებამ ტექნოლოგიური კომპანიების, პედაგოგებისა და კომპიუტერული მეცნიერების კრიტიკა გამოიწვია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მოსწავლეთა დასაქმების პერსპექტივებზე და ზიანიც კი მიაყენოს სკანდინავიური ქვეყნის ეკონომიკას.

სტოკჰოლმის მახლობლად, ნაკას საშუალო სკოლაში, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ზურგჩანთებიდან და ჩანთებიდან ლეპტოპებს ხსნიან, იმ ნივთებთან ერთად, რომლებსაც, მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ ნაკლებად ხშირად იყენებდნენ.

„ახლა სკოლიდან ხშირად ახალი წიგნებითა და ფურცლებით ვბრუნდები სახლში“, – აცხადებს 18 წლის სოფი. ის ამბობს, რომ ერთმა მასწავლებელმა „დაიწყო ყველა ტექსტის ბეჭდვა, რომელსაც გაკვეთილზე ვიყენებთ“, ხოლო მათემატიკის გაკვეთილებზე ციფრული სასწავლო პლატფორმა მხოლოდ სახელმძღვანელოებით სწავლებით შეიცვალა.

ლეპტოპები შვედეთის საკლასო ოთახებში 2000-იანი წლების ბოლოს და 2010-იანი წლების დასაწყისში გახდა გავრცელებული. ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლისთვის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მუნიციპალური საშუალო სკოლების მოსწავლეთა დაახლოებით 80%-ს ჰქონდა ინდივიდუალური წვდომა ციფრულ მოწყობილობაზე.

სკოლამდელ დაწესებულებებში პლანშეტების სავალდებულო გამოყენება სასწავლო გეგმაში 2019 წელს შევიდა, როგორც „სოციალ-დემოკრატების“ მეთაურობით მოქმედი წინა მთავრობის მისიის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა ყველაზე პატარა ბავშვების მომზადებას სულ უფრო მეტად ციფრული სამუშაოსა და პირადი ცხოვრებისთვის.

თუმცა, ამჟამინდელი მემარჯვენე კოალიცია, რომელიც ხელისუფლებაში 2022 წელს მოვიდა, სწავლებას სხვა მიმართულებით წარმართავს.

„სინამდვილეში, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად მოვიშოროთ ეკრანები“, – ამბობს ჯოარ ფორსელი, „ლიბერალური პარტიის“ განათლების წარმომადგენელი, რომლის ლიდერიც შვედეთის განათლების მინისტრია.

„სკოლის უფრო მაღალი ასაკის ბავშვებში შესაძლოა მათი გამოყენება ცოტა უფრო მეტად იყოს შესაძლებელი, მაგრამ უფრო დაბალი ასაკის ბავშვებში ან სკოლაში, არამგონია, ეკრანები საერთოდ უნდა გამოვიყენოთ.“

მთავრობა ხშირად იყენებდა სლოგანს „från skärm till pärm“, რომელიც შვედურად მიმზიდველად ჟღერს და ითარგმნება, როგორც „ეკრანიდან საქაღალდემდე“.

მთავრობა ამტკიცებს, რომ ეკრანის გარეშე გაკვეთილები ბავშვებისთვის უკეთეს პირობებს ქმნის კონცენტრაციისა და წერა-კითხვის უნარების განვითარებისთვის.

2025 წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება აღარ მოეთხოვებათ და ორ წლამდე ასაკის ბავშვებს პლანშეტები არ ეძლევათ.

წელს, მოგვიანებით, სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვა ამოქმედდება – საგანმანათლებლო მიზნებისთვისაც კი.

შვედეთში მე-4 კლასში კითხვის უნარის დაქვეითების საპასუხოდ, 2023 წელს, შვედეთის მთავრობამ გამოაცხადა 685 მილიონი კრონის (60 მილიონი ევრო ან 64.7 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიციის შესახებ ქვეყნის სკოლებისთვის წიგნების შესაძენად წელს. კიდევ 500 მილიონი კრონი დაიხარჯა ყოველწლიურად, 2024 და 2025 წლებში, სკოლებში სახელმძღვანელოების დაბრუნების დასაჩქარებლად.

სკოლებს უკვე გამოეყოთ 2.1 მილიარდ კრონაზე მეტი (200 მილიონი აშშ დოლარი; 157 მილიონი ფუნტი სტერლინგი) გრანტი სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლის გზამკვლევების ინვესტირებისთვის. სახელმძღვანელოებზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ახალი სასწავლო გეგმა 2028 წელს უნდა გამოქვეყნდეს.

„ნამდვილი წიგნების კითხვა, ნამდვილ ფურცელზე წერა და რეალურ ფურცელზე რეალური რიცხვებით დათვლა გაცილებით უკეთესია, თუ გსურთ, რომ ბავშვებმა მიიღონ საჭირო ცოდნა“, – ამტკიცებს ფორსელი.

მიდგომის ცვლილება 2023 წელს ჩატარებულ კონსულტაციებს მოჰყვა, რომელშიც აკადემიური მკვლევრები, სასწავლო ორგანიზაციები, საჯარო უწყებები და მუნიციპალიტეტები მონაწილეობდნენ.

„ამაღლდა ცნობიერება იმ ცვლილებების შესახებ, რასაც ტექნოლოგიები იწვევს საკლასო ოთახებში“, – აცხადებს დოქტორი სისელა ნატლი, სტოკჰოლმის კაროლინსკას ინსტიტუტთან აფილირებული ნეირომეცნიერი, რომელიც ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, ვინც შეშფოთება გამოთქვა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ნატლი ამბობს, რომ მოსწავლეებმა შესაძლოა კონცენტრაცია დაკარგონ იმ დროს, როდესაც ეკრანებზე სხვა ბავშვების მუშაობას უყურებენ. ის ასევე მიუთითებს საერთაშორისო კვლევების მზარდ რაოდენობაზე, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ციფრულ მოწყობილობებზე ტექსტების კითხვამ შეიძლება ბავშვებისთვის ინფორმაციის დამუშავება გაართულოს და რომ ეკრანის ინტენსიურმა გამოყენებამ შეიძლება უმცროსი ასაკის მოსწავლეების ტვინის განვითარებაზეც კი მოახდინოს გავლენა.

მთავრობა იმედოვნებს, რომ უფრო ტრადიციულ სწავლების მეთოდებზე დაბრუნება ხელს შეუწყობს შვედეთის პოზიციის გაუმჯობესებას PISA-ს რეიტინგში, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ძირითადი საგანმანათლებლო საგნების საორიენტაციო მაჩვენებელს წარმოადგენს. შვედეთის ქულები, რომელიც ოდესღაც საუკეთესო იყო, 2012 წელს მკვეთრად დაეცა და ხანმოკლე აღდგენის შემდეგ, 2022 წელს, მათემატიკასა და კითხვაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ წიგნიერების მხრივ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ მაღალი შედეგი აჩვენა, 2022 წელს ქვეყანამ წიგნიერების მხრივ მაინც უფრო ცუდი შედეგი აჩვენა, ვიდრე ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, დანია და ფინეთი. 15 ან 16 წლის მოსწავლეების თითქმის მეოთხედმა (24%) ვერ მიაღწია წაკითხულის გააზრების საბაზისო დონეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები, რომლებიც მთელ სასკოლო სისტემას უამრავ ეკრანთან ერთად გადიან, საერთაშორისო გამოკითხვებში ჩამორჩებიან“, – ამბობს ფორსელი.

შვედეთში განათლების შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ, საბოლოო ჯამში, შვედი მოსწავლეები ციფრულ ინსტრუმენტებზე წვდომით სარგებლობენ.

თუმცა, კვლევამ ხაზი გაუსვა შვედურ საკლასო ოთახებში ყურადღების გამფანტველი ციფრული ფაქტორების მაღალ გავრცელებას და აჩვენა, რომ მათემატიკის გაკვეთილებზე ციფრული მოწყობილობების ინტენსიური გამოყენება კორელაციაში იყო დაბალ შედეგებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქულები მაინც უფრო მაღალი იყო, ვიდრე მათ შორის, ვინც საერთოდ არ იყენებდა ციფრულ მოწყობილობებს.

შვედეთში მთავრობის მიერ რეგულაციებთან დაბრუნების სტრატეგიამ ბიზნეს საზოგადოებაში ცხარე დებატები გამოიწვია.

შვედური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინდუსტრიის სავაჭრო ასოციაციის ახალი ანგარიში ვარაუდობს, რომ განათლების სისტემის არაციფრულიდან ტრადიციულ მეთოდზე გადასვლა მოსწავლეებს მომავალი სამუშაოებისთვის მოუმზადებლობის რისკს შეუქმნის.

„ყველას სჭირდება ციფრული საბაზისო უნარები სამუშაო ძალაში შესასვლელად“, – ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ყოფილი მასწავლებელი, ჯენი იეპესენი. იგი ციტირებას ახდენს ევროკავშირის ბოლოდროინდელ ანგარიშის, რომლის შეფასებითაც სამუშაო ადგილების 90%-ს მალე ციფრული უნარები დასჭირდება.

შვედეთის მთავრობას სურს, რომ საშუალო სკოლებმა დაიწყონ გაკვეთილების ჩატარება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და რისკებზე, თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ასევე უნდა იყოს სასწავლო გეგმის ნაწილი მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც.

„ასეთი ზომების გარეშე, უფრო მდიდარი ოჯახების მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთა მშობლებიც უფრო მეტად შეძლებენ დახმარებას ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების გაგებაში, უპირატესობას მოიპოვებენ, რაც „ციფრულ უთანასწორობას“ შექმნის, აფრთხილებს ლინკოპინგის უნივერსიტეტის ქცევითი მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი ლინეა სტენლიდენი.

თუმცა, ჯოარ ფორსელი, „ლიბერალური პარტიის“ განათლების წარმომადგენელი, ამტკიცებს, რომ ბავშვებს, სხვა საბაზისო უნარების დაუფლებამდე, ხელოვნური ინტელექტის შესახებ სწავლება არ უნდა ჩაუტარდეთ და უარყოფს იმ აზრს, რომ მთავრობის უფრო ტრადიციული მიდგომა განათლებისადმი უთანასწორობას გააფართოვებს.

„ადამიანებისთვის იმ შესაძლებლობების მიცემა, რომლებსაც უთანასწორობა ართმევს, მხოლოდ სათანადო განათლების მიცემით შეგიძლიათ“, – ამბობს ის.

ნაკაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მოსაზრებებიც იყოფა.

„ინტერნეტმა ახალგაზრდა თაობა ერთგვარად დაიპყრო და შევამჩნიე, რომ მათ უფრო ადვილად ეფანტებათ ყურადღება“, – ამბობს 18 წლის ალექსიოსი, რომელსაც არ სურს, რომ მისმა უმცროსმა და-ძმებმა სკოლაში ციფრული ინსტრუმენტები ისე ხშირად გამოიყენონ, როგორც მისი თაობა იყენებდა.

თუმცა სხვები, ციფრული განათლების მომხრე არიან, თუნდაც დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. მაგალითად 19 წლის ჟასმინი ამბობს: „მოდით, მეტი ყურადღება კომპიუტერებზე გავამახვილოთ. ვიყოთ რეალისტები, მთელი მსოფლიო კომპიუტერებს იყენებს“.

გერმანია, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, ცნობილია სამთავრობო პროგრამებისა და ყველა სახის ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში განთავსების ნელი ტემპით, მათ შორის განათლების სფეროში. სკოლებში დიგიტალიზაციის მდგომარეობა ასევე განსხვავდება ქვეყნის 16 ფედერაციაში, რომლებიც საკუთარ სასწავლო გეგმებზე თავად არიან პასუხისმგებელნი.

ბევრ სტუდენტს შეუძლია სწავლის დასრულება რაიმე სახის სავალდებულო ციფრული სწავლების გარეშე, მაგალითად, კოდირების გარეშე. ზოგიერთი მშობელი წუხს, რომ მათმა შვილებმა შრომის ბაზარზე შესაძლოა, ვერ გაუწიონ კონკურენცია სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტექნოლოგიურად უკეთ მომზადებულ ახალგაზრდებს.

ინტერნეტზე ორიენტირებული გერმანელი მწერალი და კონსულტანტი, საშა ლობო, ფიქრობს, რომ გერმანელი მოსწავლეების განვითარებისთვის ეროვნული ძალისხმევაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა მომავალში ჩამორჩენის რისკის ქვეშ დადგება.

„თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ განათლების ციფრულ ფორმატში გადაყვანას, ვერ ვისწავლით, თუ როგორ მუშაობს დიგიტალიზაცია, მაშინ 20 წლის შემდეგ ჩვენ აღარ ვიქნებით აყვავებული ქვეყანა“, – განაცხადა მან 2022 წლის ბოლოს საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში.

2023 წელ გამოქვეყნებულ ანგარიშში იუნესკომ „განათლებაში ტექნოლოგიების სათანადო გამოყენების სასწრაფო მოწოდება“ გააკეთა. ანგარიში მოუწოდებს ქვეყნებს, დააჩქარონ ინტერნეტ კავშირები სკოლებში, მაგრამ ამავდროულად აფრთხილებს, რომ განათლებაში ტექნოლოგიები ისე უნდა დაინერგოს, რომ არასდროს ჩაანაცვლოს მასწავლებლის მიერ წარმართული პირისპირ სწავლება და ხელი შუწყოს ყველასთვის ხარისხიანი განათლების საერთო მიზანს.