მსოფლიო ამბები

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის იუბილეს აღნიშნავს და თავისი დღეგრძელობის საიდუმლოს გვიზიარებს

მეფე ჩარლზ III ეთელ კატერჰემს ჰოლმარკ ლეიკვიუს მოხუცებულთა სახლში 2025 წლის სექტემბერში შეხვდა.

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი, 117 წლის ბრიტანელი ქალბატონი, ეთელ კატერჰემი უკვე 3 წლის მოვლენილი იყო ამ ქვეყნად ტიტანიკის კატასტროფის დროს, მომსწრეა ორივე მსოფლიო ომის, მნიშვნელოვანი სოციალური და ტექნოლოგიური ცვლილებების, ბერლინის კედლის დაცემისა და გაერთიანებული სამეფოს ექვსი მონარქის მეფობის.

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი 21 აგვისტოს 117 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეთელ კატერჰემი ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ადამიანი 2025 წლის აპრილში გახდა, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი მონაზონი, და ინა კანაბარო ლუკასი, 116 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რა არის ეთელ კატერჰემის საიდუმლო, თუ როგორ იცოცხლო 117 წლამდე?

კატერჰემმა თავისი დღეგრძელობის საოცრად მარტივი ახსნა შემოგვთავაზა. ის ამბობს, რომ თავს არიდებს კამათს, უსმენს სხვა ადამიანებს და დროს უთმობს იმას, რაც მოსწონს. მისი ცხოვრებისადმი მიდგომა, მიუხედავად არაჩვეულებრივი ასაკისა, მარტივი რჩება.

„არასდროს არავისთან არ ვკამათობ, ვუსმენ და ვაკეთებ იმას, რაც მომწონს“, – თქვა მან.

ვინ ითვლება მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად? 

ეთელი, რომელიც „ტიტანიკის“ კატასტროფამდე სამი წლით და რუსეთის რევოლუციამდე რვა წლით ადრე დაიბადა, ასევე ორი მსოფლიო ომის მომსწრე გახდა.

გარდა ამისა, გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, ის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელმაც Covid-19 გადაიტანა, მას შემდეგ, რაც ის 2020 წელს, 110 წლის ასაკში დაინფიცირდა.

თუმცა, გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტულს კვლავ ფრანგი ქალი ჟან კალმანი ფლობს, რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა. მან 122 წელი და 164 დღე იცოცხლა.

ეთელ კატერჰემის ცხოვრების გზა

ქალბატონი კატერჰემი, რომელიც სარის საგრაფოს ქალაქ ლაითვოტერში, ჰოლმარკ ლეიკვიუს მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს, ამ განსაკუთრებულ დღეს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.

ქალბატონი კატერჰემი 115 წლის იუბილეზე. იგი სარის საგრაფოს ქალაქ ლაითვოტერში, ჰოლმარკ ლეიკვიუს მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს

განცხადებაში მან თქვა: „მადლობა ყველა თბილი დაბადების დღის მილოცვისთვის. 117 წლის ასაკშიც კი, ბევრი რამ მოხდა პირველად, ლამას მოფერებიდან დაწყებული მეფესთან ხელის ჩაჭიდებით დამთავრებული“.

„მშვენიერი დღე გავატარე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და მოუთმენლად ველი, თუ რას მომიტანს მომავალი წელი.“

გასული წლის სექტემბერში, ქალბატონ კატერჰემს 116-ე დაბადების დღის შემდეგ, მეფე ჩარლზი ესტუმრა, რომელმაც მას ხელი ჩაჰკიდა საკუთარი თავის წარდგენისას.

ჩარლზთან შეხვედრის დროს მან გაიხსენა მისი 1969 წელს უელსის პრინცის ტიტულის მოპოვება, როდესაც ის 21 წლის იყო და დასძინა: „ყველა გოგონა შეყვარებული იყო შენზე და სურდა შენზე დაქორწინება“.

ქალბატონი კატერჰემი დაიბადა 1909 წლის 21 აგვისტოს, ჰემფშირის საგრაფოს ქალაქ შიპტონ ბელინგერში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ხუთი წლით ადრე. იგი რვა და-ძმიდან მეშვიდე შვილია.

ის უკანასკნელი წარმომადგენელია მეფე ედუარდ VII-ის ეპოქის. მეფე ედუარდ VII 1910 წლის მაისში გარდაიცვალა.

1927 წელს, 18 წლის ასაკში, ეთელ კატერჰემი ინდოეთში გაემგზავრა და 21 წლამდე სამხედრო ოჯახში ძიძად მუშაობდა.

ეთელ კატერჰემი ახალგაზრდობისას

მან თავისი მომავალი მეუღლე, ნორმანი, რომელიც ბრიტანეთის არმიაში პოდპოლკოვნიკი იყო და 1976 წელს გარდაიცვალა, 1931 წელს დიდ ბრიტანეთში გამართულ სადილზე გაიცნო.

ისინი სოლსბერიში ცხოვრობდნენ, ვიდრე გიბრალტარსა და ჰონგ-კონგში გადავიდოდნენ. ქალბატონმა კატერჰემმა ჰონგ-კონგში ყოფნისას საბავშვო ბაღი გახსნა და ორი ქალიშვილი გაზარდა, რომლებიც მასზე ადრე გარდაიცვალნენ.

მისმა ერთ-ერთმა დამ, გლედისმა კი, 104 წელი იცოცხლა.