მაღლა ფოტოზე: ჩქაროსნული მატარებელი ნანტონგში, ძიანგსუს პროვინცია, ჩინეთი ( AFP via Getty)
ჩინეთში ექსპერიმენტულმა ჩქაროსნულმა მატარებელმა აჩქარებაში საკუთარი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და ნულიდან 800 კმ/სთ-მდე სიჩქარე დაახლოებით ხუთ წამში განავითარა, რაც პოტენციურად ულტრამაღალსიჩქარიანი ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მძლავრი მაგლევის (მაგნიტური ლევიტაციის) მატარებელმა ჰუბეის პროვინციაში, დონჰუს ლაბორატორიაში, 1-კილომეტრიან სატესტო ტრასაზე, გაჩერებიდან 800 კმ/სთ სიჩქარე სულ რაღაც 5.3 წამში განავითარა.
მაგლევის ტიპის მატარებლები მაგნიტურ ძალას იყენებენ მთელი მატარებლის ლიანდაგზე ოდნავ მაღლა ასაწევად, რითაც ხახუნს აშორებენ, ხოლო ლიანდაგების გარშემო მოხრილი ხვეულების მიერ წარმოქმნილი მაგნიტური ტალღა მატარებელს წინ ამოძრავებს.
ჩინელმა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ მატარებელს არა მხოლოდ უკიდურესად მაღალი სიჩქარის განვითარება, არამედ დამუხრუჭების სისტემის მეშვეობით კონტროლირებადი გაჩერებაც შეეძლო. ნულიდან 800 კმ/სთ-მდე აჩქარების შემდეგ, მატარებელი თანდათანობით, დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე, გაჩერდა.
ეს ექვსი თვის განმავლობაში მესამე შემთხვევა იყო, როდესაც ერთი და იგივე მატარებელმა მოკლე მანძილზე მაგლევური აჩქარების მსოფლიო რეკორდი მოხსნა.
1.1 ტონიანი მატარებელი პირველად 2025 წლის ივნისში გამოსცადეს, როდესაც მან შვიდ წამში დაახლოებით 650 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. შემდგომ ტესტებში მაგნიტური ძრავით მოძრავმა მატარებელმა საკუთარი რეკორდი მოხსნა, დაახლოებით 700 კმ/სთ და 798 კმ/სთ აჩქარება განახორციელა – დროის მნიშვნელოვნად შემცირების პარალელურად.
ეროვნული მაუწყებლის, CCTV-ის ცნობით, თითოეული საცდელი გაშვების დროს მკვლევრებმა მაქსიმალურად გამოიყენეს რამდენიმე ძირითადი ტექნოლოგია, მათ შორის, მაღალი სიმძლავრის ენერგიის მიწოდება, ელექტრომაგნიტური ძრავა, მაღალსიჩქარიანი ლევიტაციის კონტროლი და საგანგებო დამუხრუჭება.
ჩინეთსა და იაპონიაში ამჟამად მოძრავი მაგლევიანი მატარებლები საათში დაახლოებით 320 კმ სიჩქარით მოძრაობენ. მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კომერციული მაგლევიანი მატარებელი – ჩინეთის ფუსინის მატარებელი – საათში 350 კმ სიჩქარეს აღწევს.
(შენიშვნა: ჩინეთში ფუსინის (复兴号) მატარებელი „გაახალგაზრდავებას“ ან „რენესანსს“ ნიშნავს, რაც ჩინეთის თანამედროვე კლასის, ადგილობრივი წარმოების მაღალსიჩქარიან მატარებლებს აღნიშნავს. ამ სახელის მატარებელი ჩინეთში 2017 წელს გამოვიდა და ის ეროვნულ სიამაყესა და ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას განასახიერებს და უცხოურ დიზაინზე დაფუძნებული ძველი მატარებლების გაგრძელებას წარმოადგენს).

ჩინეთის თავდაცვის ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრები ასევე ქმნიან ულტრამაღალსიჩქარიან მაგლევ მატარებლებს, რომელთა ერთ-ერთი გამოცდის დროს საათში 697 კმ-ის აჩქარება სულ რაღაც ორ წამში იქნა მიღწეული.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ ეტაპზე ტექნოლოგია ადამიანების ტრანსპორტირებისთვის არ არის განკუთვნილი, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ძირითადი პრინციპები საბოლოოდ რაკეტებისა და გამანადგურებლების გაშვების სისტემებს შექმნის.
ჩინელი მეცნიერები ასევე ავითარებენ მსგავს ულტრამაღალსიჩქარიან მაგლევ ტექნოლოგიას, რათა მატარებლებმა დაბალი წნევის ან ვაკუუმის მილებში იმოძრაონ. თუმცა, ამ მხრივ ჩინეთში რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურის ხარჯები, მგზავრების უსაფრთხოება და დიდ მანძილზე ზუსტად გასწორებული ლიანდაგების მშენებლობა.