მსოფლიო ამბები

ტაილანდში 14 წლის ბიჭმა გამზრდელი ბებია და ბაბუა მოკლა, შემდეგ სკოლაში მასწავლებლებს და მოსწავლეებს გაუხსნა ცეცხლი, შედეგად სულ 8 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდის ნონთაბურის პროვინციაში, რომელიც ბანგკოკს ესაზღვრება, 14 წლის ბიჭის მიერ 7 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღით 8 ადამიანის, მათ შორის თავისი ბებიისა და ბაბუის მკვლელობის შემდეგ, ბანგკოკში, დებისირინის სკოლაში, რომელიც იმ სკოლის დაძმობილებული საგანამანათლებლო დაწესებულებაა, სადაც საზარელი დანაშაული მოხდა, ხელისუფლებამ მეტალის დეტექტორები დაამონტაჟა და უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, რადგან მოსწავლეები შაბათ-კვირის შემდეგ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.

ტაილანდის ნონთაბურის პროვინციაში, რომელიც ბანგკოკს ესაზღვრება, 14 წლის ბიჭმა 7 აგვისტოს, ჯერ საკუთარ სახლში, შემდეგ კი სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი დაშავდა, მათგან 9 კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება, თავად მსროლელმა კი, თავი მოიკლა. ეს, ქვეყნის ისტორიაში, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, ყველაზე სისხლიანი მასობრივი სროლა იყო. პოლიციის ცნობით, ყმაწვილმა იარაღის გამოყენება სოციალური მედიის საშუალებით ისწავლა.

14 წლის ეჭვმიტანილმა, რომლის ვინაობაც ხელისუფლებამ არასრულწლოვნების გამო არ გაახმაურა, ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა.

7 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სკოლაში განხორციელებული სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი მასწავლებელი და სკოლის თანამშრომელი დაიღუპა. ტაილანდის პრემიერ-მინისტრის, ანუტინ ჩარნვირაკულმას მიერ იმავე დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, სროლის შედეგად არცერთი მოსწავლე არ იყო დაღუპული. თუმცა, სისხლიანი ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ, სროლის დროს დაჭრილი 12 წლის გოგონა გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობა, მსროლელის ჩათვლით, 9 გახდა.

სკოლაში სროლის შედეგად დაღუპული მასწავლებლის ოჯახის წევრები სასწრაფო დახმარების მანქანაში მიჰყავთ ბანგ კრუაის რაიონში, ნონთაბურის პროვინციაში, ბანგკოკი, ტაილანდი, 2026 წლის 7 აგვისტო. (AFP ფოტო)

ხელისუფლების თქმით, ბიჭის ქმედებები შესაძლოა, მის მიერ სოციალურ მედიაში ძალადობრივი კონტენტის მოხმარებამ, სწავლისა და ოჯახური პრობლემების გამო შფოთვამ და მეგობრებთან კონფლიქტმა განაპირობა.

პოლიციის მაღალჩინოსანმა ათაპოლ ანუსიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 14 წლის მოზარდის მოტივის გამოძიების ფარგლებში მათ ამ დროისთვის 17 მოწმე დაკითხეს.

ტაილანდის ლიდერმა პირობა დადო, რომ იარაღის შესახებ კანონმდებლობას გაამკაცრებს.

ხელისუფლების ცნობით, პრესტიჟული საშუალო სკოლის ადგილობრივი ფილიალის, დებირინ ნონთაბურის სკოლის მოსწავლემ სახლში ბაბუის საკუთრებაში არსებული პისტოლეტით ბებია და ბაბუა მოკლა, შემდეგ კი სკოლაში წავიდა, სადაც ცეცხლი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაუხსნა.

რეპორტიორების კითხვაზე, იყო თუ არა ეს ქმედება წინასწარ განზრახული, პოლიციის მაღალჩინოსანმა ათაპოლ ანუსიტმა უპასუხა, რომ „სავარაუდოდ“ ასე იყო.

პოლიციის მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებს შორისაა სროლის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, მისი მობილური ტელეფონი და დანა, რომელიც მის მიერ სკოლაში წაღებულ ჩანთაში იპოვეს.

პოლიციის თქმით, მისი სახლში არსებული კომპიუტერი მიუთითებს, რომ მას სოციალურ მედიაში ძალადობრივ კონტენტზე ჰქონდა წვდომა და ეჭვმიტანილმა თავდასხმამდე მასობრივი სროლების შესახებ ვებგვერდი მოიძია.

სასამართლო ექსპერტიზის ოფიცრებმა განაცხადეს, რომ გასროლა „საკმაოდ ზუსტი“ იყო და რამდენიმე მათგანი მსხვერპლთა სხეულებზე „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წერტილებს“ მოხვდა.

სკოლის შიგნიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეძებენ მოსწავლეები თავშესაფარს საკლასო ოთახში მაგიდების ქვეშ, მაგიდები კი გადაბრუნებული და ჩახერგილია. სკოლის გარეთ გადაღებულ სხვა კადრებში კი ჩანს, როგორ ეხუტებიან ადამიანები ადგილზე მყოფ სამედიცინო პერსონალსა და პოლიციას.

სასწრაფო დახმარების პერსონალი ერთად დგას დებირინ ნონთაბურის სკოლის ტერიტორიაზე, სკოლაში მომხდარი სროლის ინციდენტის შემდეგ, ბანგ კრუაის რაიონში, ნონთაბურის პროვინციაში, ბანგკოკი, ტაილანდი, 2026 წლის 7 აგვისტო. (როიტერის ფოტო)

ერთ-ერთმა მოსწავლემ BBC- განუცხადა, რომ ის ერთ-ერთი მასწავლებლის წინ იდგა, როდესაც მას ესროლეს. „ის [მასწავლებელი] მელაპარაკებოდა, როდესაც [მსროლელი] გამოჩნდა და ესროლა“, – იხსენებს სკოლის მოსწავლე.

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო შეძრწუნებული მასწავლებლები, მოსწავლეები და ოჯახის წევრები სკოლის გარეთ შეიკრიბნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ, სანამ პოლიცია ადგილს იცავდა და მტკიცებულებების შეგროვებას დაიწყებდა.

ჯანდაცვის მინისტრმა პატანა პრომფატმა 22 დაშავებულის შესახებ განაცხადა, მათ შორის ცხრა კრიტიკულ მდგომარეობაშია. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქაოსიდან გაქცევის დროს დაშავდა, რის გამოც გაურკვეველია, რამდენ მათგანს აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა კიატიხუნ ვერაპონგპრადიტმა განაცხადა, რომ მისი ჯგუფი ადგილზე მაშინ მივიდა, როდესაც სროლა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და მოსწავლეებს, რომელთაც ზურგის, გულმკერდისა და ხელების არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები ჰქონდათ, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. 

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ზედა სართულზე მამაკაცი მასწავლებელი გარდაცვლილი აღმოაჩინეს, ხოლო მეორე კლასში ქალი მასწავლებელი იპოვეს გულმკერდისა და ხელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სროლის შედეგები შეიძლებოდა გაცილებით უარესი ყოფილიყო, რადგან ეჭვმიტანილს იარაღის საკუთარი თავისკენ დამიზნებისას 30-ზე მეტი ვაზნა ჰქონდა დარჩენილი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილი, როგორც ჩანს, სწავლის გამო იყო სტრესში.

„მისი ერთ-ერთი ახლო მეგობრის ინტერვიუებიდან გავიგეთ, რომ ის სტრესის ქვეშ იყო და სწავლასთან დაკავშირებით ზეწოლას უჩიოდა“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს. „მისი ბებია მასწავლებელი იყო და სურდა, რომ მას აკადემიურად კარგი შედეგები ჰქონოდა, ამიტომ, როგორც ამბობენ, ის საკმაოდ მკაცრი იყო მასთან“. მანვე დასძინა, რომ ეჭვმიტანილს „მოქმედების მკაფიო კურსი და კონკრეტული მიზნები“ ჰქონდა.

პოლიციამ  განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად ვერ მოიძებნა მტკიცებულება იმისა, რომ მოზარდი სროლაში ან ცეცხლსასროლი იარაღის სროლის მოედანზე ვარჯიშობდა. თუმცა, მოზარდს მასწავლებელმა ადრე ჩამოართვა ბელტიანი პისტოლეტი, რომელიც მან ონლაინ შეუკვეთა და სკოლაში მიიტანა.

მსხვერპლთან დაახლოებული ერთ-ერთ პირის რეაქცია 2026 წლის 7 აგვისტოს, ტაილანდის ქალაქ ბანგ კრუაის რაიონში, ნონთაბურის პროვინციაში, ბანგკოკის ჩრდილოეთით, დებსირინ ნონთაბურის სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ. ვალერია მონგელი – Anadolu/Getty Images

ხელისუფლების ცნობით, მოზარდი ორი წლის ასაკიდან ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა, რადგან მისი მშობლები ერთმანეთს დაშორებული იყვნენ.

ბიჭის დედამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, „როიტერსს“ განუცხადა, რომ მოზარდი „ნათელი, მხიარული ადამიანი“ იყო და „ნორმალურად იქცეოდა“.

დედამისმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ ბიჭი ბოლოს სკოლის ბოლო არდადეგებზე ნახა.

„ჩვენ ნამდვილად განადგურებულები ვართ, რადგან არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა“, – თქვა მან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოზარდის მამამ ბოდიში მოიხადა ბავშვის ქმედებებისთვის.

ეჭვმიტანილის მამამ CNN-ს განუცხადა, რომ არ იცის, თუ რატომ შეიძლებოდა მისმა შვილს ასეთი ქმედება ჩაედინა.

„ჩემი შვილი დამნაშავეა… მან ხალხს ზიანი მიაყენა“, – განუცხადა მამამ ტელეარხს. „მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს“. მან დასძინა, რომ შვილზე „ძალადობის არანაირი კვალი“ არ შეუმჩნევია. „ჯერ კიდევ არ ვიცი, რატომ მოუწია მას საკუთარი ბაბუისა და ბებიის მოკვლა“, – თქვა მან.

სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა 14 წლის მოზარდი კარგ მოსწავლედ აღწერა, რომელსაც კარგი ნიშნები ჰქონდა. განათლების ორგანოებმა კი თქვეს, რომ ის თამაშებით იყო გატაცებული.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა ადრე განაცხადა, რომ მოზარდის ბებია მასწავლებელი იყო და „შესაძლოა, მკაცრ“ დამოკიდებულებას იჩენდა შვილიშვილის მიმართ.

საზარელი მკვლელობების საქმეზე გამოძიება გრძელდება, ახლობლები კი დაღუპულებს გლოვობენ და სკოლასთან ყვავილები მიაქვთ.

9 აგვისტოს, ნონთაბურის პროვინციაში, ბუდისტურ ტაძარში შავებში ჩაცმული ათობით ადამიანი შეიკრიბა 12 წლის გოგონას დაკრძალვის ცერემონიაზე, რომელიც სროლის დროს დაიჭრა და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

„ის კარგი ბავშვი იყო. ბავშვი, რომელსაც ყველა აქტივობის შესრულება უყვარდა“, – განუცხადა გოგონას მუსიკის მასწავლებელმა AFP-ს. „მას უყვარდა ცეკვა“.

ტაილანდელი სკოლის მოსწავლეები 10 აგვისტოს საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ, ზოგიერთმა მათგანმა მეტალოდეტექტორები და სხვა შემოწმებები გაიარა, რადგან პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა, პარასკევს, 7 აგვისტოს, სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი განზრახვა, გამკაცრდეს იარაღის კონტროლი.

ბანგკოკში, დებისირინის სკოლაში, რომელიც ტაილანდის ნონთაბურის პროვინციაში მდებარე სკოლის დაძმობილებული საგანამანათლებლო დაწესებულებაა, ხელისუფლებამ მეტალის დეტექტორები დაამონტაჟა და უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, რადგან მოსწავლეები შაბათ-კვირის შემდეგ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.

სკოლის დირექტორმა ვითან პრომსინტუსაკმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა თავდასხმისთანავე იმოქმედეს და მშობლების დასამშვიდებლად და მოსწავლეების დასაცავად იარაღის შემოწმება დანერგეს.

„ჩვენ არასდროს წარმოგვედგინა, რომ სკოლა, რომელიც ყველაზე უსაფრთხო სივრცე უნდა იყოს, აღმოჩნდებოდა ისეთი ადგილი, სადაც მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო“, – თქვა მან.

თიდარატ სონგრატმა, ერთ-ერთი მოსწავლის 54 წლის ბებიამ, განაცხადა, რომ იარაღის შემოწმება აუცილებელი იყო, რადგან სკოლებს სხვაგვარად არ შეეძლოთ იმის დადგენა, შეიძლება თუ არა მოსწავლეებს საშიში ნივთები ჰქონდეთ.

7 აგვისტოს მომხდარი სროლის შემდეგ, ტაილანდის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეიმუშავებს სკოლის უსაფრთხოების ახალ პროტოკოლებს, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების წვრთნებს, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს და იარაღისა და სხვა აკრძალული ნივთების გამოვლენის გასაუმჯობესებელ მეთოდებს.

ტაილანდის განათლების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამ ინციდენტის შემდეგ, სკოლებში უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება, განხილული იქნება სკოლებში უსაფრთხოების და მოსწავლეთა დაცვის გაძლიერებული ზომები“. განათლების სამინისტრომ ასევე გამოაცხადა ფინანსური დახმარება, მათ შორის 20 000 ტაილანდური ბატი (605 აშშ დოლარი) მსხვერპლთა ოჯახებისთვის და 5 000 ტაილანდური ბატი (150 აშშ დოლარი) დაშავებულებისთვის.

ტაილანდის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა იოდჩანან ვონგსავატმა ასევე განაცხადა, რომ მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდასაჭერად ფსიქიკური ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმა გამოცხადდება.

პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა, ასევე გამოსცა ბრძანება გამკაცრებული ზომების მიღების შესახებ საჯარო სივრცეში იარაღის ტარების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ პოლიცია საკონტროლო პუნქტებს შექმნის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ფლობაზე, ტარებასა და გამოყენებაზე კონტროლს გაამკაცრებს.

ანუტინის თქმით, „ახალი კანონი იარაღის ტარების უფლებას მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მისცემს“.

„არავის აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილას“, – განუცხადა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ იმის მტკიცება, რომ იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენება, გამართლებას არ წარმოადგენს.

2017 წლის იარაღის შესახებ კვლევის თანახმად, ტაილანდში სამოქალაქო პირების მფლობელობაში დაახლოებით 10.3 მილიონი ცეცხლსასროლი იარაღია, რაც 100 მცხოვრებზე დაახლოებით 15 იარაღს შეადგენს, ეს კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ექსპერტების თქმით, ქვეყნის ამჟამინდელ ლიცენზირების ცენტრს აკლია ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება იარაღის ფლობის მსურველი პირებისთვის, იარაღის ფლობის უფლებას 20 წლამდე ასაკის პირებსაც კი აძლევს და ლიცენზიის მფლობელებისთვის პერიოდული ხელახალი შეფასება არ არის მოთხოვნილი.

ტაილანდში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამოქალაქო პირებში იარაღის ფლობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ბოლო წლებში რამდენიმე მასობრივი სროლა მოხდა, რამაც ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლის გამკაცრების მოწოდებები გამოიწვია.

2022 წელს, ყოფილმა პოლიციელმა 30-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა ბავშვი, იარაღისა და დანის გამოყენებით მოკლა ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბავშვთა დღის ცენტრში. ერთი წლის შემდეგ, 2023 წელს, მოზარდმა ორი ადამიანი მოკლა ბანგკოკის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში.

დღეს კი, 10 აგვისტოს, ბანგკოკის მახლობლად, იმავე პროვინციაში, სადაც 7 აგვისტოს 14 წლის მოზარდმა საზარელი მკვლელობები ჩაიდინა, ადგილობრივი მთავრობის ოფისში, შეიარაღებულმა პირმა ტაილანდელი ჩინოვნიკი მოკლა.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილმა, ყოფილმა კანონმდებელმა ჩალონგ რივრანგმა, ბანგკოკთან მოსაზღვრე ნონთაბურის პროვინციული ადმინისტრაციული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნასესხებ ფულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ცეცხლი გაუხსნა.

„მოტივი პირადი იყო“, – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის გენერალ-ლეიტენანტმა ვატანა იჯინმა და დასძინა, რომ პროვინციის ჩინოვნიკის მძღოლიც დაიჭრა, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

როგორც „როიტერსს“ საავადმყოფოს დირექტორმა, დოქტორმა საკოლ სუკპრომემ განუცხადა, ჩინოვნიკი მოგვიანებით ნონთაბურის „ფრა ნანგ კლაოს“ საავადმყოფოში, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

პოლიციის დაკავების დროს ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩალონგმა თქვა, რომ ის მსხვერპლთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მოსალაპარაკებლად მივიდა, თუმცა ამ უკანასკნელმა საუბარი არ ისურვა.

„მაგრამ, როდესაც ის მანქანით მიდიოდა, მან იარაღი ამოიღო“, – თქვა ჩალონგმა მსხვერპლზე საუბრისას: „მე გავისროლე“.

პოლიციამ არ გასცა ინფორმაცია იმის შესახებ, შეიარაღებული იყო თუ არა მოკლული ჩინოვნიკი.