ამაგდარი – ინგლისში დაწყებითი სკოლები ვალდებულნი იქნებიან, გამოავლინონ ბავშვები, რომლებიც 16 წლის ასაკში, განათლების სისტემის დატოვების შემდეგ, სამსახურის პოვნის რისკის ქვეშ იქნებიან.
ალან მილბერნმა, რომელიც ბრიტანეთში ახალგაზრდების უმუშევრობის კრიზისის მიმოხილვას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ის განათლების პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებებისა და შეღავათების სისტემის რესტრუქტურიზაციისკენ მოუწოდებს.
ბრიტანულ „გარდიანთან“ საუბრისას მან განაცხადა, რომ მინისტრებმა „ვინმე პასუხისმგებლიანი პირი უნდა“ გამოკვეთონ იმ ბავშვების იდენტიფიცირებისა და მხარდაჭერისთვის, რომლებიც GCSE-ის (General Certificate of Secondary Education) საშუალო განათლების ზოგადი სერტიფიკატის მიღების პერიოდისთვის, ანუ როცა 16 წლის ხდებიან, 24 წლის ასაკის მიღწევამდე „ნიტის“ (Neet – not in employment, education or training) სტატუსის მოპოვების რისკის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდნენ (Neet – არ არიან დასაქმებულები, არ სწავლობენ ან არ არიან ტრენინგებში ჩართული). (შენიშვნა: სტატიის დანარჩენ ნაწილში ნიტს შევცვლით შემდეგი შესატყვისით – უმუშევარი – იგულისხმებიან 16-დან 24 წლამდე ასაკის უმუშევარი ახალგაზრდები).
(შენიშვნა: GCSE არის საშუალო განათლების ზოგადი სერტიფიკატი – აკადემიური კვალიფიკაცია კონკრეტულ საგნებში, რომელსაც 14-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები ინგლისში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში იღებენ. მოსწავლეები ამ კურსებს ორი წლის განმავლობაში სწავლობენ და გამოცდებს მე-11 კლასის ბოლოს აბარებენ).
„გამაფრთხილებელი ნიშნები ძალიან ადრეული ასაკიდანვე ჩანს. გულწრფელად რომ ვთქვათ, სკოლამდელი ასაკიდანაც კი“, – თქვა მან.
„ამიტომ, დაწყებითმა სკოლებმა აუცილებლად უნდა გამოავლინონ ბავშვები, რომლებსაც უმუშევრად (Neet – არ არიან დასაქმებულები, არ სწავლობენ ან არ არიან ტრენინგებში ჩართული) დარჩენის რისკი აქვთ. ხოლო საშუალო სკოლები და სხვა სამსახურები უნდა ჩაერიონ, მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ ამ ახალგაზრდებს სხვა გზაზე დადგომაში“.

დუბლინში ვიზიტის დროს მიცემულ ინტერვიუში, „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილმა ჯანდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ რეკომენდაცია შევა მის საბოლოო ანგარიშში ბრიტანეთის ახალგაზრდების უმუშევრობის კრიზისის შესახებ.
უმუშევრობის ზრდის ყველაზე დიდი ტვირთი ბრიტანელ ახალგაზრდებზეა, რადგან 16-დან 24 წლამდე ასაკის უმუშევრის სტატუსის მქონე პირთა რიცხვმა – ანუ მათმა რაოდენობამ, ვინც არ არიან დასაქმებულები, არ სწავლობენ ან არ არიან ტრენინგებში ჩართული – 2026 წელს მილიონს გადააჭარბა, რაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოხდა.
ეს მაჩვენებელი, რომელიც რვა ახალგაზრდიდან ერთს შეადგენს, მნიშვნელოვნად უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მკვეთრი ზრდისა და შრომის ბაზრის რთული მდგომარეობის ფონზე.
მილბერნის მიმოხილვა იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი „ლეიბორისტული პარტიიდან“, ენდი ბერნემი, ახალგაზრდების დასაქმების კრიზისის მოგვარებას მთავრობის დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტად აყენებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრობის პირველ კვირებში განხორციელებულ ცვლილებებს ტექნიკური განათლებისა და სტაჟირების მოდერნიზების მიზნით.
„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა, მილბერნმა განაცხადა, რომ სოციალური უზრუნველყოფის რეფორმა მისი საბოლოო ანგარიშის კრიტიკულ წერტილს შეადგენს, თუმცა დასძინა, რომ ახალგაზრდებისთვის შეღავათების გადახდის შეზღუდვის ნებისმიერ ნაბიჯს თან უნდა ახლდეს განათლების, ჯანდაცვისა და დასაქმების მხარდაჭერის უფრო მაღალი დონე.
მისი შეფასებით, ფუნქციონირებადი სისტემა ახალგაზრდებს სამსახურის პოვნაში დაეხმარებოდა.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეს განათლება; ეს მხარდაჭერა. ჩვენ უნდა შევქმნათ შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის; ჩვენ უნდა გავუადვილოთ ახალგაზრდებს სამსახურის შოვნა“, – თქვა მან.
„და შესაძლებლობებთან ერთად, რა თქმა უნდა, გარკვეული ვალდებულებებიც უნდა არსებობდეს“.
პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა კი განაცხადა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს, ახალგაზრდების დასაქმების მხრივ ბრიტანეთის სავალალო მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმირება მოახდინოს, თუმცა იგი ასევე აპირებს ახალგაზრდებისთვის მეტი მხარდაჭერის გაწევას.
ირლანდიის რესპუბლიკაში ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში გამოსვლისას, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირში უმუშევრობის მაჩვენებლების ყველაზე სწრაფი კლება დაფიქსირდა, მილბერნმა განაცხადა, რომ ძალიან ხშირად, ახალგაზრდების ჩართულობის შეწყვეტა 16 წლის ასაკამდე დიდი ხნით ადრე იწყებოდა.
მან აღნიშნა, რომ ეს შეიძლება დაიწყოს ბავშვის სკოლის კართან მისვლამდეც კი და ხაზი გაუსვა ბრედფორდში ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, ბავშვები, რომლებიც 4-დან 5 წლამდე ასაკში სკოლისთვის მზად არ იყვნენ, თითქმის სამჯერ უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი, რომ 16-17 წლის ასაკში „უმუშევრის“ სტატუსი მინიჭებოდათ.
„ჩვენ ვიცით, რა კორელირებული ფაქტორები არსებობს [ბავშვისთვის, რომელიც უმუშევრად ჩამოყალიბების რისკის ქვეშაა] – იქნება ეს სიღარიბე, ფსიქიკური ჯანმრთელობა თუ მზრუნველობაში ყოფნა. ჩვენ არ ვაკეთებთ ამ ცოდნის გამოყენებას და მის მოქმედებად გადაქცევას.“
მის საბოლოო ანგარიშში ასახული წინადადების თანახმად, ინგლისის სკოლებს მოეთხოვებათ დაწყებითი სკოლის დამთავრებისთანავე ბავშვის უმუშევრის სტატუსის მოპოვების რისკის დადგენა, მათ შორის, დასწრების ჩანაწერების გამოყენებით.
განათლების დეპარტამენტს ასევე მოეთხოვება მოსწავლის დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპების განახლება, რათა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ინგლისში სკოლებში ყველაზე დაუცველი ბავშვების მხარდაჭერისთვის მიღებული დამატებითი თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ბავშვების რეპეტიტორობისა და მენტორობის სქემებისთვის, ვინც უმუშევრად გახდომის რისკის ქვეშაა.
ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ პანდემიის შემდეგ სკოლიდან გაცდენების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, რადგან იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც მუდმივად აცდენენ – ისინი აცდენენ სასწავლო დროის სულ მცირე მეათედს – თითქმის გაორმაგდა და 2024 და 2025 წლებში 1.3 მილიონ მოსწავლეს მიაღწია. ასევე მკვეთრად გაიზარდა სერიოზული გაცდენების – გაკვეთილების ნახევრის გაცდენების – და მუდმივი გაცდენების მაჩვენებლები.
მილბერნის მაისში გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში გაფრთხილება იყო იმის შესახებ, რომ მუდმივი გაცდენები დაკავშირებული იყო იმის 3.9-ჯერ უფრო მაღალ რისკთან, რომ ახალგაზრდა 16-დან 18 წლამდე ასაკისთვის უმუშევარი გახდეს და 6.3-ჯერ უფრო მაღალ რისკთან, რომ ახალგაზრდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებს შემოსავლის მიღებას ან სწავლას.
„ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ, რადგან ჩვენ – ეს ქვეყანა და ახალგაზრდები – ვიხდით წარუმატებლობის ფასს“, – თქვა მილბერნმა.