ჯანმრთელობა და მედიცინა

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს იმაზე გაცილებით ნაკლებ ხანს სძინავთ, ვიდრე მათ მშობლებს ჰგონიათ

ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდ-აილენდის შტატის ბევრ ბავშვს იმაზე ნაკლები სძინავს, ვიდრე მათ მშობლებს წარმოუდგენიათ, ხოლო ლათინოამერიკელი ბავშვები ყველაზე ნაკლებ დროს ისვენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მშობელი ვარაუდობს, რომ ბავშვის ლოგინში დაწოლა მის სწრაფად ჩაძინებას ნიშნავს, ბრაუნის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად ეს ასე არ არის.

ჟურნალ „Frontiers in Pediatrics“-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ერთი კვირის განმავლობაში დაწყებითი სკოლის 102 მოსწავლის ძილის რეჟიმს დააკვირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების 83% მიიჩნევდა, რომ მათ შვილს საკმარისად სძინავდა, ძილის თვალთვალის აპარატებმა აჩვენა, რომ ბავშვების მხოლოდ 14% აკმაყოფილებდა ძილის ეროვნულ მითითებებს. ეს დასკვნები კიდევ უფრო ზრდის შეშფოთებას, რომ ამერიკელი ბავშვები საჭირო რაოდენობის ძილს ვერ იღებენ.

„რასაც მშობლები ხშირად ვერ ამჩნევენ, ისაა, თუ რამდენი ხანი სჭირდებათ ბავშვებს იმისათვის, რომ ჩაეძინოთ, ან რამდენად ხშირად იღვიძებენ ისინი ღამით“, – თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა და ბრაუნის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, დიანა ეს გრიგსბი-ტუსენმა.

შუქის გამორთვის შემდეგ მომხდარი მოვლენების უკეთ გასაგებად, მკვლევრებმა მაჯაზე დასამაგრებელი აქსელერომეტრები გამოიყენეს ბავშვების ძილის დროის, ჩაძინებისთვის საჭირო დროის, გაღვიძების სიხშირისა და ძილის დროის თვალყურის დევნებისთვის. მშობლები ყოველდღიურად ავსებდნენ გამოკითხვებსა და ძილის დღიურებს. გრიგსბი-ტუსენის თქმით, მიზანი იყო იმის დანახვა, თუ რამდენად კარგად ემთხვეოდა მშობლების აღქმა მათი შვილების რეალობას.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის მონაცემებით, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ღამე 9-დან 12 საათამდე უნდა ეძინოთ. აქსელერომეტრების მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალოდ, ბავშვები მხოლოდ 8 საათსა და 20 წუთს იძინებდნენ. თუმცა, მშობლები აცხადებდნენ, რომ მათ შვილებს ცხრა საათზე მეტხანს ეძინათ.

მონაცემების შესწავლის შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს სხვაობა იმ დროით იყო განპირობებული, რომელსაც მშობლები არ ითვალისწინებდნენ. ბავშვები ღამეში საშუალოდ 38 წუთზე მეტხანს ფხიზლად იყვნენ, მშობლები კი აცხადებდნენ, რომ მათი შვილები ღამით ფხიზლად ხუთ წუთზე ნაკლებ ხანს იყვნენ.

რასობრივი და ეთნიკური უთანასწორობა ძილის რეჟიმებში

ძილში რასობრივი და ეთნიკური უთანასწორობის უკეთ გასაგებად, რაც გრიგსბი-ტუისანის თქმით, ძილის კვლევებში იშვიათად არის გათვალისწინებული, მკვლევრებმა შეისწავლეს ლათინოამერიკული და არალათინოამერიკული წარმოშობის ბავშვებს შორის განსხვავებები – კვლევაში მონაწილეთა 56% ლათინოამერიკული წარმოშობის იყო. მათ აღმოაჩინეს, რომ ლათინოამერიკული წარმოშობის ბავშვები ღამეში საშუალოდ რვა საათზე ოდნავ მეტს იძინებდნენ, ხოლო არალათინოამერიკული წარმოშობის ბავშვები – რვასაათნახევარს. კვლევაში მონაწილე ლათინოამერიკული წარმოშობის ბავშვების მხოლოდ 4.4% აკმაყოფილებდა ძილის ეროვნულ მითითებებს, მაშინ როცა არალათინოამერიკული წარმოშობის ბავშვებში ეს მაჩვნებელი 22.8% იყო.

კვლევამ ასევე შეისწავლა, იცოდნენ თუ არა მშობლებმა ძილთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. მაგალითად, ლათინოამერიკელ ბავშვებზე მზრუნველები სხვა ჯგუფებთან შედარებით უფრო ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ძილი პრობლემას წარმოადგენდა და ამბობდნენ, რომ მათ შვილს ძილის შენარჩუნება უჭირდა. ამასობაში, არალათინოამერიკელი მშობლები ძილის პრობლემებს ნაკლებად ახსენებდნენ.

ორივე ჯგუფის მშობლები, გადაჭარბებულად აფასებდნენ ხოლმე იმას, თუ რამდენ ხანს ეძინათ მათ შვილებს.

გუნდის თქმით, ზოგიერთი დასკვნა შეიძლება აიხსნას კულტურული ფაქტორებით, როგორიცაა გვიან დაძინება, ერთად ძილი და ოთახის გაზიარება, რაც უფრო ხშირია ლათინოამერიკული წარმოშობის ოჯახებში. ამ ფაქტორებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც ძილის ქცევაზე, ასევე მშობლების აღქმაზე. ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალი კვლევები შეისწავლის, თუ როგორ მოქმედებს სახლის გარემო და აღზრდის სტილი ბავშვების ძილის რეჟიმზე.

„ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ ძილის შესახებ ოჯახებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაა საჭირო, რათა მისი მრავალი ასპექტი გავიგოთ“, – თქვა გრიგსბი-ტუსენმა.

კვლევის ჯგუფმა, რომელშიც ბრაუნის უორენ ალპერტის სამედიცინო სკოლისა და ბრაუნის უნივერსიტეტის ჯანდაცვის როდ აილენდის საავადმყოფოს მეცნიერები შედიოდნენ, ასევე აღნიშნა მაჯის მოწყობილობების შეზღუდვები, რომლებიც ყოველთვის არ ასხვავებენ ფხიზელი დასვენებისა და ძილის პერიოდებს. ეს ნიშნავს, რომ თვალთვალის მოწყობილობებმაც შეიძლება გადაჭარბებულად შეაფასონ ბავშვების ძილის პერიოდი.

ბავშვების ძილის გასაუმჯობესებლად, მკვლევრებმა ოჯახებს პროაქტიული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

„ეს ნიშნავს ჯანსაღი ძილის ჩვევების მხარდასაჭერად დადასტურებული რჩევების დაცვას და ყველაფრის კეთებას, რაც, ჩვენი აზრით, ადამიანებს საუკეთესოდ დასვენებაში ეხმარება: ძილის წინ რუტინას, ძილისა და გაღვიძების თანმიმდევრულ გრაფიკის დაცვას – შაბათ-კვირასაც კი – ფიზიკური აქტივობის და დღის განმავლობაში ბუნებრივ სინათლესა და მწვანე სივრცეებში ყოფნის წახალისებას, ძილის წინ ეკრანებთან დროის შეზღუდვას და კომფორტული ძილის გარემოს შექმნას“, – განაცხადა გრიგსბი-ტუსენმა.