დღეს იწყება 15 წლის მალაიზიელი ბიჭის სასამართლო პროცესი, რომელსაც ბრალად ედება დედაქალაქ კუალა-ლუმპურის გარეუბანში მდებარე ბანდარ უტამას საშუალო სკოლაში 2025 წელს თანაკლასელი გოგონას დანით მკვლელობა. გახმაურებულმა საქმემ სოციალური მედიის ბავშვებზე ზემოქმედების შესახებ დებატები გამოიწვია.
ბრალდების მხარე პირველ მოწმედ იმ პათოლოგანატომს დაიბარებს, რომელმაც 16 წლის მსხვერპლის გვამი გაკვეთა.
ასევე მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის დედაც მისცემს ჩვენებას. მოელიან, რომ იგი გარდაცვლილი ქალიშვილის ფოტოებს და სხვა მტკიცებულებებს წარადგენს.
მოწმეებს შორის არიან სკოლის მასწავლებლებიც, რომლებიც ასევე ელოდებიან დაკითხვას.
უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის, ადლინ აბდულ მაჯიდის თავმჯდომარეობით სასამართლო პროცესი რვა დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მოზარდი, რომლის საჯაროდ იდენტიფიცირება ან ფოტოს გადაღება შეუძლებელია, რადგან ის არასრულწლოვანია, სასამართლო დარბაზში პუნჩაკ ალამის არასრულწლოვანთა დაკავების დაწესებულებიდან მიიყვანეს.
ბიჭს ბრალი 2025 წლის ოქტომბერში 16 წლის იაფ შინგ სუენის სასტიკ მკვლელობაში ედება. გოგონა დედაქალაქ კუალა-ლუმპურის გარეუბანში მდებარე საშუალო სკოლის ტუალეტში, დანით რამდენჯერმე მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს. მისმა დედამ, ვონგ ლი პინგმა, განაცხადა, რომ მსხვერპლს კისრიდან ბარძაყამდე 200-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ბიჭი, რომელიც იმ დროს 14 წლის იყო, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მას ათწლეულების განმავლობაში ციხეში ყოფნა ემუქრება.
გამოძიების დროს, პოლიციამ ეჭვმიტანილის ჩანთიდან ორი დანა და კერამბიტი ამოიღო – პატარა, მოხრილპირიანი დანა, რომელიც ხშირად ასოცირდება საბრძოლო ხელოვნებასთან.
პოლიციამ ადრე განაცხადა, რომ ეჭვობდნენ, რომ ბიჭზე გავლენა შესაძლოა, სოციალურ მედიას მოეხდინა.
პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ დაკავების დროს მასთან ჩანაწერი იპოვეს. ჩანაწერის სავარაუდო შინაარსის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური მედიის როლის შესახებ უფრო ფართო დისკუსია გამოიწვია.
მალაიზიის კანონმდებლობის თანახმად, ბიჭის საჯაროდ იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანია.
გამომდინარე იქიდან, რომ იგი არასრულწლოვნია, თუ დამნაშავედ ცნეს, მას სიკვდილით დასჯა არ ემუქრება. თუმცა, მას მაინც შესაძლოა 30-დან 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ასევე, გაშოლტვაც ემუქრება. მალაიზიაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 10 წლიდან იწყება.
ამ შემთხვევამ ქვეყანა ღრმა შოკში ჩააგდო და მთელი ქვეყნის მასშტაბით დისკუსია გამოიწვია სოციალური მედიის ბავშვებზე უარყოფითი გავლენის შესახებ, განსაკუთრებით კი მანოსფეროსა და ინცელების კულტურის ზემოქმედებაზე. (განმარტება – მანოსფერო არის ონლაინ ჯგუფების ქსელი, რომლებიც იზიარებენ ანტიფემინისტურ შეხედულებებს და ხელს უწყობენ მამაკაცთა დომინირებას ქალებზე და ავრცელებენ ქალების მიმართ ღრმა მტრულ დამოკიდებულებას. ინცელების კულტურა — შემოკლებული ტერმინი „უნებლიე ცელიბატი“ — ამ ქსელის უკიდურესი ნაწილია. ინცელები არიან მამაკაცები, რომლებიც გაბრაზებულები არიან, რადგან ვერ პოულობენ რომანტიკულ ან სექსუალურ პარტნიორებს. ისინი ხშირად ადანაშაულებენ ქალებსა და ფემინიზმს თავიანთი წარუმატებლობის გამო“.
ზოგიერთმა ეს საქმე Netflix-ის სერიალს „ყრმობას“ შეადარა, რომელიც მსგავს თემებს იკვლევს, რომლებიც მოზარდ ბიჭებს, ონლაინ რადიკალიზაციასა და ძალადობას ეხება.
2025 წელს მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ანვარ იბრაჰიმს ამ საქმის, ასევე სკოლებში ძალადობის სხვა ბოლოდროინდელი შემთხვევების შესახებ ჰკითხეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი თქმით, „თითქმის ყველა ეს პრობლემა მობილური ტელეფონებისა და სოციალური მედიის გამოყენებას უკავშირდება“ და მან პირობა დადო, რომ უფრო მკაცრ ზომებს მიიღებდა.
ხელისუფლებამ მას შემდეგ ახალი წესები დაამტკიცა, რაც, მათი თქმით, ბავშვებს დაიცავს და შეამცირებს მავნე ონლაინ შინაარსის ზემოქმედებას მათზე.
2026 წლის ივნისიდან მალაიზიაში 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ძირითად სოციალურ ქსელებში ანგარიშების ქონა აუკრძალეს.