განათლება მსოფლიო

სკოლის ფორმების მოკლე ისტორია მსოფლიოში – უნიფორმები სათავეს მე-13 საუკუნის ინგლისიდან იღებს

სკოლის ფორმების დანერგვა შეიძლება აქტუალური თემა იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ახალი კონცეფცია. მოსწავლეები საუკუნეების განმავლობაში ატარებენ სკოლის ფორმებს მთელ მსოფლიოში. ჩაუღრმავდით სკოლებში ფორმების საინტერესო ისტორიას და იმას, თუ რატომ გაჩნდა ისინი თავიდანვე.

ინფორმაცია სკოლის უნიფორმების შესახებ ინგლისში

ისტორიული ინფორმაციის უმეტესობა ინგლისზე მიუთითებს, როგორც თანამედროვე სკოლის უნიფორმების დასაწყისზე.

ადრეული უნიფორმები

„ბრიტანიკის“ თანახმად, სტანდარტიზებული სამოსის განათლებაში გამოყენების პირველი ჩანაწერის დაფიქსირება შესაძლოა, ინგლისში 1222 წელს მომხდარიყო, როდესაც  კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა მოსწავლეებს მანტიის მსგავსი სამოსის ტარება დაავალა, რომელსაც „cappa clausa “ ერქვა. თუმცა, თანამედროვე სასკოლო ფორმის წარმოშობა მე-16 საუკუნის ინგლისში იწყება, როდესაც Christ’s Hospital-ის პანსიონში მოსიარულე გაღატაკებული „ქველმოქმედი ბავშვები“ ყვითელ წინდებთან ერთად ლურჯ მოსასხამებს ატარებდნენ, რომლებიც სასულიერო პირების ანაფორების მსგავსი იყო. ამის გამო, საქველმოქმედო სკოლებს, როგორიცაა Christ’s Hospital-ი, მეტსახელად „ლურჯი მოსასხამი“ შეარქვეს.

კერძო და მოსამზადებელი სკოლის ფორმები

მოგვიანებით, სკოლის ფორმები საზოგადოების მაღალ ფენასთან ასოცირდებოდა, რადგან კერძო და მოსამზადებელმა სკოლებმა მათი გამოყენება უფრო მეტად დაიწყეს. ამ სკოლებში ფორმები წარმოუდგენლად ფორმალური იყო. მაგალითად, ProCon.org აღნიშნავს, რომ პრესტიჟული იტონის კოლეჯის მოსწავლეები 1972 წლამდე ვალდებულნი იყვნენ უნიფორმის ტარებისას შავი ცილინდრი ხურებოდათ და ფრაკები სცმოდათ.

თანამედროვე ტენდენციები

დღეს ინგლისში დაწყებით და საშუალო სკოლებში ბევრ მოსწავლეს ფორმის ტარება მოეთხოვება. ტრადიცია თავდაპირველად სკოლებში იდენტობისა და ერთიანობის განცდის შესაქმნელად იყო განკუთვნილი. BBC-ის ცნობით, სკოლის ფორმები მოსწავლეებისთვის თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, მიუხედავად მათი მშობლების ქონებისა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ფორმები უფრო თანამედროვე გახდა. სქელი ქსოვილისგან დამზადებული პიჯაკისა და ჰალსტუხის ტრადიციული ფორმის ნაცვლად, სტანდარტულად იქცა სკოლის ფერებში შეღებილი მაისურები, პოლოს მაისურები და სვიტერები. ზოგიერთ სკოლაში ასევე იცვამენ ერთფეროვან შარვლებს ან ჯინსებს.

მეორე მხრივ, ზოგიერთმა სკოლამ აირჩია, რომ ყველაფერი ისე შეენარჩუნებინა, როგორც ეს ასობით წლის განმავლობაში იყო. BBC-ის ცნობით, Christ’s Hospital-მა 2014 წელს მოსწავლეთა გამოკითხვა ჩაატარა და 95%-მა ტრადიციული ფორმის შენარჩუნებას მისცა ხმა, მთავარ მიზეზად კი სკოლის სიამაყე დაასახელა.

ამერიკის შეერთებული შტატები: საჯარო სკოლის ფორმები და დავა მის გარშემო

აშშ-ში სკოლის ფორმების გამოყენება 1900-იანი წლების დასაწყისში დაიწყო სამრევლო და კერძო სკოლებში, თუმცა საჯარო სკოლებმა ფორმების გამოყენება მხოლოდ 1980-იან წლებში დაიწყეს.

აშშ-ის პირველი საჯარო სკოლები, რომლებმაც უნიფორმების პოლიტიკა დანერგეს, 1987 წლის შემოდგომაზე მერილენდსა და ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში იყო, სადაც ყველაზე მეტი პოპულარობა  ბალტიმორში, მერილენდის შტატში, ჩერი ჰილის დაწყებით სკოლამ მოიპოვა. ეს ადრეული უნიფორმების პროგრამები ნებაყოფლობითი იყო, მაგრამ 1987 წლის დეკემბრის „ნიუ-იორკ თაიმსის“  რეპორტაჟის თანახმად, მშობლების უმეტესობა მხარს უჭერდა ამ იდეას და „თითქმის ყველა“ მოსწავლე ატარებდა ფორმებს. სკოლის ხელმძღვანელებმა და ახალი უნიფორმების პოლიტიკის სხვა დამცველებმა აღნიშნეს მოსწავლეთა „განწყობის“ გაუმჯობესება და განაცხადეს, რომ უნიფორმებმა „მკვეთრად შეამცირა დისციპლინის პრობლემები“. მათ ასევე განაცხადეს, რომ უნიფორმებმა „უკვე შეამცირა მოსწავლეთა ძვირადღირებული დიზაინერული ტანსაცმლით სკოლაში სიარულისადმი ინტერესი და შეამსუბუქა ფინანსური ტვირთი, რომელიც მოსწავლეთა ოჯახებს ეკისრებოდათ“. ბალტიმორში უნიფორმების პოლიტიკის წარმოშობა დაკავშირებულია 1986 წელს მომხდარ სროლასთან, რომლის დროსაც ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლე 95-დოლარიანი მზის სათვალეების გამო ჩხუბის დროს დაიჭრა.

1988 წლის შემოდგომისთვის ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, 39 საჯარო დაწყებით სკოლასა და ორ საჯარო ქვედა საშუალო სკოლაში შემოიღეს სავალდებულო უნიფორმები და მალე ეს მოძრაობა გავრცელდა სხვა შტატებში, მათ შორის კონექტიკუტსა და ნიუ ჯერსიში, ძირითადად ქალაქის სკოლებში, სადაც უმტესწილად დაბალი შემოსავლის მქონე და უმცირესობების წარმომადგენელი ოჯახების მოსწავლეები ცხოვრობდნენ. 1988 წელს  ნიუ-იორკის მაშინდელმა მერმა, ედ კოხმა, მხარდაჭერა გამოხატა სკოლის უნიფორმების მიმართ და თქვა, რომ ისინი ხელს უწყობენ „საერთო პატივისცემას და აუმჯობესებენ სასწავლო გარემოს“. უნიფორმების საპილოტე პროგრამა ნიუ-იორკში 1989 წელს დაინერგა.

სტატისტიკა, რომელიც მხარს უჭერს უნიფორმების გამოყენებას

სკოლის ფორმები აშშ-ის საჯარო სკოლებში პოპულარობის მოპოვებას მხოლოდ 1994 წლიდან იწყებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სასკოლო ოლქი, რომელმაც ყველა K-8 მოსწავლეს ფორმის ტარება მოსთხოვა,  1994 წლის იანვარში კალიფორნიის შტატის ლონგ ბიჩის  გაერთიანებული სასკოლო ოლქი იყო. იმავე წლის ბოლოს, კალიფორნიის გუბერნატორმა პიტ უილსონმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ოფიციალურად აძლევდა სკოლებს სავალდებულო ფორმის პოლიტიკის განხორციელების უფლებას. ახალი კანონის შესაბამისად, ლონგ ბიჩის მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა უარი ეთქვათ ამ პოლიტიკაზე. ლონგ ბიჩის გაერთიანებული სასკოლო ოლქმა წარმომადგენლის მეშვეობით განაცხადა, რომ ამ პოლიტიკის სტიმული რეგიონში ბანდების აქტივობამ მისცა: „აშშ-ს ყველა დიდი ქალაქი შეშფოთებულია ბანდების გამო. მათი ტანსაცმელი ნამდვილად დაშინების არაოფიციალური ფორმაა.“

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლონგ-ბიჩში ერთ-ერთი სკოლის კვლევამ სკოლის ფორმის პოლიტიკის სარგებლიანობის შესახებ არსებული მტკიცებების დასადასტურებლად გარკვეული სტატისტიკური ინფორმაცია მოგვაწოდა.

PBS-ის ცნობით, კალიფორნიის სკოლის დასკვნები მოიცავდა დანაშაულის 36%-ით შემცირებას, სკოლებში ძარცვის 50%-ით შემცირებას და სექსუალური დანაშაულების 74%-ით შემცირებას.

შერეული დასკვნები

თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ლონგ-ბიჩის კვლევის შედეგებს ეწინააღმდეგება, რადგან ფორმების ტარება იზოლირებულად განხორციელებული ცვლილება არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა შეზღუდულია, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ბოლოდროინდელი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სკოლის ფორმებს შესაძლოა რეალურად უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მოსწავლეებზე.

აშშ-ში სკოლის ფორმები კვლავ დავის საგანია — შეზღუდული კვლევა და შერეული შედეგები ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს საბოლოო პასუხები.

უნიფორმების პოპულარობა იზრდება

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში სკოლის უნიფორმებთან დაკავშირებით მრავალი კანონმდებლობა არსებობს, ამჟამად არ არსებობს შტატი, რომელიც მათ კანონით მოითხოვს ან კრძალავს. განათლების სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2017–2018 სასწავლო წელს საჯარო სკოლების მხოლოდ 20% მოითხოვდა უნიფორმას. (ეს არის უახლესი კვლევა ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის იმ საჯარო სკოლების რაოდენობის შესახებ, რომლებიც უნიფორმას ითხოვენ).

ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ დაწყებითი სკოლები საშუალო სკოლებთან შედარებით უფრო მეტად ახორციელებენ უნიფორმების პოლიტიკას, ისევე როგორც ქალაქის სკოლები გარეუბნებისა და სოფლის სკოლებთან შედარებით. განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში იზრდება იმ სკოლების რაოდენობა, რომლებიც მოსწავლეებს უნიფორმების ტარებას ავალდებულებენ.

ერთიანი ისტორია მთელ მსოფლიოში

მსოფლიოს თითოეულ ნაწილს განსხვავებული წარსული აქვს სკოლის უნიფორმებთან დაკავშირებით.

სკოლის ფორმები ავსტრალიაში

1920-იან წლებში ავსტრალიაში, ისევე როგორც ინგლისში, ბიჭებს ხშირად ხედავდნენ სკოლაში მოკლე შარვლებითა და ქუდებით. მთავარი განსხვავება ის იყო, რომ ავსტრალიაში ბიჭები სკოლაში, როგორც წესი, ფეხშიშველნი დადიოდნენ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ავსტრალიაში უნიფორმები გაცილებით უფრო ყოველდღიური გახდა. დღეს ეს ყოველდღიური სტილი სულ უფრო და უფრო ნორმად მკვიდრდება ავსტრალიის სკოლებში. The Uniform Company-ის თანახმად, „უფრო ტრადიციული სკოლები, როგორც წესი, ფორმალურ იერსახეს ირჩევენ პიჯაკებით, ჰალსტუხებითა და გრძელი წინდებით. თუმცა, ზოგიერთ სკოლაში შეიძლება მოსწავლეებს მხოლოდ შესაბამისი სპორტული კოსტუმისა და ჩოგბურთის ფეხსაცმლის ტარება მოსთხოვონ“.

სკოლის ფორმები აფრიკაში

აფრიკაში მისიონერების მოღვაწეობამ ქვეყანაში სკოლის ფორმების ისტორიას დაუდო სათავე. ფორმები მისიონერულ სკოლებში მოსწავლეების ქუჩაში მორბენალი ბავშვებისგან განსხვავების საშუალებად გამოიყენებოდა. აფრიკაში მეორე მსოფლიო ომამდე და მის შემდეგ სკოლის ფორმები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტოტალიტარულ სახელმწიფოებში. ფორმები ახალგაზრდების რეკრუტირებისა და კონტროლის საშუალებად გამოიყენებოდა.

დღეს, სკოლის ფორმა, ალბათ, აფრიკაში უფრო გავრცელებულია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილას, მიუხედავად მისი ზოგჯერ უარყოფითი კონოტაციისა. საერთოობის განცდა არის ის, რაც აქ სკოლის უნიფორმების მასობრივად დანერგვას უწყობს ხელს.

სკოლის ფორმები ჩინეთში

ჩინეთმა ფართოდ აითვისა სკოლის ფორმები მე-19 საუკუნეში, როგორც თანამედროვეობის სიმბოლო. ადრეული ფორმები დაფუძნებული იყო დასავლურ მოდაზე, რომელიც ტრადიციულ ჩინურ სამოსთან იყო შერწყმული. ქვეყნის საკუთარი ისტორიის ამგვარმა ჩართვამ ფორმები სხვა ქვეყნების ფორმებისგან განასხვავა.

წარსულში ჩინური სკოლის ფორმები კრიტიკის ქარცეცხლში იყო გახვეული, რადგან ისინი მოსაწყენი იყო და ბიჭებისა და გოგონების სტილებს შორის განსხვავება არ იკვეთებოდა. სადღეისოდ, უნიფორმების სტილზე უფრო მეტად გავლენას ახდენს კორეული მოდა, სადაც გოგონები ბაფთებს, ბლუზებსა და შოტლანდიურ ქვედაბოლოებს ატარებენ, ხოლო ბიჭები კოსტიუმებსა და ჰალსტუხებს.

სკოლის ფორმები იაპონიაში

იაპონია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებიც პირდაპირ არ არიან შთაგონებულნი ტრადიციული ინგლისური სასკოლო ფორმებით. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო ფორმების გამოყენება 1900-იან წლებამდე არ იყო გავრცელებული, ფორმები ახლა იაპონიაში საკმაოდ ფეხმოკიდებულია. აქაური სასკოლო ფორმები ფრანგული და პრუსიული სამხედრო ფორმების მოდელით იყო შექმნილი.

სკოლის ფორმები იაპონიაში გაჩნდა, როგორც სხვა ქვეყნებისთვის იმის ჩვენების საშუალება, თუ რამდენად თავაზიანები არიან იაპონელები. გოგონების ფორმები მეზღვაურების, ხოლო ბიჭების – არმიის ფორმების მოდელი იყო. იაპონიაში მოსწავლეებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ფორმა სკოლის გარეთ ატარონ რამდენიმე უფრო პერსონალური შტრიხით.