მსოფლიო ამბები

განათლების მინისტრის გადადგომის შემდეგ ინდოეთში „ტარაკნების“ საპროტესტო აქცია შეწყდა

განათლების მინისტრის თანამდებობიდან დჰარმენდრა პრადჰანის გადადგომის შემდეგ, ინდოეთის „ტარაკნების ჯანტას პარტიამ“ (CJP) ხუთკვირიანი საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა.

ბოლო კვირების განმავლობაში ახალგაზრდების დემონსტრაციები გაიმართა დედაქალაქ ნიუ დელიში და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. ისინი ინდოეთის ყველაზე კონკურენტული მისაღები საგამოცდო ნაშრომების სავარაუდო გაჟონვას აპროტესტებდნენ და განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

მედიის ცნობით, დაახლოებით ორი მილიონი სტუდენტი დაზარალდა ტესტების სავარაუდო გაჟონვით, რაც ასევე დაკავშირებულია სტუდენტების რამდენიმე თვითმკვლელობასთანაც.

პრადჰანმა გადადგომის შესახებ განცხადება X-ზე ჰინდი ენაზე გამოქვეყნებულ პოსტში გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ „პატივს სცემს ახალგაზრდების მისწრაფებებს, ოცნებებსა და მოლოდინებს“ და ბოლო რამდენიმე დღის მოვლენებით „შეწუხებულია“.

„ჯანტარ მანტარსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით – ანტიეროვნული ძალების მიერ მისი გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ეროვნული ერთიანობის შესანარჩუნებლად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არც ერთი ინდოელი სტუდენტის მომავალი არ გაიხლართოს სამართლებრივ სირთულეებში და ჩვენს შვილებს საშუალება მიეცეთ, დრო დაუთმონ სწავლას და ყურადღება გაამახვილონ კარიერის შექმნაზე – პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადება გადავეცი “, – დაწერა მან X-ზე.

როგორც კი პრადჰანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, აშკარად ემოციურმა აბჰიჯიტ დიპკემ, „ტარაკნების ჯანტას პარტიის“ დამფუძნებელმა, ჯანტარ მანტარის დროებითი სცენიდან იყვირა: „ჩვენ ეს შევძელით“.

ხმამაღალი ოვაციები გაისმა და დიდი ზეიმი დაიწყო, მომიტინგეები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, სლოგანებს გაჰყვიროდნენ და ერთმანეთს ტკბილეულს ურიგებდნენ.

მას შემდეგაც კი, რაც საპროტესტო აქციების ლიდერებმა პირველი ემოციების გამოხატვის შემდეგ ადგილი დატოვეს, ხალხი იქ მაინც გვიანობამდე იყო შეკრებილი.

მოძრაობას ხელმძღვანელობდა აბჰიჯიტ დიპკე, 30 წლის პოლიტიკური კომუნიკაციების სტრატეგი და ბოსტონის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი.

როგორც BBC წერს, „ტარაკნების ჯანტას პარტიამ“ ინტერნეტში სწრაფად მოიპოვა უამრავი მიმდევარი და ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მწერი დაუმორჩილებლობისა და მდგრადობის სიმბოლოდ აქცია – Instagram-ზე 26 მილიონი გამომწერით.

მოგვიანებით, იმავე დღეს, „ტარაკნების ჯანტას პარტიის“ დამფუძნებელმა, აბჰიჯიტ დიპკემ, რომლის მოძრაობამაც სახელი ინდოეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უმუშევარი ახალგაზრდების ტარაკნებთან შედარების შემდეგ დაირქვა, განაცხადა, რომ დემონსტრაციები შეწყდება. ჯგუფმა დასძინა, რომ მთავრობამ მათი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მომიტინგეები თავდაპირველად განათლების რეფორმებს მოითხოვდნენ, თუმცა მას შემდეგ მოძრაობა უმუშევრობის, მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების უფრო ფართო იმედგაცრუების გამოძახილად იქცა.

ეს ნარენდრა მოდის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად იქცა მას შემდეგ, რაც ის 2014 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა.

ათასობით მომიტინგე ქუჩებში დაბრუნდა მას შემდეგაც კი, რაც პოლიციამ გასულ დღეებში პარლამენტში შეღწევის მცდელობისას მსვლელობის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

ბრიტანული Sky-ის ცნობით, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მოდის წარმომადგენლებს ბოლო შეხვედრაზე სამი მოთხოვნა წაუყენეს.

პირველი – განათლების მინისტრის, პრადჰანის უპირობო გადადგომა იყო – „ყოველგვარი განხილვის გარეშე“. ლაზარუსის თქმით, მეორე  მოთხოვნა ეხებოდა „კომპენსაციას იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთა სიცოცხლეც საგამოცდო ტესტების გაჟონვამ შეიწირა, ხოლო მესამე – პოლიციის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ საქმეების უკან წაღებას“.

პროტესტის შესამცირებლად, ხელისუფლებამ შეზღუდა ინტერნეტზე და ზოგიერთ მეტროსადგურზე წვდომა.

აღშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც პოლიციამ 20 ივლისს მომიტინგეებს ხელკეტებით სცემა, დაზიანებები მიაყენა სტუდენტებს და გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.

განათლების მინისტრის პოსტიდან გადამდგარი 57 წლის დჰარმენდრა პრადჰანი პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის პარტიის, „ბჰარატია ჯანატას“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერია და აღმავალ ფიგურად მიიჩნეოდა.

როგორც BBC შენიშნავს, 2014 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნარენდრა მოდის მთავრობა იშვიათად იტანდა განსხვავებულ აზრს და მკაცრად ახშობდა საპროტესტო აქციებს, სწორედ ამიტომ პრადჰანის გადადგომა ინდოეთში დიდ მოვლენად აღიქმება.

თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა მასშტაბურ პროტესტს წააწყდა და არც პირველი შემთხვევაა, როდესაც ის იძულებული გახდა, უკან დაეხია. 2021 წელს, ფერმერების ერთწლიანი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ გააუქმა სოფლის მეურნეობის შესახებ კანონები.

სტუდენტების პროტესტმა ინდოეთის საშუალო კლასის დიდ ნაწილში რეზონანსი გამოიწვია, რომელიც რელიგიურ, კასტურ თუ სექტორულ იდენტობებს სცილდება და ხალხი ინდოეთში განათლების შესაძლებლობებისა და სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამო აღშფოთებას გამოთქვამს.

მთავრობაზე ზეწოლა გაიზარდა 20 ივლისს ძალადობრივი დარბევის შემდეგ, როდესაც პოლიციამ და ნახევრად სამხედრო ძალებმა ხელკეტები და ხის ჯოხები გამოიყენეს ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალების საცემად და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მათ დასაშლელად.

დაახლოებით 300 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. პოლიციის ცნობით, დაშავებულთა სულ მცირე ნახევარი დაცვის თანამშრომლები იყვნენ და ასევე დააკავეს დაახლოებით 70 მომიტინგე – მათი უმეტესობა გირაოთი გაათავისუფლეს.

თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მომიტინგეების იგნორირების შემდეგ, მოდიმ 23 ივლისს საბოლოოდ დაარღვია დუმილი და განაცხადა, რომ „საგამოცდო დოკუმენტების გაჟონვაში ჩართული პირები სასწრაფოდ და მკაცრად დაისჯებიან“.

იმავე საღამოს, მოდიმ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საგამოცდო ნაშრომების გაჟონვასთან დაკავშირებით ახალი, მკაცრი კანონი მზადდება. მან თქვა, რომ მიიღო კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში მალე წარდგენენ.

სოციალურ მედიაში მოდის დამცინავი ათასობით პოსტი გავრცელდა.

პრადჰანის გადადგომის შემდეგ, „ტარაკნების ჯანტას პარტიის“ დამფუძნებელმა დიპკემ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

მან თქვა, რომ ისინი განაგრძობენ ბრძოლას იმ სტუდენტების ოჯახებისთვის კომპენსაციის მისაღებად, რომლებმაც გამოცდების შედეგების გააუქმებისა და მისი ხელახლა ჩატარების გადაწყვეტილების შემდეგ თავი მოიკლეს.

მან ასევე კვლავ მოუწოდა პოლიციის იმ თანამშრომლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ, რომლებიც მან 20 ივლისს პარლამენტისკენ მსვლელობის მცდელობისას პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა.

„გახსოვდეთ, უმჯობესია ტარაკანს არ შეეხოთ“, – დასძინა მან.

ინდოეთში მასობრივი ახალგაზრდული პროტესტი სამედიცინო უნივერსიტეტებში მისაღები ეროვნული გამოცდების სკანდალი გახდა. მედიის ცნობით, აბიტურიენტთა ნაწილისთვის ხელმისაწვდომი გახდა საგამოცდო საკითხები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ გაიყიდა.

საბოლოოდ, ხელისუფლებამ გამოცდების შედეგები გააუქმა და მისი ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინოზე მაღალი კონკურენციაა – 130 ათასამდე ადგილისთვის ორ მილიონზე მეტი მსურველი იბრძოდა.