მსოფლიო ამბები

ინდოეთში ათასობით ახალგაზრდა ისევ საპროტესტო აქციას მართავს და განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვს

პოლიციასთან ძალადობრივი შეტაკებიდან ერთი დღის შემდეგ, 21 ივლისს, ინდოეთის ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული „ტარაკნების“ მოძრაობის ათასობით მხარდამჭერმა დელიში საპროტესტო აქცია გამართა, მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის დაპირებისა, რომ დასჯის სამედიცინო უნივერსიტეტის მისაღები ეროვნული გამოცდების ტესტების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის უკან მდგომ პირებს.

„როიტერსის“ ცნობით, დელიში, ჯანტარ მანტარის საპროტესტო ადგილას 5000-ზე მეტი მომიტინგე შეიკრიბა მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრის, დჰარმენდრა პრადჰანის გადადგომის მოთხოვნით გამართული მსვლელობა 20 ივლისს პოლიციასთან ძალადობრივი შეტაკებით დასრულდა.

მოდის განცხადება, რომელიც მისი კაბინეტის მინისტრმა გაავრცელა, ამ თემაზე მისი პირველი კომენტარი იყო მაისში სამედიცინო უნივერსიტეტში ეროვნული მისაღები  გამოცდების ტესტების გაჟონვის შემდეგ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეროვნული მისაღები  გამოცდების ტესტების შესახებ ინფორმაციის გაჟონვამ 2 მილიონ ახალგაზრდაზე მოახდინა გავლენა და ათეულობით სტუდენტი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ახალგაზრდების რისხვა და გამოცდებთან დაკავშირებული პროტესტი პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთვის მისი მესამე ვადის განმავლობაში ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა.

პოლიციის ცნობით, დელის ცენტრში შეტაკებების შედეგად თითქმის 180 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 118 დაცვისა და პოლიციის თანამშრომელი და 60 მომიტინგე.

თავდაპირველად, როგორც სატირული მოძრაობის, „ტარაკნების ჯანტას პარტიის“ (CJP) დამფუძნებელმა განაცხადა, რომ 150-ზე მეტი მომიტინგე საავადმყოფოში მკურნალობს.

„როიტერსმა“ დამოუკიდებლად ვერ შეძლო დაშავებულთა რაოდენობის გადამოწმება მას შემდეგ, რაც პოლიციამ მომიტინგეებს ხელკეტებით სცემა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მათ დასაშლელად.

ოპოზიციის ლიდერი რაჰულ განდი დააკავეს

ინდოეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, კონგრესის რამდენიმე ათეულმა წევრმა, მათ შორის რაჰულ განდიმ და მისმა დამ, პრიანკა ვადამ, 21 ივლისს მოდის სახლთან ცოტა ხნით გააპროტესტეს დარბევა, სანამ პოლიცია მათ დააკავებდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ANI.

ANI-ს ვიდეოჩანაწერებში ჩანს განდი, რომელსაც თავისი საფირმო თეთრი მაისური და ხაკისფერი შარვალი აცვია, გზაზე წევს და ეწინააღმდეგება მისი ტერიტორიიდან გაძევების მცდელობებს, როდესაც პოლიციელები მის აწევას ცდილობდნენ.

შემდეგ მათ აჩვენეს, თუ როგორ მიჰყავდათ იგი პოლიციის ავტობუსით მისი პარტიის სხვა წევრებთან ერთად.

ერთ-ერთ მომიტინგეს ეჭირა პლაკატი წარწერით „დემოკრატიას სისხლი სდის, როდესაც ხმებს ახშობენ “.

ტელევიზიით გადაღებული კადრების მიხედვით, პოლიციამ კონგრესის რამდენიმე წევრი დააკავა.

პარლამენტის საქმეთა მინისტრის, კირენ რიჯიჯუს თქმით, მოდიმ თავისი მმართველი ალიანსის კანონმდებლებს განუცხადა, რომ მთავრობამ დაუყოვნებლივ იმოქმედა გამოცდებზე დარღვევების შესახებ შეტყობინებების მიღებისთანავე და 13 ადამიანი დააპატიმრეს.

მოდის თქმით, ხელახალი გამოცდა წარმატებით ჩატარდა.

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა… რომ იმისათვის, რომ ახალგაზრდების მომავალი საფრთხის ქვეშ არ დადგეს… ყველა უნდა გაერთიანდეს, რათა მკაცრი ზომები იქნას მიღებული, დამნაშავეები დაისაჯონ და უხარვეზო სისტემა შეიქმნას“, – განაცხადა რიჯიჯუმ.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ ისინი აღარ აპირებენ მსვლელობის გამართვას

„ტარაკნების ჯანტას პარტიის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გააგრძელებს მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტს, თუმცა პარლამენტისკენ მსვლელობას არ გამართავს, რადგან შიშობს, რომ პოლიცია მის მხარდამჭერებს კვლავ სცემს.

რამდენიმეთვიანმა მოძრაობამ მილიონობით ახალგაზრდის, Z თაობის ინდოელის მხარდაჭერა მოიპოვა, რომლებიც  განათლების მინისტრის, დჰარმენდრა პრადჰანის გადადგომას მოითხოვენ. მთავარი მოსამართლე აცხადებს, რომ მაისში მისაღები გამოცდების ტესტების გაჟონვა განათლებაში ღრმად ფესვგადგმული კორუფციის ნიშანი იყო.

მოძრაობა „ტარაკნების ჯანტას პარტიის“ (CJP-ის) დამფუძნებელმა აბჰიჯიტ დიპკემ ბოდიში მოუხადა მხარდამჭერებს, განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც, მისი თქმით, მამაკაცმა პოლიციელებმა სცემეს. ახალგაზრდულ მოძრაობას ეს სახელი მას შემდეგ დაირქვა, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პროტესტის მონაწილეები „ტარაკნებად“ მოიხსენია.

დელის პოლიციის განცხადებით, მომიტინგეებმა „გამოავლინეს ურჩი, აგრესიული და ძალადობრივი ქცევა“ და „განზრახ დაარღვიეს მოქმედი ამკრძალავი ბრძანებები“.

მოძრაობა გაძლიერდა აქტივისტ სონამ ვანგჩუკის მხარდაჭერის შემდეგ, რომელმაც 28 ივნისს შიმშილობა დაიწყო, თუმცა 18 ივლისს პოლიციამ იგი იძულებით გადაიყვანა საავადმყოფოში.